ვაზისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, 3 400 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაზისუბანში, 3 400 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის განახლება დაიწყო, – განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საუბარია ვაზისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, ჯუმბერ ლეჟავასა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის სრულად განახლებაზე, სადაც ამჟამად ვითარება კრიტიკულია.

„ყურადღების მიღმა არ გვრჩება რეკრეაციისა და მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის საკითხი. ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით უკეთესობისკენ რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ქალაქი და ჩვენი დამოკიდებულებაც – გაჩნდა ბევრი რეკრეაციული არეალი, მოწესრიგებული პარკები და სკვერები, რაშიც აქტიურად ჩართულები არიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და რაიონული გამგეობები. ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის და ეს ტენდენცია, მიდგომა და დამოკიდებულება იქნება შენარჩუნებული მომავალშიც. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჯერად ვაზისუბანში, 3 400 კვ.მ ფართობზე დაიწყო. საუბარია აღნიშნული დასახლების მე-3 მიკრორაიონში, ჯუმბერ ლეჟავასა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩებს შორის მდებარე სკვერის სრულად განახლებაზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული სივრცეები; შეიცვლება ამორტიზებული საბაღო ინვენტარი; დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემები და მოეწყობა ავტომატური სარწყავი ქსელი. ასევე, დაირგვება ხე-მცენარეები და დაიგება ბალახი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები