დავით ქართველიშვილი: ჯერ არ გაუთიშავთ „აპარატიდან” “ნაცები”, „ახლები” და „ლელო”, მაგრამ ნინო ლომჯარიამ უკვე გააკეთა თავისი განაცხადი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის
„ხალხის ძალის” წევრიხ დავით ქართველიშვილი ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
საქმე ეხება ლომჯარიას ხედვას იმაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ „ქართული ოცნების” დამარცხება.
დავით ქართველიშვილი არ გამორიცხავს, რომ ნინო ლომჯარიას სურს ახალი ოპოზიციური ძალის ლიდერობა და, სწორედ ამიტომ, წინასწარ წარმოადგინა საკუთარი ხედვები.
„ეს არის ნინო ლომჯარიას მოსაზრებები, როგორ უნდა დაგვამარცხონ – ამიტომ, მთელი „სერიოზულობით” გავეცნოთ.
ჯერ რატომ ვერ დაამარცხეს მოქმედი ხელისუფლება აქამდე, ამაზე გვიამბობს:
1) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია მაქსიმუმ 2 ძლიერ ბანაკად უნდა გაერთიანებულიყო და არა 4-5 ალტერნატივად. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში „დაამარცხებდნენ”;
2) 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ნაწილმა რომ მიიღო მონაწილეობა, ხოლო ნაწილმა არა, შეცდომა იყო. თორემ ან ერთ, ან მეორე შემთხვევაში ოცნებას „გაანადგურებდნენ”;
3) წლებია, რაც ოპოზიცია კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ახერხებს შეთანხმებას და „რეჟიმთან” სწორი ტაქტიკით ბრძოლას, არა თუ „წლებია”, ჩასახვისთანავე;
4) დასავლეთმა არ იცის, ვის ან რა პროცესებს დაუჭიროს მხარი, ვინაიდან არ არსებობს ერთიანი მოთხოვნები, ერთიანი სტრატეგია, ერთიანი გუნდი, რომელიც ქართველი ხალხის საპროტესტო, პროევროპულ ხმას გამოხატავს – ერთადერთიო, რაც გამოგვდის, ჩვენი ლობისტების გაგიჟებააო.
„ქართული ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელს მიღმა დარჩენილი პოზიციებიდან, ნინო ლომჯარია თავის მომავალ პოლიტიკურ ამბიციებსაც შეეხო და წარმოგვიდგინა ოპოზიციური ჩიხიდან გამოსავალი:
უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის (ჩაინიშნება რა – ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ 3 წელიწადში, არა აქვს მნიშვნელობა), ეს უკვე მეხუთე საპარლამენტო იქნება, და მხოლოდ “5”-იანის იმედად თუ მოემზადებით;
წინააღმდეგობის იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობამ, საზოგადოებრივი დაკვეთის გათვალისწინებით, უნდა შეადგინოს ერთიანი სია – ათი „პრემიერ-მინისტრობის” კანდიდატებიდან, ერთი, ნინო ლომჯარია უნდა დარჩეს;
როგორც იქნა, საზოგადოებას უნდა წარუდგინონ პოლიტიკური გუნდის ხედვები პოლიტიკურ ცვლილებებზე, გარდამავალ მართლმსაჯულებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. ალბათ დგება ეს დრო – 2028-თვის, ნაცსექტის 25-წლისთავზე, რამე „ხედვა” მაინც შეიმუშაონ;
უნდა შექმნან არჩევნებზე სანდო დამკვირვებლების მონაცემთა ბაზა – მესმის, ეს „ეუთო/ოდირი” ვერ ქაჩავს;
უნდა შეწყდეს მოკავშირეების/პოტენციური მოკავშირეების მიმართ სიძულვილის გაღვივება, დაუსრულებელი ბრალდებები, თავდასხმები, კუდიანების და აგენტების იარლიყის მიკერება, როგორც 4 ოქტომბრამდე შეძლეს „სექსის გარეშე” მიღწევა, მასე უნდა შეძლონ 2028-მდე ერთმანეთის დედებთან მოფერებაზე უარის თქმა. წარმოუდგენელია, როგორ, მაგრამ უნდა სცადონ;
პარალელურად, უნდა გრძელდებოდეს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროტესტი (2028 წლის ოქტომბრამდე, რუსთაველის გადაკეტვა კიდევ 1070 დღის განმავლობაში) და მოშიებამდე, პერმანენტული 1-2-დღიანი საპროტესტო შიმშილობები;
უნდა გაგრძელდეს უკანონოდ დაკავებულთა, უკანონოდ გათავისუფლებულთა და სხვაგვარად რეპრესირებულთა უფლებებისთვის ბრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო სასამართლოში – იქნება ერთი სარჩელი მაინც მიიღოს სტრასბურგმა განსახილველად, პროცესების მოგებას ვიღა ელის;
ბრძოლის იარაღი – მხოლოდ მშვიდობიანი წინააღმდეგობაა.
ჯერ არ გაუთიშავთ „აპარატიდან” – “ნაცები”, „ახლები” და „ლელო” – ნინო ლომჯარიამ უკვე გააკეთა თავისი განაცხადი სამომავლო საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუ ვინმე აპირებს, ამ ახალ მოცემულობაში კიდევ ერთი ოპოზიციური მანტია მოირგოს – თქვენ გყავთ პირველი კონკურენტი, რომელმაც უკვე, ფაქტობრივად, თავისი ხედვები გაგანდოთ. ველოდებით რამე საპასუხო სვლას,” – წერს დავით ქართველიშვილი.