ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო IAEA-ს სამეცნიერო ვიზიტს მასპინძლობს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, რუმინეთის დელეგაციის სამეცნიერო ვიზიტს მასპინძლობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.
პროგრამა მოიცავს რადიოაქტიური ნარჩენების მართვისა და უსაფრთხოების სფეროს არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის – გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების გადაფუთვის ტექნოლოგიებს, ნარჩენების განთავსების ობიექტების დახურვის დაგეგმვასა და ტექნიკურ სტრატეგიებს, საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და დახურვის ღონისძიებებს, უსაფრთხოების ანგარიშების მომზადებასა და მარეგულირებელ ჩარჩოს, ასევე დახურვის შემდგომი მონიტორინგისა და გარემოს გრძელვადიანი უსაფრთხოების შეფასების სისტემებს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, ობიექტების დეკომისიაციისა და გარემოს აღდგენითი ღონისძიებების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
სამეცნიერო ვიზიტი ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესიული ცოდნის გაცვლასა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.