გიორგი ცუცქირიძე – საქართველო შედის ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ველში, სადაც გაზრდილია პოლიტიკური რისკებიც და ხელისუფლების გამოწვევებიც

მიმაჩნია, შიშები, რომ რუსეთის ბოლო გაბრძოლება, ამ ალტერნატიული დერეფნის ჩასაკეტად შეიძლება აქ მოხდეს, ზედმეტად არის გაზვიადებული, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, საქართველო შედის ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ველში, სადაც გაზრდილია პოლიტიკური რისკებიც და ხელისუფლების გამოწვევებიც.

„ „დიდი თამაშები“ და საქართველო (ნაწილი პირველი).

ჩვენ რომ თანამედროვე მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური რუკის გადანაწილების წინაშე ვდგავართ, უკრაინაში რუსული ინტერვენციის მესამე თვეს კიდევ უფრო ცხადი ხდება.

თებერვლის ბოლოს რუსული ინტერვენციის დაწყებამდეც ცხადი იყო, რომ მთავარი გლობალური მოთამაშე აშშ ჩინეთთან მომავალი ათწლეულების  დაპირისპირების, რეალურად კი ეკონომიკური და პოლიტიკური კონკურენციისათვის ემზადებოდა.

გასულ წელს ერთმანეთის მიყოლებით ორი გეოპოლიტიკური ცენტრის – AUKUS-ის (ვაშინგტონი-ლონდონი-კანბერა) და ვაშინგტონი, ტოკიო, ნიუ დელი და კანბერა ე. წ. QUAD-ის  ალიანსები იმისათვის იქმნება, რომ შეზღუდონ ჩინეთის გაფართოება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

დღეს უკვე ღიად მოჩანს, რომ ამ დიდ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში, სრული ფიასკო განიცადა პუტინის რუსეთის სურვილმა ულტიმატუმებით მოეხდინა რუსეთის გლობალურ მოთამაშედ ქცევა. რუსული ნეო იმპერიული ამბიციების ფატალური შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ შევიდა რა დასავლეთთან ღია დაპირისპირებაში, ჩინეთის იმედად, მას დაავიწყდა, რომ დასავლეთი ხშირად თვალს კი ხუჭავდა ბევრ რამეზე, თუნდაც ჩეჩნეთის გენოციდზე ან სირიის რუსულ კამპანიაზე, მაგრამ როდესაც მისი სასიცოცხლო ინტერესები დადგა კითხვის ქვეშ,  ის უკან დამხევი ვეღარ იქნებოდა.

ძალზე ნიშანდობლივია, ამ ახალი გეოპოლიტიკური ღერძების მთავარი მოთამაშის აშშ-თან ერთად, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ლიზ ტრასის განცხადება -­ჩვენ არ მოვისვენებთ, სა­ნამ პუ­ტი­ნი არ და­მარ­ცხდე­ბა უკრაინასთან ომშიო, თუმცა მანამდე არანაკლებ საინტერესო განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა – ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რა რომ რუსეთის სახელმწიფოს გაკოტრება მხოლოდ დროის საკითხია. სანქციები უფრო ძლიერად ურტყამს რუსეთის ეკონომიკას: რუსეთში საქონლისა და მომსახურების მიწოდება მკვეთრად მცირდება, დასავლურმა წამყვანმა ტრანსეროვნულმა კომპანიებმა დატოვეს ან მალე დატოვებენ აგრესორი ქვეყნის ბაზარს.

რეალობაა, რომ რუსეთის ეკონომიკა, რომელიც განსხვავებით სსრკ-ისგან არა ავტარკიული, არამედ უფრო ღია ეკონომიკის პრინციპებზე იდგა, ამ სანქციების გამო  მალე კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების გარეშე დარჩება. ზაფხულისთვის მოსალოდნელია არაერთი წარმოების შეჩერება. მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ არ ექნება იმპორტირებული კომპონენტები და იმპორტირებული სათადარიგო ნაწილები, პროდუქციის საწარმოებლად.

რუსეთის ერთადერთ კოზირად კი რჩება ენერგეტიკა. მაგრამ ევროკავშირი ამჟამად მსჯელობს იმაზე, თუ როგორ აიცილოს დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე. ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს გადადოს რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვებზე სრული ემბარგოს დაწესება, თუმცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, ამ სკეპტიკური ქვეყნების რიცხვი სულ უფრო მცირდება. ამასთან, ევროკავშირმა დაბლოკა რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცე და ახლახან დააწესა საზღვაო და სახმელეთო გზების ბლოკადა.

აპრილში ევროსაბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი გამოაცხადა. კერძოდ, აკრძალულია რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებული გემების შესვლა ევროკავშირის პორტებში.  ამ ქვეყნებში ასევე შედის დიდი ბრიტანეთი და კანადა, რომლებიც ერთი დღით ადრე შეუერთდნენ შეერთებულ შტატების ანალოგიურ მოთხოვნებს.

ეს გადაწყვეტილებები ნიშნავს ოკუპანტის თითქმის სრულ სავაჭრო იზოლაციას, რომელიც, მიუხედავად ანტიადამიანური ქმედებებისა უკრაინაში, მაინც შეეძლო ევროპის ბაზრებზე მუშაობა. ახლა ეს ვეღარ მოხდება, რადგან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზების დაკეტვის გამო.

დასავლეთის წამყვანი ექსპერტები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჯერ არ არის „სანქციების გამანადგურებელი პაკეტი“, რადგან მან დატოვა ტვირთის ნაწილი, რომელიც ქვეყანას შეუძლია განსაზღვროს, როგორც „კრიტიკული“  იმპორტი“.

ველიკოდერჟავული ამბიციებით შეპყრობილი რუსული ურდო სულ უფრო სუსტდება ომის ყოველი გასული დღის და სანქციების ყოველი პაკეტით, მაისში ყველა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით მოსალოდნელია დეფოლტების სერია, რაც რუბლის რყევას შეუქცევადს გახდის საბიუჯეტო დეფიციტის მკვეთრ გარღვევასთან ერთად.  პუტინისტურ მომაკვდავ რუსეთს უმძიმესი პერიოდი უდგას, არა თუ ომის ხანგრძლივად წარმოება, არამედ  დიდი ალბათობით შიდა რყევების და რუსული იმპერიის რამდენიმე ნაწილად რღვევის პერსპექტივაც აღარ არის არა თუ შორეული, არამედ  საშუალოვადიანი პერსპექტივა უფროა.

საქართველოც სწორედ ამ სცენარებისათვის უნდა მოემზადოს, ლიბერალური დასავლეთის უცილობო გამარჯვება გარდაუვალია, თვით ჩინეთის გადაწყვეტილებაც უარი თქვას ტრანსციმბირულ დერეფანზე და ტვირთების დიდი ნაწილი საქართველოს შუა დერეფანზე გადმოამისამართოს ყაზახეთის და აზერბაიჯანის გავლით, ამ რეალობის თავისებური ანარეკლია.

მიმაჩნია, შიშები, რომ რუსეთის ბოლო გაბრძოლება, ამ ალტერნატიული დერეფნის ჩასაკეტად შეიძლება აქ მოხდეს, ზედმეტად არის გაზვიადებული. ამ ომამდე, გაცილებით ძლიერმა და გლობალურმა მოთამაშე რუსეთმა ვერ შეძლო ვერც საქართველოს ენერგოდერეფანის დაბლოკვა, ვერც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ვერც ტრასეკას მარშრუტის ხელის შეშლა, ბევრ რამეზე მიუთითებს. მით უმეტეს დასავლეთთან ფაქტიურად კაპიტულაციის წინაშე მდგარი რუსეთი, აქ მეორე ფრონტს ვერც მისი ყოფილი მოკავშირე ჩინეთის და ვერც თურქეთის წინააღმდეგ ვერ გახსნის!

თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ ტრანსჩინური და ტრანსაზიური დერეფნების აქეთ გადმომისამართება, არ ნიშნავს ავტომატურად ტრანზიტული და ლოჯისტიკურ ჰაბად ქცევას.

საქართველო შედის რა ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ველში, პოლიტიკური რისკებიც გაზრდილია და ხელისუფლების გამოწვევებიც თავისთავად.

ქვეყანა იძენს მეტად სასიცოცხლო გეოპოლიტიკურ ფუნქციასაც, რაც ჩვენ მე-12 საუკუნიდან აღარ გვქონია, და ბევრი რამ ახლა იმაზე იქნება დამოკიდებული ქართული პოლიტიკური კლასი, რამდენად მზადაა ამ გამოწვევებისათვის. ამას მომავალ პოსტში უფრო დეტალურად შევეხები“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები