სუსი: 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს „ჯეოსთილმა“
“სს „საქართველოს რკინიგზამ“ ორ ეტაპად – 2020 წლის 8 თებერვალსა და 9 სექტემბერს გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომლებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს „კახეთი“”,- ამის შესახებ სუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების ცნობით, 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს „ჯეოსთილმა“.
“იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით, ერთ-ერთი პირი, სს „საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით, უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად, აწონის გარეშე და ზოგ შემთხვევაში, დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას. შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა მის სს „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსიდან ჩამოწერას.
შპს „კახეთის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, დავით ფერაძის ორგანიზებით, სს „საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიებიდან, დასაწყობების ნაცვლად, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ჩაბარება. პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები – შპს „კახეთის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს „ნოვა ტრანსის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს „ჯადექსას“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი და შპს „სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი. ამავდროულად, სს „საქართველოს რკინიგზის“ გვერდის ავლით რეალიზებული შავი ლითონის ნაწილის დანაშაულებრივი წარმომავლობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის, ასევე ტრანსპორტირება/რეალიზაციის გაადვილებისა და დანაშაულში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებულ იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.
ამდენად, ზემოაღწერილი დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს „ჯეოსთილმა“. შპს „ჯეოსთილისგან“ მიღებული თანხა აკუმულირდა შპს „ნოვა ტრანსისა“ და შპს „ჯადექსას“ საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება”,- განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის” ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა.