რეგიონში უამინდობითა და უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, თოვლის საფარისა და ლიპყინულისგან ინტენსიურად იწმინდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და მუნიციპალური გზები. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოებში ჩართულია 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
,,სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
საყურადღებოა, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, დიდთოვლობის გამო დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე კი, ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია”,- წერია ინფორმაციაში.