დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელა. პროექტი კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

„2023 წლის ბიუჯეტი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე რა ტენდენციები გვაქვს ქვეყანაში, შესაბამისად, მომდევნო წლის პროგნოზების განსასაზღვრად ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება დღეს ქვეყნის ეკონომიკაში”, – განაცხადა მომხსენებელმა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა 2022 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე და მასში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წლევანდელი რეალური ეკონომიკური ზრდა, 8 თვის მაჩვენებლით, არის 10.3% და სწორედ ამ მონაცემიდან გამომდინარე ხდება მომდევნო წლის დაგეგმვა.

„2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია ეკონომიკის 5%-იან ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრულია 79,6 მლნ ლარით. მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24,3 მილიარდი ლარი იქნება, რაც საშუალებას იძლევა, რომ ყველა ძირითადი მიმართულებით ქვეყანამ უპასუხოს არსებულ გამოწვევებს,” – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებელმა კონკრეტული მონაცემები წარადგინა ყველა ძირითად მიმართულების და უწყებების დაფინანსების მოცულობების თაობაზე. ისაუბრა საგადასახადო შემოსავლების, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შესახებ. გიორგი კაკაურიძემ სამინისტროების მიხედვით გათვალისწინებული ასიგნებები წარმოადგინა. მისი განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასი 20%-ით გაიზრდება, რისთვისაც ბიუჯეტში 290,0 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა. განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290,0 მლნ ლარზე მეტით, და მასწავლებლების და მანდატურის ხელფასები 125 ლარით გაიზრდება. მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 6 მილიარდ ლარზე მეტი, გათვალისწინებულია ხელფასების რაოდენობის 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში.

„ნაერთი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი პარამეტრებია საბიუჯეტო დეფიციტი და მთავრობის ვალი. ჩვენ წელსაც მნიშვნელოვნად შევამცირეთ დეფიციტი და მომდევნო წელს ვვარაუდობთ, რომ დეფიციტი 3%-იანი ზღვრის დაბლა უნდა იყოს მშპ-სთან შედარებით. რაც შეეხება ვალის მაჩვენებელს, ის მომდევნო წელსაც კლებულობს და მშპ-ს 38.8% იქნება”, – განაცხადა მომხსენებელმა.

მან სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია და განისაზღვრება 21, 3 მილიარდი ლარის ოდენობით.

„საკომიტეტო განხილვებზე მოვისმენთ თქვენს წინადადებებს და საბოლოოდ გადამუშავებული ვერსიაში კიდევ შეიძლება დაიხვეწოს პროექტი, მაგრამ მთავარი, რაც არ შეიცვლება ამ კანონპროექტში, ესაა დეფიციტის მაჩვენებელი, რომელიც პროექტშია წარმოდგენილი, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება შემცირებისკენ გადავდგათ გარკვეული ნაბიჯი,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. კითხვა პასუხის ამოწურვის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები