ვახტანგ კაპანაძე: რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა, უკრაინის სირიიზაცია სურს
“პუტინი ახლა კედლებს აწყდება, რადგან სურვილი ვერ აისრულა, არც ყვავილებითა და ტაშით შეხვდნენ, როგორც ეგონა – ამიტომ, ტაქტიკა შეცვალა – უკრაინის სირიიზაცია სურს”, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ კაპანაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არსებობს ბირთვული ომის დაწყების საფრთხე, კაპანაძე ამბობს, რომ წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა ადვილი არ არის და ამ გადაწყვეტილების მიღებას რთული პროცედურების გავლა სჭირდება.
“ვიცი, რომ დასავლურ მედიასა და ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ცნობები ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 90%-ის ჩართვის შესახებ, მაგრამ მე ცოტა ნაკლებზე, დაახლოებით 75%-ზე შევჩერდებოდი. შესაძლოა რომელიღაც დანაყოფები გამოიყვანეს, მაგრამ 90%-ის გამოყვანა ნიშნავს, რომ შორეული აღმოსავლეთიდანაც გამოიყვანეს ჯარები. ამ რაოდენობას მიიღებდა მაშინ, თუ ბაზებს გაიყვანდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. მსგავსი რამ არ მომხდარა. ასე რომ, ეს უფრო სურვილებია, ვიდრე რეალობა, მაგრამ ფაქტია, პუტინს შეიარაღებული ძალების, სულ ცოტა, 75% მაინც ჰყავს კონცენტრირებული უკრაინის ფართომასშტაბიან ომში, რომელსაც თავად “სამხედრო სპეცოპერაციას” უწოდებს. ვერც იმას ვიტყვი, რომ რუსეთმა იქ მოძველებული ტექნიკა შეიყვანა. ახალი სამხედრო ტექნიკა უკრაინასაც არა აქვს, ჯაველინებს და ბრიტანულ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს თუ არ ჩავთვლით. რუსეთის ტექნიკა საკმაოდ ბრძოლისუნარიანია, ნამდვილად არ არის ჩამოსაწერი და დიდი პოტენციალიც აქვს, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა ოპერაციის არასწორი დაგეგმვა და ჩატარებაა. ეგონათ, ყველაფერს ორ-სამ დღეში ბლიცკრიგით დაასრულებდნენ. მაგრამ ბლიცკრიგს როგორ არქმევენ ამას, როდესაც სამხედრო ოპერაციები სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიმართულებით მიმდინარეობს. ეს არის აგრესორი ქვეყნის სრულფასოვანი სამხედრო კამპანია დიდი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უმეტესობის გამოყენებით. ის, ვინც რუსული და ნატოს სამხედრო დაგეგმარების საკითხები იცის, მარტივად დაინახავდა უხეშ ჩავარდნებს. უპირველესად სამხედრო და სტრატეგიულ დაზვერვაში. არა აქვთ როგორც დიპლომატების, ასევე საგარეო დაზვერვის მუშაობის შესახებ საჭირო მონაცემები, ინფორმაცია. როდესაც ასეთი დიქტატორული ვერტიკალია და ყველა საკითხს ზემოდან ქვემოთ და პირიქითაც ვოვა წყვეტს, ეტყობა, მას იმ ინფორმაციას აწვდიდნენ, რაც ესიამოვნებოდა. მეთაურს თავად უნდა ეყოს გონიერება, გამჭრიახობა, რომ რეალური და არარეალური მონაცემები ერთმანეთისგან განასხვაოს. როგორც ჩანს, ეს თვისება პუტინს არა აქვს. უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო დაზვერვის შეფი ნარიშკინი გამოსვლისას ისე ნერვიულობდა, რომ ენას ვერ ატრიალებდა. ხომ ცხადი იყო, რომ მას არასდროს ეყოფოდა გამბედაობა პუტინისთვის ეთქვა, უკაცრავად, ბატონო ვოვა, მაგრამ სინამდვილეში სრულიად სხვაგვარი რეალობა გვაქვსო. ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურის მეთაური კუთხეში ატუზულ ოროსან მოსწავლესავით იდგა. როდესაც დაზვერვა არ აძლევს ინფორმაციას მოსახლეობის განწყობაზე, საბრძოლო პოტენციალზე, გზების გასავლიანობაზე, ან სულაც იმაზე, თუ სად შეუძლია არმიას შეავსოს საწვავი, “ზურგი რომ გაეწელოს”, ანუ კოლონის უკანა ნაწილი არ ჩამორჩეს, იმას მიიღებს, რაც მიიღო. 94-კილომეტრიანი კოლონა იყო, რომელშიც მანქანებს შორის მანძილის გათვალისწინებით 2 ათასი ერთეული ტექნიკა იქნებოდა. მარტივი ლოგიკაა – საცობში დგომისას, მწვანე ფერი რომ აინთება, ვიდრე წინა მანქანები არ დაიძვრებიან, სხვა არ წავა. 94 კილომეტრზე გადაჭიმული კოლონის თავში მდგომი ტანკი ბოლოში მყოფს მისცემს სიგნალს, დავიძარითო, და შეიძლება მას მესამე დღეს მოუწიოს ტანკის დაქოქვამ. ძალიან მარტივი რამ, გამოსვლისა და შესვლის, კოლონის მოძრაობაში მოსვლის დრო ვერ გათვალეს. ძალიან დაბალ კვალიფიკაციაზე მიანიშნებს ისეთ ვიწრო გზაზე იმხელა კოლონის გადაჭიმვა. ეს არც ერთ სამხედრო მითითებებში არ წერია.
ტრასაზე მძიმე სამხედრო ტექნიკამ შეიძლება 40 კილომეტრი სიჩქარით იაროს, შედარებით ცუდ გზაზე მისი სიჩქარე 20-30 კილომეტრამდე დაეცემა. ისეთი პერიოდი აირჩიეს, როდესაც თოვლი და დაბალი ტემპერატურაა, რაც გადაადგილებას უადვილებთ, მაგრამ უკრაინის ყველა სოფელში გზები მოწესრიგებული ვერ იქნება. ტრასაზე ტანკი ბევრად ნაკლებ საწვავს, 100 კილომეტრზე დაახლოებით 200 ლიტრ საწვავს წვავს, სოფლის გზაზე კი 300 დასჭირდება. რუკაზე, რომელიც ინტერნეტში დადეს და თან ახლდა ბრიგადის მეთაურის გადაწყვეტილება, ირკვევა, რომ ეს ოპერაცია ვითომ ადრე იყო დაგეგმილი, თითქოს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. სალაშქრო კოლონას გვერდითი, მოწინავე და ზურგის დაცვა და მოქმედებებიც სწორად აქვს განსაზღვრული – იშლება საბატალიონო, მერე საასეულო კოლონაში და ბოლოს გადის საბრძოლო ხაზზე, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა, რადგან ეს ყველაფერი დროსა და მომზადებას ითხოვს. ეტყობა, მისცეს ბრძანება, ამ დროს იქ უნდა იყოთ და რაც გინდათ, ის გიქნიათო და ესენიც ასე “ნა ურაზე” მიდიან. საბედნიეროდ, ამით ძალიან კარგად სარგებლობს უკრაინის შეიარაღებული ძალები. თავდაპირველად, მათი საჰაერო დარტყმები, ძირითადად, კოლონის ზურგზე მოდიოდა, იქ, სადაც საწვავის მარაგები, რადიოელექტრონული ბრძოლისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები იყო განთავსებული, და ძალიან მარტივად ანადგურებდნენ, მეორე საკითხია ქალაქების სწრაფი გავლა – უკრაინული მხარე ატარებს მტრის კოლონას, შემდეგ მოუტრიალდება და უკან ჩამორჩენილ ზურგის ნაწილს ანადგურებს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის გენერალურმა შტაბმა მისცა მითითება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ჩარჩენილი, ნუ ებრძვით ტანკებსა და საბრძოლო მანქანებს, ზურგში მომავალი ნაწილები და ლოჯისტიკის ელემენტები გაანადგურეთო. მოსახლეობა ამ ამოცანას მშვენივრად ართმევს თავს. მარტივია – თუ ტანკს საწვავი გამოელია, აუცილებლად მოსწყდება კოლონას, თან ხედავენ, როგორ თავგანწირვით იბრძვის მშვიდობიანი მოსახლეობა და იმის შიში აქვთ, სადმე ცეცხლი არ წაუკიდონ და ცდილობენ არსად გაჩერდნენ. ამ რეალობაში რუსეთს ვერ მიეცა ტაქტიკის შეცვლის შესაძლებლობა. სამი სამხედრო ოლქიდან ჰყავს მოზიდული სამხედრო ძალები – ბელარუსიდან გადმოიყვანეს ჩრდილოეთის სამხედრო ოლქი, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან იყო მობილიზებული დასავლეთის ოლქი და სამხრეთისკენ – სამხრეთის ნაწილი. ცენტრალური სამხედრო ოლქი, ალბათ, სტრატეგიულ ეშელონშია და პარალელურად, მუდმივად მიდის განახლება. იქმნება სხვადასხვა ტიპის დაჯგუფებებიც, რომლებიც შემდეგ ეშელონებად ნაწილდება, მათ შორის მთავარი დარტყმის, სადესანტო, საავიაციო, სარაკეტო დაჯგუფება და ა.შ. შემდეგ ისინი ოპერატიულ წყობაში ნაწილდებიან.
რასაც ვხედავ, პირველი ეშელონის მიზანია უახლოესი ამოცანის გადაწყვეტა, რათა შემდეგ შეიყვანონ მეორე ეშელონი, რომლებიც სიღრმეში შეტევას ოპერატიულად დაიწყებენ, მაგრამ პირველმა ეშელონმა უახლოესი ამოცანის გადაწყვეტა ვერ მოახერხა და იძულებული გახდნენ პირდაპირ მეორე ეშელონი შეეყვანათ. სამხედრო მიმართულებას თუ არ ჩავთვლით, მათი დახმარებით უახლოესი ამოცანის გადაწყვეტა მოხერხდა – ზოგიერთ ქალაქში შევიდნენ, მაგრამ უმთავრესი დავალების შესრულება, კიევის დაკავება ვერ შეძლეს. ახლა რუსებს დამატებითი რეზერვები სჭირდებათ, მაგრამ ვერც ამას იღებენ. რუსეთის სამხედრო შტაბებში გრავიტაციის ცენტრს არ განიხილავენ, განსხვავებით დასავლეთისგან. გრავიტაციის ცენტრი არ არის გეოგრაფიული ადგილი, რომელზეც ზემოქმედება მოწინააღმდეგეს დაასუსტებს. მაგალითად, რუსეთისთვის სტრატეგიული გრავიტაციის ცენტრი მოსახლეობის წინააღმდეგობის გაწევის სურვილის გაქრობა უნდა იყოს, სამხედრო გრავიტაციის ცენტრი კი – უკრაინის შეიარაღებული ძალები. რუსული დაგეგმარება სხვანაირია, სუსტი და ძლიერი წერტილების, ასევე, მნიშვნელოვანი ობიექტების მიხედვით ადგენენ სამოქმედო გეგმას. კიევის აღება სჭირდებათ, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და, არც უკრაინის დედაქალაქის და თუნდაც ხარკოვის აღებით არ სრულდება უკრაინა. ეს ქვეყანა კიდევ იომებს. ამ ეტაპზე კიევს ოთხი მიმართულებიდან უტევენ: ანტონოვის აეროდრომიდან, ჩრდილო-დასავლეთიდან, წყალსაცავიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ჩერნიგოვიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან, ჟიტომირიდან, ოღონდ შეტევასაც გააჩნია, დესანტის საშუალებით მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ, თორემ კიევი იმხელა ტერიტორიაზეა გაშენებული, სრულად ალყაში მოსაქცევად რუსეთს მთლიანი შეიარაღებული ძალებიც არ ეყოფა. ახლა ცდილობენ ქალაქის გადამწყვეტი მნიშვნელობის გეოგრაფიული წერტილების ბლოკირებას, რათა შემდეგ სექტორებად დაყონ და ასე შეძლონ მისი დაკავება ან ბლოკირება. თუ პუტინმა ომი გამოაცხადა, ბევრ რამეში ეხსნება ხელი. მაგალითად, შეუძლია სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება, რეზერვის გაწვევა. თუ მობილიზაციას გამოაცხადებს, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ახალწვეულების გაგზავნა შეუძლია, ახლა კი მხოლოდ კონტრაქტორები ჰყავს გაშვებული. ვიდეოში, რომელსაც უკრაინელები ტყვეებს უღებენ, რუსი სამხედროები ჰყვებიან, უკანა რიცხვით გვაწერინებდნენ ხელს, თითქოს ჩვენი სურვილი იყო აქ წამოსვლაო. ეს “გაპრავების” რუსული მეთოდია – ანუ ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის და ახალწვეულების ჩართვა მოუწევს. ეს კი, ომის ლოგიკით, ომის გამოცხადებას ნიშნავს. თუმცა ავადმყოფ პუტინს თავში რა დაარტყამს, პროგნოზირება ძნელია.
პუტინი ახლა კედლებს აწყდება, რადგან სურვილი ვერ აისრულა, არც ყვავილებითა და ტაშით შეხვდნენ, როგორც ეგონა. განურჩევლად ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებსა და სამოქალაქო ობიექტებს, იმიტომ, რომ ადამიანური რესურსი აღარ ჰყავს, რათა იმ ქალაქებში, სადაც მართლაც ცეცხლითა და მახვილით შევიდნენ, სამხედრო სამსახური მოაწყოს და გარნიზონები ჩააყენოს. ამიტომ ტაქტიკა შეცვალა – უკრაინის სირიიზაცია, ალეპოიზაცია სურს. მშვიდობიან მოსახლეობას რეგულარული ჯარები, არტილერია და ავიაცია ბომბავენ. ცდილობენ მიწასთან გაასწორონ ქალაქები და ასე გატეხონ სახელმწიფო. იმის გაკეთება სურთ, რაც ალეპოში გააკეთეს. მერე ქალაქებში შესვლაც არ დასჭირდებათ.რაც შეეხება უკრაინელებს, ომში იმ მხარის პროპაგანდა მუშაობს, რომელიც წარმატებულია. უკრაინა კი ამ საკითხში უგებს რუსეთს – სამხედრო საქმეში მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ძალიან კარგად ახდენს. 2014 წლიდან უკრაინა ამ ომისთვის ემზადებოდა და სრულიად სხვა ჯარი ჰყავს, თანამედროვედ აღჭურვილი და ბრძოლისუნარიანი, რომელიც ძალიან კარგად იყენებს როგორც მობილურ, ასევე პოზიციურ თავდაცვასაც. ამასთან, უკრაინას მთელი ძალები არ გამოუყენებია, ლვოვი-კარპატის მხარეში არის სამხედრო დაჯგუფება, რომელიც ომში ჯერ ბოლომდე არ ჩართულა.
რაც შეეხება იმას თუ რამდენად არსებობს ბირთვული ომის დაწყების საფრთხე – წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა ასე ადვილი არ არის. ამ გადაწყვეტილების მიღებას რთული პროცედურების გავლა სჭირდება. შეშლილი პუტინის გარდა, იქ არიან პირები, რომელთაც ამ საფრთხის მასშტაბურობა ესმით და არც პუტინთან ერთად სურთ სიკვდილი. გარდა ამისა, შემაკავებელი ფაქტორები არსებობს, პრეზიდენტის გარდა, საჭიროა სამი უმაღლესი თანამდებობის პირის თანხმობა. დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის რეაქციასაც, იქნება დიპლომატიური მოლაპარაკება თუ ფსიქოლოგიური წნეხი. ამასთან, ის, რომ რუსეთს ნატოზე 30 ბირთვული ქობინით მეტი აქვს, არ ნიშნავს უპირატესობის ფლობას. პარიტეტი მაინც არსებობს. რაკეტა რომ აფრინდება, ავტომატურად ირთვება ნატოს ბირთვული თავდაცვაც და რუსეთიც იღებს დარტყმას. ისე არ არის, პუტინმა გაისროლოს და სხვამ არაფერი გააკეთოს”,- აცხადებს კაპანაძე.