თენგიზ ფხალაძე: რუსეთი ახლა ცდილობს, როგორმე გააჭიანუროს ომი და დაქანცოს მსოფლიოც და უკრაინაც
“პუტინი შეეცდება, ომი რაც შეიძლება გააჭიანუროს, რადგან იმედოვნებს, რომ უკრაინა დაიქანცება და დანებდება. რუსეთს რომ უკრაინაზე მეტი რესურსი აქვს, გასაგებია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ის დახმარება, რასაც დასავლეთი უკრაინას უწევს”, – ამის შესახებ ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ომმა მსოფლიოში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა.
“არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს უკრაინულ მხარეს, მაგრამ ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით ვიცით, რომ ქართულ და უკრაინულ სადაზვერვო სამსახურებს შორის უკვე შედგა კომუნიკაცია, ისინი თანამშრომლობენ, რაც თქვა უკრაინის რწმუნებულმაც. უკრაინული მხარის განცხადებაზე საქართველოს პირველი რეაქცია აბსოლუტურად არასწორი იყო – იყო პოლიტიკურ ოპონენტებზე სრულიად გაურკვეველი გადამისამართების ცდები მაშინ, როცა მსოფლიო, უკრაინა და ჩვენი ყველა პარტნიორი ელის კონკრეტულ ქმედებებს, რაც გამოიხატება უპირველესად იმაში, რომ ურთიერთობა უკრაინულ სამსახურებთან გაგრძელდეს იმ არხებით და ისე, როგორც წესია და არა განცხადებებით. არ შეიძლება სახელმწიფოები ერთმანეთში ასე ლაპარაკობდნენ!უმნიშვნელოვანესია იმ საერთაშორისო მექანიზმების სრულად ამოქმედებაც, რითაც მინიმუმამდე დაიყვანენ ან გამორიცხავენ ყოველგვარ სპეკულაციასა და მანიპულაციას. არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი შეეცდება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ყველა გზა გამოიყენოს, შესაბამისად, რისკები იზრდება. ვინმეს ეჭვი რომ არ გაუჩნდეს და ჩვენც დარწმუნებული ვიყოთ, უნდა გავაძლიეროთ კონტროლი და დაცვა, რისთვისაც არსებობს თანამშრომლობისა და კონტროლის საერთაშორისო მექანიზმები, რომელთა ამოქმედება შეიძლება. უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს საკუთარ რიტორიკას, რადგან ზოგ შემთხვევაში ისეთ განცხადებებს ვაკეთებთ, რითაც ძალაუნებურად ვიღაცას ეჭვს ვუჩენთ. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუ სწორად მოვიქცევით, გავაკეთებთ ნაკლებად ემოციურ განცხადებებს და გავაძლიერებთ საქართველოს დაცვას. ასე უფრო შევზღუდავთ და მინიმუმამდე დავიყვანთ კონტრაბანდის შესაძლებლობას, რითაც უპირველესად ჩვენი ქვეყანა იხეირებს და თან გამოვრიცხავთ პროვოკაციებსაც. დღეს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს ძირგამომთხრელი მუშაობა, მათ შორის ერთ-ერთი საჩუქარი პუტინისთვის ისიც იქნება, თუ ორი სტრატეგიული პარტნიორი ერთმანეთს წაეკიდება. ამიტომ ვერ გამოვრიცხავთ ვერც პროვოკაციას და ვერც სხვა ვერაგულ ჩანაფიქრს. ყოველივე ამასთან გამკლავებას მუშაობა სჭირდება და არა ყვირილი და შეთქმულების თეორიების შეთხზვა.
ყველასთვის ცხადი უნდა გავხადოთ, რომ ჩვენ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ და ამასთანავე გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე არსებული რისკებისა და საფრთხეების სწორი გაანალიზების წყალობით. დღეს ამ ომმა მსოფლიოში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შემოვიდა რუსეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე, რომლებმაც სოკოებივით უცებ დაარეგისტრირეს კომპანიები. ამიტომ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ კონტროლი ამ კომპანიებზე და გავარკვიოთ, მართლა კომერციული ორგანიზაციებია თუ ე.წ. ერთდღიანი კომპანიები, რომლებიც მაქინაციებისთვის შექმნეს. უნდა დავაკვირდეთ, როგორია რუსეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის დინამიკა. ბევრი საკითხია, რომელთა გადასაწყვეტად თანამშრომლობა, უცხოელი ექსპერტების ჩართვა და კონტროლის გაძლიერება აუცილებელია. მაგალითად, უნდა გაიზარდოს რუსეთისკენ მიმავალი ტვირთების შერჩევითად შემოწმების ინტენსივობა. დღეს უმნიშვნელოვანესია არა განცხადებები, არამედ ის, თუ რა კეთდება… თუ მაინცდამაინც განცხადებებზე მიდგება საქმე, უნდა იყოს ხელისუფლების მკაფიო პოზიციის გამომხატველი, რომ მსგავსი კონტრაბანდისტული არხის საქართველოს ტერიტორიაზე გაჭრა გამორიცხულია და რომ ეს უმკაცრესად გაკონტროლდება. მინდა გითხრათ, რომ გავა ხანი და უკვე აღარავის ემახსოვრება, თუ რატომ არ ჩავიდა შალვა პაპუაშვილი ბუჩაში, ან რატომ გამოაცხადა საქართველომ, არ ვუერთდები სანქციებსო, როდესაც რეალურად სანქციების ნაწილს უკვე შეერთებულია, თუმცა შეეძლო ამ მიმართულებით კიდევ გაეკეთებინა სხვა რამ. მეხსიერებაში დარჩება მხოლოდ ის, რომ უკრაინა ეომებოდა ბოროტების იმპერიას, ამ ომში მის გვერდით იდგა ცივილიზებული სამყარო, მთელი დასავლეთი, ბუჩასა და სხვა ქალაქებში ჩადიოდნენ ევროკავშირის ხელმძღვანელობა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა დასავლური ქვეყნების პირველი პირებიც, მაგრამ მათ შორის არ იყვნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორის, მეგობარი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.ეს მოწვევა მარტო პაპუაშვილს კი არ გამოუგზავნეს, ის გაეგზავნა ყველა ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელობას. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ჩადიან უკრაინის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსაცხადებლად, საქართველომ კი ეს არ გააკეთა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვინმეს სიამოვნებს ზელენსკის საყვედურები, ისეთი მკაცრი კილო, როგორითაც ელაპარაკება დასავლელ პოლიტიკოსებს თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს. მოვისმინეთ მისგან მწვავე კრიტიკა აშშ-ის კონგრესში, გერმანიის პარლამენტში თუ გაეროს ტრიბუნიდან, მაგრამ ამის გამო მას არავინ გაბუტვია.ზელენსკის განცხადებები ბევრს არ სიამოვნებს, მაგრამ დღეს საკითხი დგას ძალიან მარტივად – ან დგახარ სიმართლის მხარეს და ებრძვი ბოროტების იმპერიას, ან სიმართლის წინააღმდეგ გამოდიხარ. ამგვარი პოზიციის დაკავება – მე ამ დაპირისპირებაში არ ვერევიო, უკვე შეუძლებელია. შუაში დგომა დღეს არ გამოვა, რადგან სამყაროს წინაშეა ძალიან მკვეთრი არჩევანი, რომლის ერთ მხარესაც არის ნამდვილი ბოროტება, რომელიც ყოველდღიურად იღებს სულ უფრო ამორალურ და საზიზღარ სახეს, რეჟიმი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დამნაშავედ, და მეორე მხარეს არის დასავლური სამყარო, რომლის ნაწილიც გვსურს გავხდეთ, ყოველ შემთხვევაში, ამას ვამბობთ… ბოლოს და ბოლოს, უნდა გავიგოთ, რომ სამყარო დღეს, ფაქტობრივად, ეგზისტენციალური არჩევნის წინაშე დგას და სად იქნება საქართველო, ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. შესაბამისად, სრულიად უმნიშვნელოა, ვის რატომ არ მოსწონს ზელენსკის გადაწყვეტილებები თუ ბუჩაში მისაპატიჟებლად გამოგზავნილი მოწვევის წერტილ-მძიმე.
კრემლის პირველი გეგმა რომ სრულად ჩავარდა, ეს უკვე სავსებით ცხადია. ამან მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია თვითონ რუსეთშიც. მაგალითად, ახლახან შეცვალეს უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელი და ახალი გენერალი დანიშნეს. მანამდე საფუძვლიანი წმენდა ჩატარდა უსაფრთხოების სპეციალურ სამსახურსა და სხვა სპეცსამსახურებშიც და ეს უთუოდ გაგრძელდება. ამ პირველი მარცხის შემდეგ იმდენად გაზარდა პუტინმა ფსონი უკრაინაზე, რომ მარცხი მისთვის ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ ცდილობს ახლა სულის მოთქმას და გადაჯგუფებას იწყებს. იმავდროულად, რუსეთს უკვე ძალიან მძიმე ტვირთად აწვება სანქციები და რაც დრო გავა, წნეხი უფრო საგრძნობი იქნება. ეს უპირველესად შეეხება სწორედ სამხედრო მრეწველობას. ბრძოლის გაგრძელებას სჭირდება რესურსი, რომელზე წვდომასაც დასავლეთი რუსეთს მაქსიმალურად უზღუდავს. მიუხედავად კრემლის მტკიცებისა, რუსეთი თვითკმარი სახელმწიფოაო, ნამდვილად ასე არ არის. მისი სამხედრო-ტექნიკური კომპლექსი უამრავ რამეს საჭიროებს ისეთს, რაც უცხოეთიდან უნდა შევიდეს. ამ ყველაფრის გადაკეტვამ რუსეთი ძალიან რთულ დღეში ჩააგდო. ქვეყნის ხელმძღვანელობა, პუტინი, ამას კარგად ხედავენ და გზებს ეძებენ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ახლა კრემლის სტრატეგია ასეთია: გადააჯგუფოს ძალები და თავი მოუყაროს იქ, სადაც, მათი აზრით, უკეთესი პოზიციები აქვთ, იგულისხმება ლუგანსკი და დონეცკი. სავარაუდოდ, ეცდებიან, რომ შეტაკებებში ცოცხალი ძალით უფრო ნაკლებად შევიდნენ და უფრო გამოიყენონ საჰაერო დაბომბვა. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი უკრაინისთვის ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
პუტინი შეეცდება ომი რაც შეიძლება გააჭიანუროს, რადგან იმედოვნებს, რომ უკრაინა დაიქანცება და დანებდება. რუსეთს რომ უკრაინაზე მეტი რესურსი აქვს, გასაგებია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ის დახმარება, რასაც დასავლეთი უწევს უკრაინას სწორედ იმისთვის, რომ ამ მებრძოლ ქვეყანას რესურსი არ ამოეწუროს. ეს არის როგორც ფინანსური და ეკონომიკური, ასევე სამხედრო დახმარება. უმნიშვნელოვანესია ახალ-ახალი სანქციების დაწესებაც. საფრანგეთმა განაცხადა უკვე, რომ მზად არის მთლიანად აკრძალოს ნავთობის იმპორტი რუსეთიდან. ბაიდენმა უკვე ხელი მოაწერა კანონს რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის თაობაზე. მოკლედ, წნეხი უფრო და უფრო გაიზრდება. ახლა გაზაფხულია, ანუ ზამთრამდე, რომელსაც რუსეთი ბუნებრივ მოკავშირედ მიიჩნევს, რადგან გაზზე მოთხოვნა იზრდება, დიდი დროა და ვფიქრობ, ევროპა მოახერხებს გაზის მარაგის შევსებას. სხვათა შორის საქართველოსაც ადვილად შეუძლია უარი თქვას რუსულ გაზზე, რომელიც ჩვენი ბაზრის სულ რაღაც 5-10%-ს იკავებს. მისი ჩანაცვლება შესაძლებელია აზერბაიჯანული გაზით, რაც არა მარტო ძალიან სერიოზული პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, არამედ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიც ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება… რუსეთი ახლა ცდილობს როგორმე გააჭიანუროს ომი და დაქანცოს მსოფლიოც და უკრაინაც. დარწმუნებული ვარ, ეს არ გამოუვა რამდენიმე მიზეზის გამო და მათ შორის უმთავრესია უკრაინის შეუპოვრობა, ასევე დასავლეთის უდიდესი დახმარება, რომელსაც მომავალშიც მიიღებს და რაც მთავარია, ცივილიზებული მსოფლიოს ერთიანი აზრი რუსეთზე, რომ მას მართავს სამხედრო დამნაშავე რეჟიმი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს. მსოფლიო ვეღარ აიტანს, არ შეეგუება კიდევ ერთ გაყინულ კონფლიქტს. პუტინს და მის რეჟიმს ნამდვილად მოუწევთ პასუხის გება დანაშაულებისთვის. უკვე ძალიან ნათლად ითქვა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში საკმარისი არ იქნება რუსეთისთვის სანქციების მოსახსნელად”,- აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება კითხვას – “ჯერ ბუჩაში და შემდგომ კიევში ჩასულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის ხელიდან ხელში გადასცა უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი. როგორც ცნობილია, ამგვარ კითხვარს საქართველო 11 აპრილს ჩაიბარებს”, – ფხალაძე პასუხობს: რომ უკრაინის საკითხი განსაკუთრებულია.
