“რასაც “ემპათიის” ხელმძღვანელი და ექიმი ნიკა ყიფშიძე სააკაშვილთან დაკავშირებით ავითარებენ, ახალ სკანდალსა და გარეთ გაყიდვაზეა გათვლილი”

ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერს.

“რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათიის” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი და პირადი ექიმი, ნიკა ყიფშიძე ავითარებენ, ახალ სკანდალზე და გარეთ გაყიდვაზეა გათვლილი.

ყოფილი პრეზიდენტის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას, ახალი მეტად დამამძიმებელი პასაჟიც დაემატა. თუ აქამდე პატიმარობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ესმებოდა მუდმივად ხაზი, ახლა მას მედიკამენტური წამებაც დაემატა.

შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რომ ეს არის მორიგი პიარკამპანია, სააკაშვილის მდგომარეობის ხელოვნურად დასამძიმებლად და მეტი არაფერი, მაგრამ ვფიქრობ, იგი გაცილებით შორს მიმავალ მიზნებს ემსახურება, მით უმეტეს, ამ ვერსიას უკვე უნისონში აყვნენ ოპოზიციური პოლიტიკოსები, ცალკეული ექსპერტები თუ საზოგადოებრივი ცნობილი “ფეისები.”

ელექტორალური დემოკრატიის პირობებში, ქვეყნების რომელ კატეგორიაშიც საქართველო გადის, რამდენად აბსურდულიც არ უნდა ჩანდეს, თავისი არსით და პოლიტიკური დატვირთვით ეს არის უმძიმესი ბრალდება, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება “ქართული ოცნების” დემონიზაციისათვის და რამდენიმე კურდღლის ერთად დაჭერასაც ემსახურება.

ცნობილია, რომ “მედიკამენტურ წამებას”, რეჟიმების მოწინააღმდეგე პირების წინააღმდეგ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ან დისიდენტების მიმართ, მათ ფსიქიკაზე ზემოქმედების მიზნით, თავის დროზე ფართოდ იყენებდა სსრკ და ნაცისტური გერმანია და დღესაც იყენებს ავტორიტარული რეჟიმები. შესაბამისად, ამ ნარატივის გავრცელების მიზანიც მმართველი ძალის ავტორიტარულ რეჟიმად შერაცხვაა, და მიმართულია როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის საპროტესტო განწყობის ასამაღლებლად , ისე განსაკუთრებით საგარეო ზეწოლის გასაძლიერებელად.

გარდა ამისა, პატიმარ სააკაშვილის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, შესაფერისი ფონის შექმნასაც ემსახურება, პირველ რიგში ეს ე.წ პიჯაკების საქმეს ეხება, სადაც პროკურატურა მას 9 მილიონ ლარამდე სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავება. მაგრამ ეს პროცესი როგორც არ უნდა დასრულდეს, სააკაშვილს გორის ჰოსპიტალიდან ისევ ციხეში გადასვლა მოუწევს, რადგან მის წინააღმდეგ საქმე სხვა მუხლებითაც არის აღძრული.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურად მივდივართ ახალ მოთხოვნამდე და მთელი ამ კამპანიის საბოლოო მიზანიც ეს არის – მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იყოს რომელიმე უცხოურ კლინიკაში სამკურნალოდ, რადგან მისივე ექიმების მტკიცებით ამ სახის ავადმყოფის მკურნალობის არც პირობები და არც გამოცდილება ქვეყანაში არ გვაქვს.

რასაც “ემპათიის” ხელმძღვანელი მედიით ახმოვანებს და როგორც ალტერნატიული კონსილიუმის ეგიდით ამზადებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად, ვიმეორებ არის უმძიმესი ბრალდება ხელისუფლების მისამართით და იმედია , შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები პასუხსაც გასცემენ. თუ რამდენ კურდღელს დაიჭერს “ნაცოპოზიცია” ესეც მალე გამოჩნდება”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები