დედაქალაქის მერმა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკვერი,  „გეგეშიძის ბაღი“ დაათვალიერა.
კახა კალაძის თქმით, სკვერის არეალი გაფართოვდა და რეაბილიტირდა.

„გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. პატარა დეტალები არის გასაკეთებელი, რომელსაც ხვალ მთლიანად დაასრულებენ.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რადგან თვითონ ეს ბაღი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებდა განახლებას. თქვენ იცით, რომ აქ „ბურგერ ბარი“ იყო, რომელიც აღებულია და ამ ბარის ადგილზე მწვანე სივრცე მოეწყო, რითაც უფრო გაფართოვდა ბაღის არეალი. ერთადერთი, რაც დარჩა, არის კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი, რომელიც თაბაშირითაა გაკეთებული და ბრინჯაოში ჩამოისხმება. პროექტი მომავალ წელს განხორციელდება, რაც ჩვენი დაპირება იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა თანამედროვე საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და შადრევანი, ხოლო თარგების გამწვანების მიზნით ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 600 ძირი, სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი.
განხორციელებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 800 000 ლარს. გაწეულ სამუშაოებს, ასევე, ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი – ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წევრი – ლევან ჯაფარიძე და ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები