დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონპროექტზე მუშაობს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით, „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონპროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საჯარო შესყიდვების სფეროს რეფორმას უნდა დაედოს საფუძვლად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად, საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში ორდღიან გასვლით სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა შეხვედრის მეორე დღე შემდეგი თემების განხილვას დაუთმეს: ევროკავშირის ახალი ჰოლისტიკური, პრაგმატული და რაციონალური მიდგომები; მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფცია; ევროდირექტივის მიხედვით აღსრულების პროცედურების საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, ტექნიკა და ინსტრუმენტები; „საჯარო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული სიახლეების ძირითადი არსი და გამოწვევები; ,,საჯარო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები. სამუშაო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ახალი კანონპროექტი საჯარო შესყიდვების სფეროში ახალი რეგულაციების დანერგვას ითვალისწინებს, რომლებიც ევროდირექტივებიდან გამომდინარეობს.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის, ნატალია ბერუაშვილის განცხადებით, საჯარო შესყიდვების შესახებ რეფორმა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის და ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების პროცესს და მნიშვნელოვანია, რომ ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით გამართული სამუშაო შეხვედრა ფართო დისკუსიის ფორმატში გაიმართა.
„USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას. ზუსტად აქედან გამომდინარე ჩატარდა ეს სამუშაო შეხვედრა საჯარო შესყიდვების შესახებ რეფორმასთან დაკავშირებით, სადაც როგორც ზოგადად კანონმდებლობაზე, ასევე ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა დეტალური დისკუსია. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ხელს უწყობს როგორც დიალოგის წარმართვას საჯარო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ასევე რეფორმის მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენ ხელს ვუწყობთ როგორც მეორადი კანონმდებლობის შემუშავების პროცესს, ასევე როდესაც კანონი იქნება მიღებული, მის იმპლემენტაციას, სადაც შედის როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორების გაძლიერება”, – განაცხადა ნატალია ბერუაშვილმა.
კანონპროექტის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას აღინიშნა, რომ სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” მიერ შემუშავებული ცვლილებებით, კარდინალურად რეფორმირდება ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის, ინერგება ევროდირექტივებით გათვალისწინებული ახალი ინსტიტუტები.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შედეგად, სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში.
„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გვინდა რომ ეს კანონი იყოს ისეთი, რომელიც ბიუჯეტიდან დახარჯულ თითოეულ თეთრს კონკრეტულ ადრესატამდე და კონკრეტული დანიშნულების ადგილამდე მიიტანს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ კანონით ჩვენ მივიღოთ ის ევროპული გამოცდილება, რომელიც მასშია ჩადებული. კანონი არის სრულ თანხვედრაში ჩვენს სფეროში არსებულ დირექტივებთან. კანონში არის ისეთი მუხლები, რომლებიც სავალდებულოა და მისი შეცვალა წარმოუდგენელია, მაგრამ არის მუხლები, რომლებშიც თავისუფალი არჩევანი ექნება ქვეყანას”, – განაცხადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ.
სამუშაო შეხვედრაზე განსახილველი საკითხები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებმა და საერთაშორისო კონსულტანტებმა წარადგინეს. ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ. შეხვედრის დასასრულს მონაწილე მხარეები კანონპროექტის შემდგომ განხილვასთან დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც სიახლეების შესახებ გახმოვანდა. მისის თქმით კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყებამდე, შეხვედრების ციკლი მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან კანონპროექტი ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შეიცავს და მათ დეტალურად განხილვას კანონის სრულყოფისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ორი დღე მიმდინარეობდა საჯარო -კერძო დიალოგის ფორმატის ფარგლებში მსჯელობა საჯარო შესყიდვების კანონპროექტზე, სადაც შედის უამრავი ახალი ცვლილება. ეს ახალი ცვლილებები განპირობებულია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროდირექტივების დანერგვით, რომელიც ჩვენ ვალდებულებად გვაქვს აღებული ასოცირების შეთანხმების თანახმად. მთელი რიგი ცვლილებები იგეგმება საქართველოს კანონმდებლობაში, საჯარო შესყიდვებში. ესაა ახალი ინსტიტუციების და რეგულაციების დაარსება, რამაც საბოლოო ჯამში შესყიდვების ეფექტიანობა უნდა გაზარდოს და სახელმწიფოს ეკონომიკური მოგება მისცემს.
ძალიან ბევრი ცვლილებებია და საკითხმა ცხოველი დისკუსია გამოიწვია. საკითხის განხილვაში ჩართულია უამრავი ექსპერტი და ადამიანი, რომლებიც ამ სიახლეებზე მუშაობს. ეს სიახლეები ფართო სპექტრს ეხება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაინტერესებს თუ როგორ განვითარდება მოვლენები, საბოლოოდ რა სიახლეები იქნება და როგორ დაინერგება. ამიტომ, ამ შეხვედრების ციკლს აუცილებლად გავაგრძელებთ. ბევრი სიახლე კიდევ უნდა გავარკვიოთ დეტალებში, თუ როგორ იქნება დანერგილი და რა შედეგს და რა ეკონომიკურ ეფექტიანობას მისცემს ეს ყველაფერი სახელმწიფოს”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა სამუშაო შეხვედრის შეჯამებისას.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით. კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული, ხოლო საქართველოს პარლამენტი მისი განხილვის დაწყებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.