“გიორგი კოდუას ამაო მცდელობა ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის” – ავიატორთა ჯგუფის განცხადება

თვითმარქვია ავიატორი გიორგი კოდუა, რომელსაც ავიაცია დილეტანტის დონეზეც არ ესმის, მის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ქადაგებდა, რომ თურმე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უშლის ხელს ქართული ავიაციის განვითარებას, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია, – ამის შესახებ ქართველ ავიატორთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და კოდუას მორიგი სიცრუის ტირაჟირებას ედავება.

“გიორგი კოდუას მსგავს შარლატანებს სამოქალაქო ავიაციაში ხელის ფათურს თუ შეუზღუდავენ, ქართველი ავიატორები ამას მხოლოდ მიესალმებიან.
კოდუას თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი სანქცირებულია, საქართველოს თითქოს ტრანსატლანტიკური რეისების შესრულების შესაძლებლობა მიეცემა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, უმეცრებაა.

გიორგი კოდუას საყურადღებოდ: მოსკოვი ბოლო 15-20 წელიწადის განმავლობაში საქართველოსთვის არანაირი ჰაბი არ ყოფილა. ამ ფუნქციას, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეისათვის თურქეთი (კერძოდ, სტამბოლი) ასრულებს. ეს ფუნქცია საქართველოს კოდუამ და მისმა მსგავსმა თვითმფრინავობანას მოთამაშე პერსონაჟებმა დააკარგვინეს. მართლაცდა, ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო ოცი წლის მანძილზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ცხელ-ცხელი „პერაშკებივით“ არიგებდა ოპერატორების სერთიფიკატებს. ბოლო წლებში, როგორც იქნა, ეს მახინჯი პრაქტიკა აღმოიფხვრა. ამიტომაც უწყრება გიორგი კოდუა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ რეისებს, ავიაკომპანიებისთვის ეს უაღრესად საპასუხისმგებლო და ძვირადღირებული სიამოვნებაა. კომპანიამ ამ მიმართულებებზე ფრენები რომ განახორციელოს, მას სოლიდური (მინიმუმ 7-10 წლის) გამოცდილება უნდა გააჩნდეს. ამავე დროს, მიღებული უნდა ჰქონდეს ნებართვები ამერიკიდან. ასევე, კომპანია უნდა იყოს სერთიფიცირებული. ამას გარდა, თბილისის აეროპორტს უნდა ჰქონდეს გავლილი აშშ-ის უსაფრთხოების აუდიტი და აკმაყოფილებდეს მის სტანდარტებს.
სამწუხაროდ, გიორგი კოდუა ამ საკითხებში ვერ ერკვევა, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის, რომ მისი ხმამაღალი განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანიოს. ამაოდ”, – ნათქვამია ქართველ ავიატორთა ჯგუფის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები