ჰამბურგში პოლიტიკური პარტიის ლიდერის მანქანა დაწვეს
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში პოლიტიკური პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი ლიდერის მანქანა დაწვეს.
მეხანძრეების მისვლამდე, ცეცხლი ახლოს მდგომ სხვა ავტომობილებსაც წაეკიდა. საერთო ჯამში, დამწვარია სამი ავტომობილი, ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო ჯგუფებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს, შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიტიკოსის ქონების დაწვაზე პასუხისმგებლობა მომხდარიდან რამდენიმე საათში რადიკალურმა მოძრაობა „ანტიფამ“ აიღო.
გამოქვეყნებულ განცხადებაში „ანტიფა“ წერს, რომ ამ ქმედებით მათ დრეზდენსა და დიუსელდორფში დაკავებული 13 თანამოაზრის სამართლებრივი დევნა გააპროტესტეს.
AfD-ის წარმომადგენლებმა ინციდენტი პოლიტიკურ დევნად შეაფასეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყოს პარტიის წევრების უსაფრთხოება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, “ალტერნატივა გერმანიისთვის” ბოლო პერიოდში გახშირებული თავდასხმების შესახებ ხშირად საუბრობს, როგორც პარტიის ოფისებზე, ისე წევრების მიმართ. AfD ბოლო თვეებში აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში და მისი პოპულარობა ზოგიერთ რეგიონში მზარდია.