ფოლკლორის ცენტრის არქივიდან – ლადო აღნიაშვილი და „ქართული ხორო“
„ყოველ ოთხშაბათს, ფოლკლორის ცენტრის უნიკალური არქივიდან მოგიყვებით საინტერესო, ისტორიულ, ნაცნობ და უცნობ ფოლკლორულ ამბებს“ – ასე იწყება ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც ლადო აღნიაშვილზე მოგვითხრობს. ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი იყო გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ლინგვოდიდაქტიკოსი და ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და პუბლიცისტი.
„მარტყოფს, რომ მივუახლოვდი, იქ, სოფლის პირში ორი დედაკაცი წყალს ავსებდა. დამინახეს და გამართეს ლაპარაკი: ერთმა სთქვა – ეს ,,საჰაბიაო” (ბატონი). მეორემ უთხრა, – „არა, ეს ჩვენია, გურჯიაო”. – „არა, საჰაბიაო, ფარანგიაო” (უცხოელი). – არა ეს ჩვენი ძველია, გურჯია. ხანმა არა თქვა, ერთი ჩვენი ძველი ისპაანში ზისო”. და როდესაც ეს პირველიც დაეთანხმა, წამოხტნენ ორივენი, დაყარეს იქ წყლის ჭურჭელი და გაიქცნენ სოფლისაკენ. მირბოდნენ და ყველა გამვლელ-გამომვლელს ეუბნებოდნენ: ,,ჩვენი ძველი მოდის! გურჯი მოდის გურჯისტანიდანაო“!
,,სანამ შიგ სოფელში შევიდოდი, აუარებელი ხალხი იყო ყველა გზებზედ გამოშლილი: კაცი და ქალი, დიდი და პატარა აქეთ-იქიდან მომძახოდა – აჰვალი (ჯანმრთელობა) როგორა გაქვს? – ,,სალამ!” – ,,ჩაღი (გუნება, ხასიათი) როგორა გაქვს”: მე ყველას თავს ვუკრავდი და მადლობას ვეუბნებოდი.“ ეს ლადო აღნიაშვილის უბის წიგნაკის ჩანაწერია…
მან შემოიარა მთელი ფერეიდანი, სადაც კი ქართველები სახლობდნენ. შეისწავლა სპარსული ენა, გადაიღო ფოტოები, საქართველოში დაბრუნდა და, პირველად 200 წლის შემდეგ, ამბავი ჩამოიტანა: შაჰ-აბასის მიერ გარეკილი ჩვენი ძმები ცოცხლები არიან, არსებობენ და ყველაფერს ქართულს თვალისჩინივით უფრთხილდებიანო!
ფოლკლორის ცენტრის არქივში კი ინახება ამ დიდი ქართველის ხელნაწერი და მისი სახელგანთქმული გუნდის „ქართული ხოროს” ფოტოსურათი.