დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანები ჩაერთნენ
დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებისა და ვეტერანებისგან შექმნილი მობილური ჯგუფები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით, სტიქიის პირველი დღეებიდანვე, აქტიურად ჩაერთნენ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში. სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლებმა, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 15-მდე ოჯახს გაუწიეს დახმარება. სახლების გადათოვლის პროცესი გრძელდება.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, საქართველოს ყველა რეგიონიდან, სრულ მზადყოფნაში არიან, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან; გადაცემულია სამობილიზაციო ჯგუფების სიები და სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები.
ამასთან, მობილური ჯგუფები შეიქმნა მოხალისეთა ორგანიზაციაში ა(ა)იპ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის”, რომელსაც, მოხალისეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოების 1000-ზე მეტი სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი ჰყავს გადამზადებული. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აქვე გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლობებს: გურიაში: ოზურგეთი_ 599 094 977; ლანჩხუთი_ 591 007 795; ჩოხატაური_577 95 79 03. აჭარის ა/რ: ბათუმი_ 593 01 02 00; ქობულეთი_ 599 79 03 06; ხულო, ქედა, შუახევი- 577 71 51 18. იმერეთი – 551 90 00 17.
ინფორმაციისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში გადაუდებელმა თოვლმა, განსაკუთრებულად დააზარალა გურიის და, ასევე, აჭარის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონები. გურიაში, უხვი ნალექის გამო, გაჩერებულია საავტომობილო მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთო.