დავით ქართველიშვილი: უშიშროების აკადემიის გაუქმების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში პროფესიული კადრები კმარელებმა და ქუჩიდან შემოსულმა აბსოლუტურად შემთხვევითმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს
მამუკა მდინარაძის ინიციატივას შეიქმნას უსაფრთხოების სამსახურისთვის სპეციალიზებული სასწავლებელი პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოში ჯერ კიდევ არიან პროფესიონალები, რომლითაც სასწავლებლის მომავალი მესვეურები უნდა დაინტერესდნენ და მათი შესაძლებლობები გამოიყენონ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 2004 წლის 18 ივლისის განკარგულებით მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ეროვნული უშიშროების აკადემია, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში პროფესიული კადრები კმარელებმა და ქუჩიდან მოსულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს.
„როდესაც 2004 წლის ზაფხულში, ცხინვალის ცენტრში განზრახ მიდიოდა ქართველი პოლიციელების შეურაცხყოფა, დაკნინება, როდესაც მუხლებზე დაჩოქილები დააყენა ედუარდ კოკოითმა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ელიტარული დანაყოფები, მიხეილ სააკაშვილმა მოიცალა და 2004 წლის 18 ივლისის განკარგულებით გააუქმა ეროვნული უშიშროების აკადემია.
ეს იყო უმაღლესი სასწავლებელი, რომლის წევრი ჯერ მსმენელად, შემდეგ ლექტორის და ცოტა ხანი კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებლად ვიყავი. ეს იყო უნიკალური სასწავლებელი თავისი უნიკალური უცხო ენების ორი კათედრით – დასავლურ ევროპული და აღმოსავლური ენების. ეს იყო უძლიერესი ფსიქოლოგიური სკოლა იმიტომ, რომ სპეცსამსახურები არის სპეციფიკური, სადაც სტრესსთან გამკლავება და ანალიტიკურ აზროვნება უნდა შეგეძლოს. სამწუხაროდ ასეთი ბაზა მთლიანად იქნა მოშლილი.
უშიშროების აკადემიის გაუქმების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში პროფესიული კადრები კმარელებმა და ქუჩიდან შემოსულმა აბსოლუტურად შემთხვევითმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის მამუკა მდინარაძის ინიციატივის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ აღდგება ეს აუცილებელი სასწავლებელი, რომელიც უნდა ლავირებდეს დღევანდელ მძიმე სიტუაციაში და იყოს მაღალი კვალიფიციური კადრების გამომშვები.
რაც შეეხება კადრებს, რომლითაც უნდა დაკომპლექტდეს ახალი ცენტრი, დავინტერესდი ამ საკითხით და მოვიძიე ყველა სპეციალისტი, თუმცა დიდი მასა ამ სპეციალისტების გარდაცვლილია ან ემიგრაციაშია წასული. მაგრამ საბედნიეროდ დღეს საქართველოში გვყავს ხალხი, რომლითაც სასწავლებლის მომავალი მესვეურები უნდა დაინტერესდნენ, გაესაუბრონ და ჩააყენონ ამ ეროვნულ საქმეში“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.