ლელა ჯანაშვილი – ინსპექტორის სამსახურზე: გაყოფა მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ამაღლდეს ორივე სამსახურის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ნეიტრალიტეტის ხარისხი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფა მნიშვნელოვანია, რათა ორივე სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხი ამაღლდეს, – ასე უპასუხა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლელა ჯანაშვილმა “ლელოს” დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის კითხვას აღნიშნული სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებით.
ჯანაშვილის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ ფუნქციას შორის წინააღმდეგობას მაშინაც ხედავდა, როდესაც ეს სამსახური შეიქმნა.
„2018 წელს, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით, სკეპტიკური მოსაზრება გამიჩნდა აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩემი მოსაზრება დაემთხვა მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებას. ისინი ერთი სამსახურის ქვეშ ამ ორი მნიშვნელოვანი ფუნქციის გაერთიანებაში გარკვეულ რისკს ხედავდნენ. პირველი, ეს იყო ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მთავარი ფუნქციაა, რომ განახორციელოს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კანონიერების კონტროლი და მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებანი და მეორე ფუნქცია, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ენიჭებოდა გახლდათ ის, რომ მას გამოძიება უნდა წარემართა. როდესაც პერსონალური დაცვის კანონიერებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა სამსახურს აქვს გარკვეული ტიპის უფლებამოსილებანი, რომ შეამოწმოს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით სამართალდამცავ ორგანოთა და მათ შორის პროკურატურის ორგანოთა საქმიანობა და, მეორე მხრივ, წარმართავს გამოძიებას გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ მას არ აქვს გამოძიებაზე პროცესუალური ზედამხედველობის ფუნქცია (ეს ფუნქცია სრულად არის პროკურატურის ხელში), ეს წინააღმდეგობა დავინახე. ჩემი აზრი დაემთხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის განცხადებასაც. იყო ერთგვარი საფრთხე, რომ ერთის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც ახორციელებს კანონიერების დაცვას პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, მათ შორის, პროკურატურის ორგანოებში და მეორეს მხრივ, პროკურატურის ორგანოები მას უწევენ პროცესუალურ ზედამხედველობას საგამოძიებო პროცესის წარმართვაზე. ეს გაყოფა მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ამაღლდეს ორივე სამსახურის, ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ნეიტრალიტეტის ხარისხი“,- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს ლელა ჯანაშვილს და თამარ ალფაიძეს უსმენს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.