თბილისში ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი და გამოფენა გაიმართება – მაია მელიქიძე განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს ღონისძიებას სექტორისთვის
თბილისში 6 და 7 ნოემბერს ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი და გამოფენა გაიმართება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA-ს) აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია იმ თემის შესახებ გესაუბროთ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად კრიტიკულია. ეს იდეა, დაახლოებით, ორი წლის წინ დაიბადა, ExpoGeorgia -ს და ჩვენს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენისა და ფორუმის ორგანიზება დავიწყეთ. პირველად შარშან ჩავატარეთ და პირველი რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ის იყო, რომ ეს ფორუმი უფრო მასშტაბური გაგვეხადა. წელს გადავწყვიტეთ, რომ 6 და 7 ნოემბერს ჩავატაროთ, ვეპატიჟებით ყველას, დაინტერესებულ მხარეებს, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, მომავალ თაობას. წელს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც აკადემიური წრის წარმომადგენლები დაესწრებიან, ამასთანავე, ის პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ გადამზადდნენ, მიიღონ მეტი ინფორმაცია და ის გამოწვევა, რომელიც ქვეყანას აქვს. ეს კი ენერგეტიკის მიმართულებით მუშახელის სიმწირეა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ვინაიდან პოლიტიკის შემქმნელები ისინი გახლავთ და ახალ სტრატეგიას წარმოგვიდგენენ, იმ რეფორმების შესახებ მოგვაწვდიან ინფორმაციას, რომელიც დაგეგმილია”, – განაცხადა მაია მელიქიძემ.
მისივე თქმით, ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი ყოველწლიური იქნება.
“ფორუმზე შარშან ძალიან აქტიური იყო სომხეთის მხარე, წელსაც ასევე აქტიური რჩება, დაემატა თურქეთის მხარე, ჩინეთის მხარე, ევროპული ქვეყნები. საკითხები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ: საუბარი იქნება გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომელიც მზის კომპანიებს აქვთ, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ინოვაციური ტექნოლოგია შემოიტანონ, რაც შეიძლება მეტი მზის ელექტროსადგური აშენდეს. ქარის ელექტროსადგური მხოლოდ ერთი გვაქვს, თუმცა რამდენიმე პროექტია და უკვე სამშენებლო ეტაპზე გადავდივართ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც გვექნება საუბარი. ასევე ვისაუბრებთ მწვანე წყალბადის შესახებ, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის სიახლეა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ ამ რესურსით მდიდრები ვართ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ შეგვიძლია, როგორც ქარის, მზის, ჰიდროს, ასევე წყალბადის გამოყენება. წყალბადს მსოფლიოში რეალურად გაზის ჩასანაცვლებლად იყენებენ. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი წამოაყენებს არგუმენტს და მეტყვის იმას, რომ ეს არის მალფეთქებადი ნივთიერება, ნამდვილად გეთანხმებით, თუმცა, ახლა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უამრავი ცდა ტარდება იმისათვის, რომ წყალბადი, მისი მოხმარება დაცული იყოს და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ იყოს. ჩვენ ამასთანავე ვისაუბრებთ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ინიციირებულ ახალ კანონპროექტებზე, აუცილებლად გვექნება ყურადღება გამახვილებული იმ სიახლეებზე, რომელიც სექტორს სჭირდება. ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას უკვე ახალ თაობას, რომ ეს ყველაფერი მოისმინოს და თავისი პროფესია ენერგეტიკის მიმართულებით განავითაროს. წინა წელს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ფორუმის შესახებ, გვქონდა იმისი განცდა და ემოცია, რომ ეს ყოველწლიური უნდა იყოს. წელს კი გიდასტურებთ და ნამდვილად ვამბობთ იმას, რომ ყოველ წელს ჩვენ მივუძღვნით საქართველოს ენერგეტიკის ფორუმს და გამოფენას. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება იმისა, რომ ეს ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს რეგიონს, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბად ჩამოყალიბდეს, განსაკუთრებით საქართველო, იმისათვის, რომ ელექტროენერგიის არა მარტო თვითკმარი გავხდეთ, არამედ ექსპორტიორიც. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობას კიდევ ერთი მამოტივირებელი არგუმენტი მივცეთ, თუ რატომ სჭირდება ჩვენს ქვეყანას”- განაცხადა მაია მელიქიძემ.
თამუნა შეყილაძე