„სიზმარში დაკარგული ბიჭის ამბავი” – ვასო გულეურის საბავშვო წიგნის წარდგენა გაიმართება
27 მარტს, 19:00 საათზე, „წიგნის კაფეში“ გაიმართება საბავშვო მწერლისა და მთარგმნელის, ვასო გულეურის წიგნის წარდგენა – „სიზმარში დაკარგული ბიჭის ამბავი”.
„სიზმარში რას არ ნახავს ადამიანი. ალბათ, შენც უამრავი ფერადი სიზმარი გინახავს, მაგრამ ისეთი, ხუჭუჭა და დიდთვალება ვატოს რომ დაესიზმრა, მგონი იშვიათია. შეიძლება ვცდები, და შენ კიდევ უფრო უცნაური რამ გესიზმრება ხოლმე. ისე, რა მაგარი რამ არის სიზმარი. დახუჭავ თვალებს და წავიდააა: ხან ცაში დაფრინავ და ღრუბლებში დასრიალებ, ხან მწვანე ბალახით დაფარულ ზღაპრულ მინდორში დაეხეტები და ხედავ, როგორ დაფარფატებს კუ ყვავილიდან ყვავილზე, იქით შეყვარებული ცხენი სიყვარულზე გესაუბრება. მარტო ცხენი? არა, ყველა არსება ლაპარაკობს – ქუდიანი სოკო და ფესვმაგარი ხე, წვიმის წვეთები, ცის ცრემლებად რომ გაცნობენ თავს, ლამაზკუდიანი ფარშავანგი, შვიდფერა ცისარტყელა… კარგია სიზმარი, მაგრამ თენდება და თვალს ახელ, ახალი დღე იწყება. ის ზღაპრული და ნაირფერი სიზმარი კი არ გავიწყდება, ღამის მოლოდინში ხარ, ჯადოსნური სიზმრის გაგრძელების მოლოდინში“.
შეხვედრა „წიგნის კაფეში“ გაიმართება (არჩილ მიშველაძის №4, ვაკის პარკთან).