„როდესაც წმინდა ქეთევან დედოფლის ხატს ვწერდი, ვგრძნობდი მის შინაგან ტკივილს“ – მაია ბიჭიაშვილი, ხატწერა და დიდი სულიერი სიხარული

დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი. არის მხატვართა კავშირის და თანამედროვე მხატვართა ლიგის წევრი. ამჟამად წერს ხატებს. მისი ხატები დაბრძანებულია სხვადასხვა ეკლესიასა და მონასტერში. თავისუფალ დროს უთმობს ხელნაკეთი ნივთების შექმნასა და ფერწერას. – თვითნასწავლი ხატმწერის, მაია ბიჭიაშვილის პერსონა.

ბავშვობა მართლაც ხალისიანი და საინტერესო მქონდა. ოთხი წლის ასაკში დავიწყე ხატვა, მიზიდავდა კომიქსების პერსონაჟები და პეიზაჟის ხატვა. მშობლებმა შემიყვანეს პიონერთა სასახლეში ხატვის წრეზე, ხოლო 13 წლისამ დავიწყე ფანქარში ხატების ხატვა და 15 წლისა ზეთის საღებავებში ვხატავდი ხატებს (რა თქმა უნდა არაკანონიკურად). დავხატე: თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, მწყემსი კეთილი, წმ. ნინო, საქართველოს დიდების ხატი და ღვთისმშობლის მიერ ვაზის ჯვრის გადაცემა წმ. ნინოსთვის და სხვა.
– დაამთავრეთ ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი…
– ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი სტუდენტობიდან დაიწყო, როდესაც სრულიად ახალ გარემოში აღმოვჩნდი. ძალიან შთამბეჭდავი იყო ის წლები, რადგან იზრდებოდი ხელოვნებაში და ვვითარდებოდი იმ წლებთან ერთად საინტერესო იდეებით, მაგრამ სულს მაინც რაღაც აკლდა, ყოველთვის მინდოდა ხატების დაწერა.
–  ერთი ხატის დაწერის ისტორია…
– როდესაც ხატების წინ ვდგებოდი, ვევედრებოდი ხატის დაწერას სიტყვებით: „ღმერთო, შემაძლებინე დიდი ზომის ფიცარზე ხატის წერა“. რადგან თვითნასწავლი ვარ ხატწერის მიმართულებით და გამბედაობა მაკლდა, ასე უცებ დიდი ზომის ხატის შექმნა მარტივი არ იყო თვითნასწავლისთვის.
გავიხსენებ, როდესაც ჩემი დაწერილი ხატი მეუფეს ანახეს, მისი კურთხევა იყო, დიდი ზომის ხატი დამეწერა – ივერიის ღვთისმშობელი, მაცხოვარი და წმ. ისე წილკნელი. ესეც ჩემი სურვილი და ვედრება ხატების წინაშე.
რაც შენი სულისთვის სათნოა და მისაღები, უფალიც იმას გაძლევს. მადლობელი ვარ უფლისა, რომ შემაძლებინა და მომმადლა ასეთი დიდებული საჩუქარი, ჩემთვის დიდი პატივი  და სულიერი სიხარულია ხატის წერა.
– როგორ დაიწერა წმ. ქეთევან დედოფლის ხატი?
როდესაც, ჩემი სოფლის შვილის და ახლა უკვე მსოფლიოში ცნობილი წმ. ქეთევან დედოფლის ხატს ვწერდი ვგრძნობდი მის შინაგან ტკივილს. თვალწინ წარმომედგინა მისი მოწამებრივი ცხოვრება. დიდი განცდით, ცრემლით და ამაღლებული გრძნობით და ლოცვით მომიწია მისი დაწერა.– შთაგონება…
– შთაგონება მომდის რაღაც კარგის შექმნის სურვილიდან გამომდინარე. ამ დროს ვგრძნობ სისავსეს და ბედნიერებას.
– თავისუფალ დროს ქმნით ხელნაკეთ ნივთებს და ფერწერას. და მაინც, – ხატწერა თუ ფერწერა?
თავისუფალ დროს ფერწერას, ხატწერას და ხელნაკეთი ნივთების შექმნასაც თანაბრად ვუნაწილებ დროს, რადგან სამივე მიმართულება დიდ როლს ასრულებს ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ხატწერა მაინც ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. ხატწერა დიდი ბედნიერებაა, სრულყოფილება, ღმერთთან სიახლოვე და სულის სისავსეა. თავისუფალ დროს ვმუშაობ ფერწერაში, პასტელში, ვიტრაჟში და ვქმნი ხელნაკეთ ნივთებს.– ჰობი…
მთა, ზღვა, მოლოცვითი ექსკურსიები და მოგზაურობა.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ორი გოგონა.
– გამოფენები…
 – ხშირად ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებში, ასევე – ონლაინგამოფენებში სახელწოდებით: ,,ART WILL SAVE THE WORLD“ Contemporary World Artists, რომელმაც გამოსცა ილუსტრირებული კატალოგი, სადაც შეტანილია მხატვართა ნამუშევრები.

– დაბოლოს, როგორ დაიწყო წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის მშენებლობა? 
– ისევე, როგორც ჩემს თანასოფლელებს – მუხრანელებს დიდმოწამე ქეთევანისადმი მე და ჩემს ოჯახს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩემმა მშობლებმა – ალექსანდრე და ლია ბიჭაშვილებმა 10 წლის წინ დიდი შრომა გასწიეს, რომ სოფელში ახალი ტაძრის მშენებლობისთვის ადგილი მოეპოვებინათ. ეს ჩემი განსვენებული ძმის სურვილიც იყო. ძველი ტაძრები კი რამდენიმეა, მაგრამ დიდი ხანია ახალი არ აშენებულა. თურმე, ამ დროს, იგივე სურვილით იღვწოდა გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან ჩვენი სოფლის პირველი ხატმწერის, თენგიზ ფარჩუკიძის მეუღლე, ღირსების ორდენოსანი მასწავლებელი ეთერ (ქეთევან) სამჭკუაშვილი – წმინდა ქეთევანზე საგალობლის ავტორი და მისი დიდი მოყვარული, რომელმაც დიდმოწამის ტაძრის ასაგებად მშენებელიც კი მოიძია.
ასე დაემთხვა ორი სურვილი ერთმანეთს და მშენებლობაც დაიწყო.
ასე დეტალურად იმიტომ გიყვებით, რომ როდესაც საქმის დიდი წყურვილია, ღმერთი შემწეობას იჩენს. თუმცა, დასანანია, რომ დიდმოწამე დედოფლის საიუბილეო წლებშიც კი ვერ მოხერხდა რვა წლის წინ შეჩერებული სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა.

                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები