“წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ, ყველა ერთნი ვიყავით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაჭავარიანი განმარტავს, პატრიარქის ოცნება იყო ასეთი – ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე გახადა შესაძლებელი.
“ერთმანეთის მიმართ ყველანაირი წყენა გაქრა. გაქრა ბრაზი, შური, ბოღმა. არ არსებობდა პროფესია, სოციალური სტატუსი, თანამდებობა. ყველა თანაბარი, დაობლებული ჭირისუფალი ვიყავით. არ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ყველას ერთი აზრი და საერთო მიზანი გვქონდა – ღირსეულად უნდა გაგვეცილებინა ჩვენი უწმინდესი!
მისალმების ნაცვლად ერთმანეთს ვუსამძიმრებდით ჩვენს საერთო სევდას. ვისაც რითი შეგვეძლო, ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს. ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენი გააკეთა. არასდროს რიგში დგომა, რომ არ „გვეხერხებოდა“, წინა დღეებში ესეც კი სამაგალითოდ მოვახერხეთ ქართველებმა. ხალხი რიგში ადგილსაც კი უსიტყვოდ უთმობდა ერთმანეთს. სამების ტაძართან მცხოვრები მოქალაქეები მსახურებით იყვნენ დაკავებულნი, ხალხს წყლით, ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ, იმიტომ კი არა, ვინმეს დაენახა და შეექო, არამედ იმიტომ, რომ სიყვარულის მდგომარეობას ასე გამოხატავდნენ. ვნახეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებმაც ყავარჯნებით ამხელა გზა გაიარეს, ვნახეთ როგორი სითბოთი და მოწიწებით ეგებებოდნენ მათ პოლიციელები, რომლებიც რიგის ნაკადს აწესრიგებდნენ. წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს.
საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას, ზეციურ საქართველოში. წინა დღეებში ჩვენ მართლაც, რომ შევძელით პატრიარქის ნანატრი საქართველო და ქართველები ვყოფილიყავით.
ახლა, ზეცაში გვყავს ყველაზე დიდი გულშემატკივარი, იქიდან დაგვლოცავს და გაგვაძლიერებს, ხოლო ჩვენ მისი ხათრით მაინც ვალდებულები ვართ, რომ გვიყვარდეს, პატივი ვცეთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, არ გამოვიდეთ სიყვარულის ამ მდგომარეობიდან და ყოველდღე ვეცადოთ, რომ როგორც უწმინდესი გვასწავლიდა, ნაკლოვანებები საკუთარ თავში ვეძებოთ და იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით.
წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!
თურმე, რა მაგრად გვყვარებიხარ, პატრიარქო!
მშვიდობით, ყველაფრისთვის დიდი მადლობა!
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”, – წერს ლევან მაჭავარიანი.