ნანა კაკაბაძე – „ოპოზიციის მოთხოვნაა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი“ ბიძინა ივანიშვილზე იქნეს მორგებული, ეს ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებას სცილდება“

„ოპოზიციის მოთხოვნაა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი“ ბიძინა ივანიშვილზე, ანუ გვარ-სახელზე იქნეს მორგებული“, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მოთხოვნა ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებას სცილდება.

„იცით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით 12 რეკომენდაცია გამოგვიგზავნეს, რომელიც საქართველოს მხარემ უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი რეკომენდაცია ოლიგარქიზაციის შესახებ კანონია. ანუ, საუბარია იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით შეიძლება, განისაზღვროს, არის თუ არა პირი ოლიგარქი, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოხდეს. მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა, ეს პირველად უკრაინაში იქნა გამოყენებული. სწორედ ვენეციის კომისიის მხარდაჭერით და მოწონებით იქნა მიღებული კანონი, რომელიც დღეს უკრაინაში მუშაობს. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამ 12-პუნქტიან რეკომენდაციებში ნახა, რომ ერთ-ერთი ოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებაა, ბუნებრივია, ის საშუალება გამოიყენა, რომელიც უკვე არის. არსად, გარდა უკრაინისა, ეს პრაქტიკა არ არსებობს. უკრაინაში რაც არის, ევროპარლამენტისგან, ევროპის კომისიისგანაა მოწონებული. ბუნებრივია, საქართველოს მხარემ ამ კანონის თარგმნა და გაზიარება გადაწყვიტა. თუმცა, ამას ოპოზიციური ფლანგი ძალიან დიდი წინააღმდეგობით შეხვდა, ასევე, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ოპოზიციური პარტიების დანამატები არიან. ისინი ამ კანონის მიღებს უარყოფითად შეხვდნენ იმიტომ, რომ ცხადია, არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილი, რომლის წინააღმდეგაც, ფაქტობრივად, ოპოზიცია ფიქრობდა, ამ ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების საკითხი გამოეყენებინა. ანუ, ოლიგარქიზაციის შესახებ კანონის გამოყენებას ისინი ბიძინა ივანიშვილზე გეგმავდნენ, მაგრამ როდესაც აღმოჩნდა, რომ უკრაინის კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერცერთ კრიტერიუმში ვერ ჯდება, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ამ კანონზე უარი თქვან. მათი მოთხოვნა ფაქტობრივად არის ის, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილზე, ანუ გვარ-სახელზე იქნეს მორგებული. ასეთი მოთხოვნა ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებას, სტანდარტს სცილდება და, ფაქტობრივად, ჩვენს იმ ორიენტაციასაც სცილდება, რისთვისაც ევროპისკენ მივისწრაფვით. გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ, მივისწრაფვით იქითკენ, სადაც ეს ღირებულებები ყველაზე მაღალი სიმაღლეზე უნდა იყოს, მაგრამ უეცრად რას ვხედავთ: ზოგიერთი ევროპარლამენტარის პირიდანაც გვარ-სახელის გაჟღერება მოხდა. ასევეა ოპოზიციაც. ისინი ერთ ხმაში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ, თურმე, ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს უნდა მოერგოს. იცით რა გამახსენა ამ მოთხოვნამ? კომუნისტების დროს, უფრო სწორად, 30- იანი წლების ბოლშევიკების დროს ასეთი გამოთქმა არსებობდა – „მთავარია იყოს ადამიანი, საქმე ყოველთვის იარსებებს“, ანუ საქმეს ყოველთვის შეთხზავ. ზუსტად ეს მიდგომა გამახსენა ამ ყველაფერმა. მთავარია, არსებობს ბიძინა ივანიშვილი, ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ოპოზიციას, იმ ძალას, რომელსაც ამ ქვეყანაში ეს ოპოზიცია წარმოადგენს და უცბად დადგა საკითხი, რომ, თურმე, კანონი ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს უნდა მოვარგოთ. იმ კრიტერიუმებში, რაც ოლიგარქის განმსაზღვრელია, ბიძინა ივანიშვილი არ ჯდება და, თურმე, როგორღაც ეს ივანიშვილს უნდა მოვარგოთ. ეს ბოლშევიკური აზროვნებაა.
რადგან ბიძინა ივანიშვილი არ ჯდება იმ კრიტერიუმებში, რომელიც კანონშია მითითებული და განსაზღვრას, ვინ არის ოლიგარქი, ისინი ფიქრობენ, რომ კანონში უნდა ჩაისვას ისეთი რამ, როგორიცაა, ვთქვათ, „გავლენის მოხდენა“. ასეთი რამის მტკიცებულების მოპოვება წარმოუდგენელია. რისი მტკიცებულების მოპოვებაც შეიძლება, ის კანონშია ასახული.
გავლენას ჩვენი წინაპრებიც ახდენდნენ საზოგადოების განვითარებაზე. ეს ოლიგარქია კი არ არის“, – განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, კანონის ერთ პირზე მორგების მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან გაზიარებული არ უნდა იყოს.

„იმედია, დღევანდელ საქართველოში ეს გაზიარებული ვერ იქნება. მოთხოვნა იმისა, რომ ისეთი კანონი არსებობდეს, რომელიც მხოლოდ 1 პირზე შეიძლება, იყოს მიღებული, არის ზუსტად ის მიდგომა, რომელიც 30-იანი წლების ბოლშევიკებში იყო. ეს არის ის, რის წინააღმდეგაც უნდა ილაშქრებდეს პარლამენტის ჯანსაღი ნაწილი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაც. დღეს თუ ვიღაცას თუნდაც იმის პიარი გასდის, რომ ლაპარაკობს, მოდი, ერთ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს მოვარგოთ კანონი, რადგან ის დღეს არის ბარიერი, წინაღობა იმისა, რომ საქართველოში ვერ იხსნება მეორე ფრონტი, ვერ ხდება ქვეყნის ჩამოშლა, ვერ ხდება პარლამენტში შეჭრა, ხელისუფლების დამხობა და ამის გამო ჩვენ ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამხოთო, თუ ამას საზოგადოება რაღაცნაირად შეეგუება, ვფიქრობ, ეს დღეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ის, რომ ასეთ ბოლშევიკურ მოთხოვნებს აყენებს ის ძალა, რომელსაც ოპოზიციური დაარქვეს. რეალურად ის შეიძლება, კრიმინალურ ძალად იწოდოს, რომელმაც პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის პირველივე დღიდან დაგვანახა, რომ მხოლოდ კრიმინალური მეთოდებით ახერხებენ, იყვნენ პოლიტიკაში და მოიპოვონ ძალაუფლება. ისინი 9 წლის განმავლობაში ძალადობით ახერხებდნენ, ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. ახლა ოპოზიციაში არიან და ვხედავთ, რომ მათი მიტინგები, მანიფესტაციები ხშირად გამოხატვის თავისუფლებას სცილდება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებითაც ვნახეთ, რომ ეს კრიმინალური ძალა გამოხატვის თავისუფლებას გასცილდა, იგივე პარლამენტში შეჭრის მცდელობის დროს, რაც ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. ევროპულმა სასამართლომაც თქვა, რომ ისინი ასეთი ძალადობრივი გზით გამოხატვის, მიტინგების და მანიფესტაციების თავისუფლების უფლებას გასცდნენ. ასეთი ძალა დასავლეთის მხრიდან აღქმულია, როგორც პოლიტიკური ძალა. მათ არ აქვთ ის შეფასება, რომელიც რეალურად უნდა ჰქონდეთ. ანუ შეფასება, რომ ეს კრიმინალური ძალაა. გამრუდებული სარკის პრინციპით წარმოდგენილმა რეალობამ, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში დასავლეთის მხრიდან ჰქონდა ადგილი, საქართველოში ანტიდასავლური განწყობები გააჩინა“, – განაცხადა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ ერთადერთი მოქმედი კანონი უკრაინას აქვს და ის ამიტომ ითარგმნა.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ მიღება არის ევროკავშირის რეკომენდაცია. ჩვენ როგორც რეკომენდაციების დანარჩენ პუნქტს, ამასაც შევასრულებთ. დეოლიგარქიზაციის შესახებ ერთადერთი მოქმედი კანონი აქვს უკრაინას – შესაბამისად, ჩვენ უკრაინული კანონი ავიღეთ, პირდაპირ გადმოვთარგმნეთ და სამუშაო ჯგუფში წარვადგინეთ, რათა მისი ქართული ანალოგი შეიქმნას.

ოპოზიციამ, რომელიც აქამდე სულ ოლიგარქიზაციის პრობლემაზე საუბრობდა, აღნიშნული კანონის მიღებაზე უარს ამბობს.
კანონს ოთხი ძირითადი პრინციპი აქვს, რომელიც ადგენს, თუ ვის შეიძლება, დაერქვას ოლიგარქი. ეს კრიტერიუმებია: პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მედიის დაფინანსება, ბაზარზე დომინანტური წილი იმ ქვეყანაში, სადაც ხარ და 85 მილიონის ქონა – ვისაც შეეხება, მას შეეხება. ვინც ამ ოთხ კრიტერიუმს დაექვემდებარება, სანქციები მის მიმართ გატარდება.
ოპოზიციის რეაქციებით ვხვდებით, რომ კანონი მათ დამფინანსებლებს შეეხებათ და მისი მიღება ამიტომაც არ უნდათ.
ერთადერთი პრეცედენტი, ვისაც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი გააჩნია, არის უკრაინა – რაც უკრაინულ კანონში წერია, ჩვენ ის გადმოგვაქვს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები