“მონაპოვარი, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გვაქვს, არის მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, ეს უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე, ვიდრე დიდი დაპირისპირება დასრულდება” – ნიკოლოზ სამხარაძე
“ის მონაპოვარი, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გვაქვს, არის მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, ეს უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე, ვიდრე დიდი დაპირისპირება დასრულდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია უკრაინის ინტერესებს საქართველოს ინტერესებზე წინ ვერ დააყენებს.
„სამი წლის თავზე ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა – უკრაინა უფსკრულის პირასაა, რადგან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეინარჩუნებს თუ არა, არათუ ყირიმს და დონბასის იმ ტერიტორიებს, რომლებიც 2022 წლამდე იყო მის შემდგენლობაში, არამედ იმ დიდ ტერიტორიას, რომელსაც დღეს რუსეთი აკონტროლებს. ყველა შედეგი რომ გვერდზე გადავდოთ, ეს უკვე არის ძალიან მძიმე ტრაგედია და დიდი კატასტროფა უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის.
რაც შეეხება საქართველოს, მარტივი პრინციპით ვიხელმძღვანელეთ და ეს იყო საქართველოს ინტერესების პირველ რიგში დაყენება. გვესმის, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, თუმცა მის ინტერესებს საქართველოზე წინ ვერ დავაყენებდით. საქართველოს ინტერესი იყო, რომ არ დავზარალებულიყავით ამ ომით, რომელშიც თითქმის მთელი მსოფლიო არის ჩართული, ზოგი უშუალოდ აგრესორია, ზოგი უკრაინას იარაღს და ფინანსებს აწვდის, ზოგს სხვადასხვა სახის დიპლომატიური განცხადებები აქვს, ეს არ იყო ლოკალური ომი და მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება, რეალურად, ეს საკმაოდ მძიმე გლობალურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამიტომ, ამ გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ხელისუფლების ამოცანა იყო, რომ ჩვენი ქვეყანა გადაგვერჩინა. ეს იყო ერთადერთი ამოცანა.
მართალია, ეს ომი არ დამთავრებულა, თუმცა სულ უფრო ნაკლები რისკი რჩება, რომ საქართველოს ამ ომის სიმძიმე პირდაპირ შეეხოს. რა თქმა უნდა, ჯერ უნდა მოვითმინოთ, ვიდრე ცეცხლი საბოლოოდ შეწყდება და მოხდება სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, მანამდე ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის მონაპოვარი, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გვაქვს, არის მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, ეს უნდა შევინარჩუნოთ ბოლომდე, ვიდრე დიდი დაპირისპირება დასრულდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.