“უკრაინის საკითხი განსაკუთრებულია. შეუძლებელია ამ ქვეყანას დღეს მიუდგე იმ ტრადიციული პროცედურით, რომელიც აქამდე მოქმედებდა. ეს პროცედურა შექმნილია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვითარდებიან მშვიდობიან პერიოდში და შესაბამისად, აქცენტი კეთდება ეკონომიკის მიღწევებზე, რეფორმებზე და ა.შ. ომში მყოფ ქვეყანას ამის შესრულებას ვერავინ მოსთხოვს. ვფიქრობ, უკრაინის მიმართ იქნება განსაკუთრებული მიდგომა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს, რთული სათქმელია, მაგრამ უკრაინას აქვს შანსი, რომ მართლაც დაჩქარდეს მისი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. სავარაუდოდ, ძალიან მალე უკრაინა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომ, დიდწილად დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომსა და იმაზე, როგორ გაგრძელდება უკრაინაში ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს უკრაინისთვის ე.წ. მარშალის ახალ გეგმაზე. რაც შეეხება საქართველოს, აშკარაა, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს მიტოვებას არ აპირებენ – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებს, ყველაფერი კარგად არისო, აშკარაა, რომ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს ჩვენი პარტნიორები უკეთესად ამჩნევენ.
დღეს, როდესაც რუსეთი ასეთი აგრესიულია და აგერ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთებაზე დაიწყო ლაპარაკი, რეფერენდუმის ჩატარებასაც კი გეგმავენ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს საერთაშორისო მხარდაჭერა. როგორც უკვე ვთქვით, მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება და უახლოეს მომავალში კიდევ შეიცვლება, მაგრამ სად ვიქნებით ამ შეცვლილ სამყაროში, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და თუ გვსურს ღირსეული ადგილი დავიკავოთ, ამას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. თუ ვინმე ელოდება, რომ ამას ლანგრით მორთმეულ საჩუქრად მიიღებს, ცდება. ეს შეეხება არა მარტო საქართველოს… უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელსაც ახლა აგებენ, შეიქმნება მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის გავლენა შესუსტდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ექნება აღარანაირი გავლენა, ამიტომ თუ არ გვინდა ისევ რუსეთის გავლენის სფეროში აღმოვჩნდეთ, ძალიან უნდა ვიაქტიუროთ და ბევრი ვიშრომოთ. ახლა მართლაც იღება შესაძლებლობის ის ფანჯარა, რომელზეც წლების განმავლობაში ვლაპარაკობდით. თუ ხელიდან გავუშვით, მერე ძალიან ძვირის გადახდა მოგვიწევს… ჩვენი პარტნიორები ამ შესაძლებლობების ფანჯარას აუცილებლად დატოვებენ ჩვენთვის ღიას, დანარჩენი დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე. ჩვენი მეგობრები შანსს გვაძლევენ, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს”, – განაცხადა ფხალაძემ.