დაიბადა ბათუმში, წარჩინებით დაამთავრა ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლა.
ცეკვა ძალიან ადრეული ასაკიდან მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ცეკვავდა როგორც საბავშვო, ისე სახელმწიფო ანსამბლებში.
2014 წელს ქორეოგრაფიული ფაკულტეტი დაამთავრა.
ბათუმსა და ხელვაჩაურში ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს ხელმძღვანელობდა. მრავალი ნიჭიერი ბავშვი გაზარდა.
2019 წელს ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ოპერაციის შემდეგ იძულებული გახდა, საფრანგეთში წასულიყო.
როგორც მისი მეგობრები ამბობენ, დიდი შინაგანი ძალითა და რწმენით შეძლო დაავადების დამარცხება. ყოველი დაცემის შემდეგ კვლავ დგებოდა ფეხზე და ნაბიჯ–ნაბიჯ აგრძელებდა გზას.
დღეს საფრანგეთში ემიგრანტ ქართველ ბავშვებს ასწავლის ცეკვას, ხელოვნების სიყვარულს, საყვარელი საქმე ქართული კულტურის კერად აქცია.
მისი აღზრდილები მხოლოდ კარგი მოცეკვავეები კი არ იქნებიან, არამედ ღირსეული ადამიანები, რომლებიც არასოდეს დაივიწყებენ საკუთარ ფესვებს. – თეონა ვარშანიძის პერსონა.
– ადრეული ასაკიდან ცეკვავთ…
– ბავშვობიდანვე განსაკუთრებული კავშირი მქონდა ხელოვნებასთან, განსაკუთრებით ცეკვასთან. ჩემთვის ეს არ იყო უბრალოდ ჰობი – ეს იყო ჩემი საკუთარი თავის გამოხატვის გზა. მახსოვს, როგორ ვცდილობდი ნებისმიერი მუსიკის ფონზე მოძრაობას, ვსწავლობდი ახალ ილეთებს და საათობით ვვარჯიშობდი. ცეკვა ჩემთვის იყო თავისუფლება და სიხარული.
– ქორეოგრაფიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ჯერ ბათუმის სკოლაში, შემდეგ ხელვაჩაურის მშობლიურ სკოლაში მოღვაწეობდით, ვიდრე არ მოგიხდათ საქართველოს დატოვება….
– ქორეოგრაფიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ჩემი პროფესიული გზა სკოლაში დაიწყო – ჯერ ბათუმში, შემდეგ კი ჩემს მშობლიურ ხელვაჩაურში. ეს წლები ძალიან ძვირფასია ჩემთვის, რადგან სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება. ბავშვებთან მუშაობა უდიდეს სითბოსა და პასუხისმგებლობას მაძლევდა. მიუხედავად სირთულეებისა, ეს პერიოდი ჩემი პროფესიული ჩამოყალიბების საფუძველი გახდა.
– 2021 წლიდან საფრანგეთში ხართ. სიმსივნე უკვე უკან ჩამოიტოვეთ… ურთულესი პერიოდიც გადაილახა… – 2021 წლიდან საფრანგეთში ვარ. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გამოცდა – სიმსივნე – გამოვიარე. ეს იყო ბრძოლა, რომელმაც ძალიან შემცვალა. გადავლახე ეს პერიოდი ოჯახის, ახლობლებისა და საკუთარი შინაგანი ძალის დახმარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რწმენა – რომ ყველაფერი შეიძლება დასრულდეს კარგად, თუ არ დანებდები.
– ემიგრანტ ქართველ ბავშვებს ცეკვას ასწავლით, და არა მხოლოდ ცეკვას…
– დღეს უკვე საფრანგეთში ვაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმეს – ვასწავლი ქართულ ცეკვებს ემიგრანტ ქართველ ბავშვებს. თუმცა, ეს მხოლოდ ცეკვა არ არის – ეს არის ქართული კულტურის, იდენტობისა და ღირებულებების გადაცემა. ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, უფრო გააზრებული და პასუხისმგებლობიანი.
– კანში მოღვაწეობთ. ემიგრანტებს მხოლოდ ტრადიციულ ცეკვებს ასწავლით?
– სტუდია მაქვს ქალაქებში – კაენსა და ჰავრში. ძირითადად, ქართულ ტრადიციულ ცეკვებს ვასწავლი, თუმცა ვცდილობ, ბავშვებს მრავალფეროვანი გამოცდილება მივცე – შევუთავსო თანამედროვე ელემენტებიც, რათა მათთვის უფრო საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებული იყოს პროცესი.
– დიდია ქართველი ემიგრანტების დაინტერესება ცეკვით….
– ინტერესი ნამდვილად დიდია. ეს ბავშვები არიან ემიგრანტი ქართველების შვილები, რომლებიც ხშირად უკვე უცხო გარემოში იზრდებიან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ არ დაკარგონ კავშირი საკუთარ ფესვებთან. ვმონაწილეობთ სხვადასხვა ღონისძიებაში, ფესტივალებსა და კონკურსებში, რაც მათთვის დიდი მოტივაციაა.
– საინტერესო ამბავი…
– ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როდესაც ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა, რომ ცეკვის წყალობით უფრო მეტად იგრძნო თავი ქართველად. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი საქმე მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის მისია.
ასევე კიდევ ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში უკავშირდება ჩემს სამსახიობო გამოცდილებას – მე და ჩემმა შვილმა მონაწილეობა მივიღეთ ქართულ-ფრანგულ ფილმში „სხვა“ / “L’autre« , რომელმაც გამარჯვება მოიპოვა და დღეს უკვე საფრანგეთის კინოთეატრებში აჩვენებენ. ეს იყო სრულიად ახალი და ძალიან საინტერესო გამოცდილება, რომელმაც კიდევ ერთხელ დამანახვა, რომ ხელოვნება მრავალმხრივია და ყოველთვის გაძლევს განვითარების ახალ შესაძლებლობებს.
– თეონა ვარშანიძის ერთი დღე?
– ჩემი დღე საკმაოდ დატვირთულია. დილა იწყება დაგეგმვით, საოჯახო საქმეებით, შემდეგ ვატარებ რეპეტიციებს, ვმუშაობ ბავშვებთან, ვამზადებ ახალ ქორეოგრაფიებს. ასევე ვამზადებ მექორწილე წყვილებს. გასულ კვირას მოვამზადე წყვილი. პატარძალი არის ქართველი. სიძე ფრანგი. თავისუფალ დროს ვცდილობ საკუთარ განვითარებასაც დავუთმო დრო – ვკითხულობ, ვუყურებ სპექტაკლებს ან ვვარჯიშობ.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ისევ ხელოვნებას უკავშირდება – მიყვარს მუსიკა, ფილმები, ზოგჯერ ხატვაც. ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბუნებაში სეირნობა, რაც მეხმარება განტვირთვაში.
– ბედნიერება?
– ჩემთვის ბედნიერება არის შინაგანი სიმშვიდე, ჩემი ოჯახი. მიზნის ქონა და იმ საქმის კეთება, რაც გიყვარს. ბედნიერება არის ისიც, როცა შეგიძლია სხვებს სიხარული მოუტანო. დღეს თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ – მიუხედავად ყველაფრისა, რაც გამოვიარე.
– მომავალში რას აპირებთ?
– მომავალში მინდა უფრო მეტად განვავითარო ჩემი საქმიანობა, უფრო მეტი ემიგრანტი ბავშვი ვაზიარო ქართულ კულტურას. შევქმნა უფრო დიდი ქართული ცეკვის სტუდია, სადაც მეტი ბავშვი შეძლებს სწავლას. ასევე მაქვს სურვილი, დავგეგმო საერთაშორისო პროექტები. ვემზადები სოლო კონცერტის ჩასატარებლად. მინდა კიდევ უფრო ფართოდ გავავრცელო ქართული კულტურა საფრანგეთში.

თამარ შაიშმელაშვილი