რუმინეთის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კალინ ჯორჯესკუ დააკავეს

დღეს ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ დააკავეს და გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს. ის ეჭვმიტანილის სტატუსით იკითხება,- ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ჯორჯესკუ გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების სამიზნეა, რომლის ფარგლებშიც მას ფაშისტურ ორგანიზაციაში ჩართულობა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადავო იდეოლოგიებისა და პირების პოპულარიზაცია ედება ბრალად.

G4Media-ს ინფორმაციით, საქმე ჯორჯესკუს დაცვის გუნდის უფროსს, ჰორაციუ პოტრას ეხება. რუმინული მედიის ცნობით, პოტრას წინააღმდეგ გამოძიება “ფაშისტური, რასისტული ან ქსენოფობიური ხასიათის ორგანიზაციის შექმნის ან დაარსების” საფუძველზე მიმდინარეობს.

პოტრასთან დაკავშირებით მომხდარ ჩხრეკებს დღეს დილით ჯორჯესკუ Facebook-ზე გამოეხმაურა

“პროკურორები ცდილობენ, მტკიცებულებები გამოიგონონ, რათა არჩევნების მოპარვა გაამართლონ”,- დაწერა ჯორჯესკუმ.

შეგახსენებთ, 24 ნოემბრის რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელშიც პირველ ადგილზე დამოუკიდებელი პრორუსული განწყობების მქონე კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ გავიდა, გაუქმებულად გამოაცხადა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები