თენგიზ ფხალაძე: ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კარგად ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რომელიც ახლა მსოფლიოშია

“ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კარგად ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რომელიც ახლა მსოფლიოშია. რეალობა იცვლება, სრულიად სხვა მოთხოვნები დგება, თუ ქვეყანა ამ შანსს არ გამოიყენებს, შეიძლება ის დიდხანს არ მოგვეცეს”,- ამის შესახებ ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ფხალაძე ინტერვიუში ამბობს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გონივრული მოქმედებების დროა.

“როდესაც ახალი ტიპის მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე ვსაუბრობთ, მისი შექმნის ან მონაწილე უნდა ვიყოთ, ან დავემორჩილოთ იმას, რაც შეიქმნა, იმის მიუხედავად, მისაღები იქნება თუ არა ჩვენთვის. ამიტომ ვიაქტიუროთ და თამამად, ოღონდ გონივრულად ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს რაც შეეხება ხელისუფლებას… ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების სისუსტის ფონზეც კი ვერ მოახერხა ვითარებისთვის ახალი იმპულსის მიცემა, იმიტომ, რომ დაქსაქსულია, შიდაკინკლაობით არის დაკავებული და პროგრესული დღის წესრიგის შემუშავებზე არც ფიქრობს. “ოცნება” სწორედ იმის ხარჯზე ინარჩუნებს ხელისუფლებას, რომ ოპოზიციაა უბადრუკი.

რუსეთს პროვოკაციის მოსაწყობად მიზეზი არ სჭირდება და ეს არაერთხელ დაამტკიცა, კიბერთავდასხმა იქნება, დეზორიენტაცია, დეზინფორმაცია, მეხუთე კოლონის გააქტიურება თუ სხვა რამ, რასაც ის წლებია საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესარყევად აკეთებს. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საზოგადოების დეზორიენტირება, მისი წინააღმდეგობის უნარის დასუსტება და უმწეობის განცდის შექმნა. წლებია ასე მუშაობს და, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ უშედეგოდ. დღეს ის უკრაინაზეა გადართული, მაგრამ არც ბორდერიზაცია და არც ჰიბრიდული თავდასხმები შემცირებულა. საფრთხეები გაიზარდა და ამის დასტურია გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული განახლებული საზღვაო დოქტრინა, რომელშიც განსაზღვრულია ქვეყნის სანაპირო საზღვრები, ნატო და აშშ კი მთავარ საფრთხეებად არიან მოხსენიებული. პუტინმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და დაუყოვნებლივ შედის ძალაში. დოქტრინის ავტორების მტკიცებით, შტატებს აქვს ზღვებზე დომინაციის სურვილი და რამდენიმე სახელმწიფოს პრეტენზია აქვს რუსეთის ტერიტორიაზე. დოქტრინა განსაკუთრებით სახიფათოა შავი ზღვის რეგიონის, კონკრეტულად, საქართველოსთვის.

ამ დროს კი ხელისუფლება-ოპოზიციის კინკლაობა, ყაველაშვილის რაზმის აბსურდული განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიწროპოლიტიკური ინტერესების გარდა, არაფერი გვაინტერესებს, ეს კი საფრთხეს აათმაგებს… პარალელურად, იზრდება ეკონომიკური დამოკიდებულება, აქტიურდება მეხუთე კოლონა, ჩვენ ყველანაირ წინა პირობას ვქმნით, რომ კრემლმა მიზანს მიაღწიოს საქართველოში. ყოველთვის არ არის აუცილებელი სამხედრო ოპერაცია, ჰიბრიდული ომის საფრთხე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგე არ ჩანს, მაგრამ ქვეყნის მშენებლობას საფრთხეს უქმნის. ამ დროს ქართული პოლიტიკური სპექტრი ან მიძინებულია, ან ერთმანეთის ჩაძირვას ცდილობენ. უკრაინაში ომი იმის გარანტია არ არის, რომ რუსეთი საქართველოზე აიღებს ხელს, პირიქით, უფრო აგრესიული ხდება და ამას არც მალავენ. მედვედევი იქნება, ლავროვი თუ თავად პუტინი ამაზე პირდაპირ ლაპარაკობენ. არც დოკუმენტებს მალავენ, რომლებშიც რუსეთის საგარეო პოლიტიკაა ასახული. რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნას, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, საფრთხე ყოველთვის რეალურია. 34 წლის შემდეგ შესაძლოა ევროპაში კიდევ ერთხელ დადგეს ბირთვული აფეთქების საფრთხე. ატომური ელექტროსადგურის კომპლექსს კრემლი ფარად იყენებს და მხოლოდ უკრაინას კი არა, ევროპასაც აშანტაჟებს. რუსეთს არც თავისი და მით უფრო, სხვისი მოქალაქეების სიცოცხლე არაფრად უღირს, ამიტომ მსგავსი ფაქტები გაგრძელდება, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ცივილიზებული მსოფლიო ვერ მიაღწევს იმ ზონის დემილიტარიზაციას. ახლა იქ სიტუაციას ვერავინ აკონტროლებს და არავინ იცის, ბირთვული გაჟონვის საფრთხე რამდენად სახიფათოა. არა მგონია, საერთაშორისო სპეციალისტების შეშფოთება უსაფუძვლო იყოს. რუსეთი გააგრძელებს სახიფათო თამაშებს.

სადამდე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაძლიერდება მასზე პოლიტიკური წნეხი. თუ ეს არ მოხდა, რუსეთი, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი აქვს, ჩაყოლას ჩათრევას ამჯობინებს და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს კი არა, ყველა გზას გამოიყენებს მსოფლიოს დასაშანტაჟებლად. როგორც ვარაუდობენ, კრემლის მიზანია სადგური ყირიმის ქსელს შეუერთოს, რის გამოც უკვე დააზიანეს სამი ელექტროგადამცემი ხაზი და ახლა მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს, რაც სახიფათოა მისი გამართულად მუშაობისთვის. ღმერთმა ნუ ქნას, ბირთვული კატასტროფა მოხდეს, თორემ ჩერნობილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ზაპოროჟიეს სადგურის მწყობრიდან გამოსვლას შეიძლება მოჰყვეს. ეს უკვე ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც უკრაინის კი არა, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ამ სფეროს არეგულირებს, მაგრამ რუსეთი ხომ არავითარ დოქტრინას არ ცნობს. ასე რომ, საფრთხე რეალურია. სადგურის ტერიტორიას მარტიდან რუსული შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. თუ ჭკუა აქვთ, თავადვე უნდა ცდილობდნენ სამხედრო ოპერაციების აღკვეთას, რადგან ერთი მცირედი შეცდომა და რისკები მასშტაბურია, მაგრამ რუსეთი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მზად არის. ამ მძიმე ვითარებაში გარდატეხის შეტანა მხოლოდ სპეციალური ღონისძიებით შეიძლება. უნდა გამკაცრდეს სანქციები, პარალელურად კი უკრაინის დახმარება. მიმდინარეობს კიდეც ამაზე მუშაობა ევროკავშირსა და შტატებში, რუსეთის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, ცალკეული კომპანიებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის შეზღუდვების დასაწესებლად. რაღაცების გათვალისწინებით გადაწყვეტილების შესრულება ჭიანურდება. სანამ ყველა გავლენიანი პირი და მათი ოჯახის წევრები არ იგრძნობენ ომისა და მისი თანმდევი პროცესების გამო პასუხისმგებლობას, სასურველი შედეგი არ დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ოლიგარქებში უკვე ძლიერდება ანტიპუტინისტური განწყობები, მაგრამ ეს კრემლის საგარეო პოლიტიკაზე არ აისახება.

ახლა ექსპერტები ლაპარაკობენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, მხოლოდ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე კი არა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც, მაგრამ ეს ერთი კაცის გადასაწყვეტი არ არის, კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხია. ასეთ გადაწყვეტილებას, თუნდაც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიშის მიტანაზე, მხოლოდ პუტინი არ იღებს. მხოლოდ პუტინის გარემოცვასა და გენერალიტეტს არ ვგულისხმობ, არიან ქვეყნები, რომლებიც რუსეთის წნეხიდან ვერ გამოდიან, მაგალითად, უნგრეთი, ბელარუსი და სხვები, მაგრამ თუ რუსეთი კიდევ და კიდევ გადაკვეთს “წითელ ხაზებს”, მას თანდათან შემოეცლება ლოიალურად განწყობილი ქვეყნები. შესაბამისად, მას შემდგომი სვლების საშუალება აღარ დარჩება, მაგრამ ახლა ამაზე არ ფიქრობს, განწირული ფართხალებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ჩაიყოლოს… ბოლო ხანებში გააქტიურდნენ მიშუსტინი და სრულიად უავტორიტეტო მედვედევი, რაც ნიშნავს, რომ კრემლში სიტუაცია იცვლება და მორიგი უსახო პირი უნდა აღმოცენდეს, რომელსაც სისტემა ძველებურად ათამაშებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც პუტინის შეცვლის შემთხვევაში რუსეთი უკეთესი გახდება”,- განაცხადა ფხალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები