შალვა პაპუაშვილი: ევროკომისიის ანგარიშში არის აბსოლუტურად სამარცხვინო ჩანაწერი, თითქოს საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს – ეს არის დიდი უმადურობა ბრიუსელის მხრიდან
„ამ ანგარიშში არის აბსოლუტურად სამარცხვინო ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს, მათ შორის გაეროში და ევროსაბჭოში”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელის მხრიდან აღნიშნული ჩანაწერი უმადურობაა.
,,მათ შორის მოყვანილი არის მაგალითი გაეროს რეზოლუციასთან და ტრიბუნალთან დაკავშირებით. ეს არის სამარცხვინო ჩანაწერი და დიდი უმადურობა ბრიუსელის მხრიდან მაშინ, როდესაც საქართველომ 1000-ზე მეტ სხვადასხვა რეზოლუციას, განცხადებას დაუჭირა მხარი გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში.
მაგალითად მოჰყავთ გაეროს რეზოლუცია, რომელსაც არ დაუჭირა მხარი საქართველომ. იცით, ეს რა რეზოლუციაა? – როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ტექსტი წარმოადგინა, საქართველომ მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას. ანუ ევროკავშირი ჩვენ გვსაყვედურობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი. ამას გვსაყვედურობს – ეს ხომ სამარცხვინოა.
ასევე საუბარია, თითქოს საქართველომ თავი შეიკავა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, დანაშაულების სპეციალური ტრიბუნალის მხარდაჭერისგან, რაც არის სამარცხვინო ტყუილი. შეგახსენებთ, რომ ეს ტრიბუნალი დღემდე შექმნილი ჯერ არ არის, ის შექმნის პროცესშია. საქართველომ მხარი დაუჭირა როგორც ტრიბუნალის შექმნის თავდაპირველ გადაწყვეტილებას, ისე რეესტრის შექმნის გადაწყვეტილებას, რომელსაც სხვათა შორის, ზოგიერთმა ევროპულმა, ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.