დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელა

ბიუჯეტისა და ზოგადად საბიუჯეტო პროცესის აღრიცხვიანობისა და გამჭვირვალობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

პარლამენტის ინფორმაციით, პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი თქმით, საბიუჯეტო პროცესის აღრიცხვიანობისა და გამჭვირვალობის მხრივ ჩვენს ქვეყანას კარგი პრაქტიკა და კარგი საერთაშორისო რეიტინგები აქვს, თუმცა არის კიდევ გაუმჯობესების სივრცე გარკვეული მიმართულებებით. ცვლილება გარდამავალ დებულებებს ეხება, კერძოდ საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ხაზინის მომსახურებაზე გადასვლას და შესაბამისად მათი ყოველდღიურ რეჟიმში ანგარიშვალდებულების და აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას. ასევე, სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის პროცესს.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, „2015 წლიდან ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი გადავიდა ხაზინის ერთიან სისტემაზე, დარჩენილია მხოლოდ საჯარო სკოლები და რამდენიმე ბაღი. 2022 წლის 1 იანვრიდან ყველა საჯარო სკოლა უნდა ყოფილიყო გადასული, მაგრამ ამას ესაჭიროება შესაბამისი ტრენინგები, რაც პანდემიიდან გამომდინარე შეფერხდა, ამიტომ ეს სავალდებულოობა 2024 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს. თუმცა, ამ პერიოდში ტრენინგების კვალდაკვალ გადავიყვანთ საჯარო სკოლებს ხაზინის მომსახურებაზე, ისე, რომ 2024 წლისთვის უკვე ყველა საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი იქნება ამ სისტემაში ჩართული”. მისივე თქმით, მეორე მიმართულებას სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის გათვალისწინებით, სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ოპერაციების საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში ასახვა წარმოადგენს.

მოცემული კანონპროექტი სწორედ ამისთვის ქმნის სამართლებრივ საფუძველს. სხდომაზე კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ” შეთანხმება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილის თქმით, ხელშეკრულებას ხელი მოეწერა მიმდინარე წლის ივლისში და გულისხმობს შემოსავალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის პრევენციას. მსგავსი ხელშეკრულება საქართველოს დადებული აქვს 57 ქვეყანასთან. ხელშეკრულება მოიცავს დებულებებს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს. სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საკვების ბანკის შექმნის” თაობაზე.

საკითხი ეხება საკვების ბანკების შექმნას სიღარიბისგან გამოწვეული შოკების შემცირების მიზნით. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასკვნის თანახმად, ამ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება პროექტის შემუშავება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის დასკვნის მიხედვით საკითხი საჭიროებს დამუშავებას სურსათის უვნებლობის კუთხით. ამავე საკითხთან დაკავშირებით მუშაობს აგრარულ საკითხთა კომიტეტიც.

შესაბამისად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში გააგრძელოს მუშაობა ზემოაღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები