დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ალბანეთის, ბულგარეთის, იერუსალიმის, კვიპროსის დელეგაციის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის, უნაკლოდ დაორგანიზებული პროცესი არ უნახავთ
“ალბანეთის, ბულგარეთის, იერუსალიმის, კვიპროსის დელეგაციის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის, მსგავსი ერთსულოვნების და უნაკლოდ დაორგანიზებული პროცესი არ უნახავთ”, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, დელეგაციის წევრებმა თქვეს, რომ ამ გამოცდილებით გამდიდრებულები მიდიოდნენ.
„დღეს, საპატრიარქოში იყვნენ მობრძანებული დელეგაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ეკლესიისად, რომლებიც ჩვენთან, ამ დღეებთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. ეს იყო ალბანეთის, ბულგარეთის, იერუსალიმის, კვიპროსის წარმომადგენლები და ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის, მსგავსი ერთსულოვნების და უნაკლოდ დაორგანიზებული პროცესი არ უნახავთ. თქვეს, რომ ჩვენ მივდივართ გამდიდრებულები ამ გამოცდილებით. ალბათ ეს არის სათქმელი, რაც შეიძლება ითქვას ამაზე.
უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამაში ჩართული იყო. სასულიერო პირებს, სახელმწიფოს მხრიდან ვინც იყო ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის სამსახურს, კულტურის სამინისტროს. აბსოლუტურად ყველას იმ ერთსულოვნებისთვის, იმ გულწრფელი დამოკიდებულებისთვის პატრიარქისადმი და სრულად გააზრებისთვის, რაც ჩვენს ერს ამ დღეებში გადახდა.
რა თქმა უნდა ექიმებს, რომლებიც ბოლო დღეებში პატრიარქთან მუდამ იყვნენ. განსაკუთრებით, ჯანდაცვის მინისტრს. ყველას გვინდა მადლობა ვუთხრათ.
ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეტყვი ჩვენს მუსლიმ ძმებს. პანაშვიდი დასრულდა ამ წუთას და აქ შემოგვიერთდნენ პატრიარქისათვის პატივის მისაგებად. მადლობას ვეტყვი სომეხ ძმებს, რომლებიც ზარებით აცილებდნენ პატრიარქს ბოლო გზაზე. იეზიდებს, ებრაელებს და ყველას, ძალიან ბევრი იყო, ვინც გამოხატა თავისი დამოკიდებულება და სამძიმარი გამოგვიგზავნა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.