ბიძინა კულუმბეგოვი: უნდა გვესმოდეს რისკისა და სარგებლის ფარდობითობა, ამ ვაქცინას სარგებელი განუზომლად მეტი მოაქვს, ვიდრე შესაძლო ზიანი

“ვაქცინაციას მედიცინაში დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს რომ კაცობრიობა დაახლოებით 7,8 მილიარდია, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჰიგიენას, სუფთა წყალსა და ვაქცინაციას”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “კვირის პალიტრისთვის” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რაც მეტი ვაქცინა გაკეთდება, მით უფრო სასიკეთო იქნება ეს ქვეყნისთვის.

“ვაქცინაციას მედიცინაში დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს რომ კაცობრიობა დაახლოებით 7,8 მილიარდია, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჰიგიენას, სუფთა წყალსა და ვაქცინაციას. “ყვავილი” ერთადერთი დაავადებაა, რომელიც მთლიანად ამოიძირკვა 1978 წელს, ვაქცინაციის დახმარებით. ვაქცინაცია კეთდება დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, ცოფის და ა.შ. წინააღმდეგ. ყოველწლიური ვაქცინაციის გარეშე მარტო წითელათი და მასთან დაკავშირებული გართულებებით წელიწადში ორმილიონნახევარი ადამიანი გარდაიცვლებოდა. მართალია, წითელა ისევ ბობოქრობს, მაგრამ ამით წელიწადში 140 000 ადამიანი იღუპება და არა ორ მილიონზე მეტი. ცოფის ვაქცინა რომ არ არსებობდეს, ეს დაავადება 21-ე საუკუნეშიც კი 100%-ით სასიკვდილო იქნებოდა.

უნდა გვესმოდეს, რომ მედიცინაში არის პრინციპი – რისკისა და სარგებლის ფარდობითობა. მე პაციენტს ანტიალერგიულ წამალს გამოვუწერ თუ სიცხის დამწევს, ყოველთვის ვაფასებ, იმ მომენტში ამ წამალს უფრო მეტი სარგებელი ექნება თუ გვერდითი მოვლენა. არ არსებობს წამალი, გვერდითი ეფექტი რომ არ ჰქონდეს. ვაქცინაც ასეა. როგორც ექიმი და იმუნოლოგი, ვაცნობიერებ, რომ ვაქცინებსაც აქვს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს გვერდითი მოვლენები მილიონობით დოზის გაკეთების დროს არის, მაგალითად, ადგილობრივი ტკივილი, მსუბუქი ქავილი, სისუსტის შეგრძნება, დაბალი ტემპერატურა პირველი ორი დღე. სხვა ხანგრძლივი და ხშირი შედეგები თანამედროვე ვაქცინებს არ ახასიათებს. “ფაიზერის” მილიონი დოზის გაკეთების შემდეგ 5-6 ალერგიული შემთხვევა იყო, “მოდერნას” შემთხვევაში კი მილიონ დოზაზე _ 2-3. ამიტომ ექიმმა მაია გოთუამ და მე შევქმენით და დღე-დღეზე გამოქვეყნდება “კოვიდ-19”-ის შემდგომი ალერგიული რეაქციების მართვის პროტოკოლი, რომელშიც გაზიარებულია მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილება.

ალერგიული ადამიანი 30 წუთი იქნება იქ, სადაც ვაქცინა გაიკეთა. ვინც ალერგიული აღმოჩნდება პირველი დოზის გაკეთებისას, მას მეორე დოზა აღარ გაუკეთდება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ამ ვაქცინას მიღებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა… კი ბატონო, არის კითხვები, მაგრამ ვიმეორებ – არსებობს რისკი და სარგებელი. დღეს, როცა შიშველი ხელებით, მედიკამენტების გარეშე ებრძვის მსოფლიო ამ დაავადებას, რომელმაც უკვე იმსხვერპლა ჩვენი 3000 მოქალაქე და მსოფლიოში 2 200 000 ადამიანი, მხოლოდ ვაქცინებით შეიძლება ჩვენი საყვარელი ბებია-ბაბუებისა და სხვა რისკ-ჯგუფების წევრთა სიცოცხლის გადარჩენა. ამ ვაქცინას სარგებელი განუზომლად მეტი მოაქვს, ვიდრე შესაძლო ზიანი. ამ ვაქცინებმა გაიარა კვლევების ყველა ფაზა და დღეს უკვე 153 მილიონი ადამიანია აცრილი. სანამ ჩვენამდე მოაღწევს, 200 მილიონ ადამიანს ექნება გაკეთებული. ებრაელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როგორი ჭკვიანები არიან – მათ პირველებმა გაიკეთეს ვაქცინა, ისრაელს მოსახლეობის 70% უკვე აცრილი ჰყავს. დღეს მსოფლიოში ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და თუ ჩვენ ეს დაავადება არ შევასუსტეთ მაინც, ცხოვრებას როგორ გავაგრძელებთ?”.

არავითარი აივ-ინფექცია ამ აცრის შემდეგ არ ვლინდება! სინამდვილეში საქმე ეხებოდა ერთ-ერთ კანდიდატ ვაქცინას, რომელიც ავსტრალიის უნივერსიტეტში იყო შემუშავებული და კვლევის პირველივე ფაზაში იმის გამო შეჩერდა, რომ მათ, ვისაც ვაქცინა გაუკეთდათ, აივ-ინფექციაზე ტესტირების დროს ცრუ დადებითი პასუხი აღენიშნათ. საქმე ეხება არა აცრილთა აივ-ინფექციით დასნებოვნებას, როგორც სოციალურ მედიაში ითქვა, არამედ ტესტის ცრუ დადებით პასუხს, ვინაიდან ვაქცინის ერთ-ერთი ცილოვანი კომპონენტი ჰგავდა აივ-ვირუსის ერთ-ერთ პროტეინს, რომლის მიმართ აცრილებს ანტისხეულები გამოუმუშავდათ. ისმის კითხვა: რატომ ვენდობით დასავლურ ვაქცინებს? ამ ქვეყნებში კვლევები მიმდინარეობს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ისინი ხალხს არ ატყუებენ. მაგალითად, ამერიკული კომპანია “მერკი” მსოფლიოში ვაქცინების გიგანტია, მაგრამ მათ ორი ვაქცინის კვლევა ჩაუვარდათ, რადგან აღმოაჩინეს, რომ პირველი და მეორე ვაქცინაციის დროს იმუნიტეტის ტიტრი არ განსხვავდებოდა – ორგანიზმში ანტისხეულები იმაზე მეტი არ იყო, ვიდრე ბუნებრივი ინფექციის შემთხვევაში იქნებოდა და კვლევა შეწყდა.

“ფაიზერსა” და “მოდერნას” შორის არავითარი სხვაობა არ არის. ორივე ნუკლეინის მჟავების შემცველი ვაქცინაა. ასეთი ვაქცინები შეიცავს გენეტიკურ მასალას, რომელშიც ვირუსის ანტიგენის (ვირუსის ცილოვანი ანუ პროტეინული კომპონენტის) შექმნის ინსტრუქციაა კოდირებული. კორონავირუსის შემთხვევაში ასეთი ანტიგენია ვირუსის სპაიკ-პროტეინი. ადამიანის უჯრედებში ამ გენეტიკური მასალის მოხვედრის შედეგად მასში კოდირებული ინფორმაცია მასპინძელი ორგანიზმის უჯრედების ცილის მასინთეზებელ აპარატს აიძულებს, კორონავირუსის ანტიგენი გამოიმუშაოს, რაც მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ პასუხს განაპირობებს. განსხვავებულია “ასტრაზენეკა”. მასში ადენოვირუსია შიგნით გადამტანი და ამაზეა მიწებებული კორონავირუსის ცილის სინთეზის გენეტიკური ინფორმაცია. “ასტრაზენეკაშიც” დევს კორონავირუსის გენეტიკური ინფორმაცია, ოღონდ ადამიანის უჯრედებამდე კოდირებული გენეტიკური ინფორმაციის მისატანად უპირატესად ადენოვირუსი – ჩვეულებრივი “გაცივების” გამომწვევი ვირუსი გამოიყენება. შედეგად, უჯრედები კორონავირუსის ანტიგენის გამომუშავებას იწყებს, რასაც ორგანიზმის იმუნური პასუხის განვითარება მოჰყვება.

“ასტრაზენეკას” მიწოდებაზე მიმდინარეობს სერიოზული გეოპოლიტიკური ბრძოლა ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, გერმანიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ გამოაცხადეს, რომ რადგან “ასტრაზენეკას” კვლევები ტარდებოდა 65 წელზე უმცროს ადამიანებში, უსაფრთხოების მიზნით ჯობდა, გამოეყენებინათ “ფაიზერი” და არა “ასტრაზენეკა”. რაც შეეხება მთავარ განმკარგულებელს, რომელიც ამბობს, როდის უნდა გამოვიყენოთ ვაქცინები, წინასწარი ანალიზით ეს იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტ-მრჩეველთა საბჭო, რომელმაც ორი დღის წინ გამოაცხადა, ჩვენი ექსპერტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ ვაქცინა სრულად აკმაყოფილებს სტანდარტის ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უყენებს ვაქცინას, შესაბამისად, არავითარი პრობლემა 65 წლის ზემოთ მისი გამოყენების არ არსებობსო. მეორე მხრივ, ზოგიერთმა ქვეყანამ 2000 კაცზე ჩატარებული კვლევით თქვა, რომ ამ ვაქცინას ეფექტიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს. შეიძლება არ არსებობს ასეთი კვლევების საბოლოო მონაცემები, მაგრამ ერთი რამ ვიცით – შეიძლება ამ ვაქცინამ სამხრეთ აფრიკაში ადამიანი მსუბუქი და საშუალო დაავადებისგან სრულად ვერ დაიცვას, რადგან იქ ვირუსმა მუტაცია განიცადა, მაგრამ სიკვდილისგან ნამდვილად იცავს. ამიტომ ჯანმო რეკომენდაციას უწევს სამხრეთ აფრიკას, გააგრძელოს “ასტრაზენეკათი” მოსახლეობის აცრა. ჯერჯერობით ამ საკითხზე რაიმე საგანგაშო ინფორმაცია არ არსებობს.

“ვაქცინები ორდოზიანია. პირველი დოზის გაკეთების შემდეგ იმუნიტეტის ტიტრის დაახლოებით 50-60%-ის დაცვა ხდება შესაძლებელი, მეორედ აცრის შემდეგ კი ერთ კვირაში ორგანიზმი სრულად არის დაცული. “ფაიზერით” აცრისას, პირველი დოზის მიღების შემდეგ იმუნიტეტის ტიტრის დაცვის მაჩვენებელი 95%-ია, “ასტრაზენეკას” შემთხვევაში – 89%. მეორე დოზიდან ერთ კვირაში “ასტრაზენეკაც” სრულად იცავს ორგანიზმს, ოღონდ მისი განმეორებითი გამოყენება შეიძლება 28 დღეში. პირველ ეტაპზე ვაქცინა ჩამოვა მცირე რაოდენობით, ამიტომ მედპერსონალს შორისაც ჯერ აიცრებიან “სასწრაფოს” ექიმები, ექთანები და ის თანამშრომლები, რომლებიც კოვიდკლინიკებში მუშაობენ. არ აიცრებიან 18 წლამდე ასაკის­ ბავშვები და ორსულები, ასევე ისინი, ვინც იკეთებენ ქიმიოთერაპიას, თუმცა ქიმიოთერაპიის დამთავრების შემდეგ მათაც შეეძლებათ აცრა. ბავშვების აცრისგან თავშეკავების მიზეზი ვაქცინის გამოუცდელობაა. დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 29,9%, ანუ ყოველი მესამე, 18 წლამდე ასაკისაა და თუ დაახლოებით ორ მილიარდ-ნახევარზე მეტ ადამიანს არ გაუკეთდა ეს ვაქცინა, შეუძლებელი იქნება ვაქცინაციის დახმარებით პანდემიის დამარცხება, ამიტომ დაწყებულია “მოდერნასა” და “ფაიზერის” კვლევები ბავშვთა პოპულაციაშიც. პირველი მონაცემებით, შეიძლება ამ წლის სექტემბერში უკვე გაიცეს რეკომენდაცია 12 წლის ასაკიდან ბავშვთა აცრის შესახებ.

თუ რამდენ ხანს დაგვიცავს ვაქცინა პასუხი არავინ იცის. ამის გარკვევას დრო სჭირდება. აცრილ ადამიანებს ორი წლის განმავლობაში სამ თვეში, ექვს თვეში ერთხელ აუღებენ ანტისხეულებზე ანალიზს, რომ გაირკვეს, ტიტრი შეუმცირდათ თუ მათ შორის ავადობამ მოიმატა… რაც შეეხება კოვიდგადატანილი პაციენტებს აცრას, ამ საკითხს ყველა ქვეყანა სხვადასხვაგვარად უყურებს. მაგალითად, ამერიკაში კოვიდგადატანილებსაც ცრიან. ჩვენს ქვეყანაში, რადგან ვაქცინის რაოდენობა მცირე იქნება, მნიშვნელოვანია პრიორიტეტული ჯგუფების გამოყოფა, ამიტომ ისინი რიგში, ალბათ, ცოტა უკან გადაინაცვლებენ… ვისურვებდი, სასულიერო პირებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ – უფრო სწორი და მეცნიერულად გამართული. მე რამდენიმე სასულიერო პირი დამიკავშირდა, ძალიან გონიერი, სწორად მოაზროვნე და მთხოვა მასალების გაგზავნა. მათ აინტერესებდათ ინფორმაცია ვაქცინის სახეობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე მათაც და სინოდსაც. თუ სასულიერო პირებს მკვეთრად განსხვავებული პოზიცია არ ექნებათ, ეს ნაკლებად დააბნევს მრევლს და უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის. მერწმუნეთ, რაც მეტი ვაქცინა გაკეთდება, მით უფრო სასიკეთო იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის”, – აცხადებს კულუმბეგოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები