გიორგი გობრონიძე: საქართველო იქნება იქ, როგორც გადაწყვეტს ქართველი საზოგადოება
“საქართველო იქნება იქ, როგორც გადაწყვეტს ქართველი საზოგადოება”, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
ექსპერტი ინტერვიუში ტრამპის პოლიტიკასაც ეხმაურება.
“აბსურდია იმის თქმა, რომ ტრამპი არაპროგნოზირებადია. თუ ის არ იქცევა ისე, როგორც ვიღაცას წარმოუდგენია ან სურს, სულაც არ ნიშნავს, რომ არაპროგნოზირებადია. ის მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი პოლიტიკოსი და დღესაც ასეა. მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ ნებისმიერ ფასად შეეცდება ომის დასრულებას და ახლა სწორედ ამას აკეთებს. ტრამპმა კარგად გააცნობიერა, რომ ამ ომით არ გამოვიდა ის, რაც იყო დაგეგმილი ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერით, არ აღმოჩნდა ეს დახმარება იმდენად ეფექტიანი, რომ უკრაინას მოეპოვებინა სტრატეგიული, ოპერატიული ან ტაქტიკური უპირატესობა ამ სამხედრო დაპირისპირებაში. მთელი პრობლემა ის არის, რომ ტრამპი ნაადრევად ცდილობს ომის დასრულებას.
ისმის კითხვა: რას უპირებს უკრაინისთვის გაწეულ 350-მილიარდიან დახმარებას, რაზეც თვითონაც ლაპარაკობს? ან აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონები, სადაც არის იშვიათი ლითონების ის საბადოები, რაც ძალიან უნდა ტრამპს, თუ რუსეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდა, რანაირად უნდა მოიპოვონ და დაამუშაონ ამერიკულმა კომპანიებმა? რა ჰგონია, უკრაინის ნებართვით რუსეთთან ამაზე გარიგდება? ასევე ისმის კითხვა, რამდენად სწორია ამ დროს, ამ მომენტში ევროპელი მოკავშირეების ამერიკისგან მიტოვება? მე არ ვიცი, ტრამპის მოქმედებების უკან დგას თუ არა ეს დიდაქტიკური მოტივი, მაგრამ ევროპამ შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. ის უნდა გახდეს დამოუკიდებელი ძალის ცენტრი და პოლუსი, რისი პოტენციალიც მას აქვს. თუნდაც რომ შევადაროთ აშშ-ისა და ევროკავშირის ეკონომიკური პოტენციალი, თითქმის იდენტურია, 5 ტრილიონი დოლარია სხვაობა, მაგრამ მოცულობაა ისეთი, ეს თანხა არ ქმნის არსებით განსხვავებას… მოსახლეობის რაოდენობით ევროკავშირი აღემატება ამერიკას, ადამიანური კაპიტალითა და განვითარების ინდექსით ბევრად მაღლა დგას ევროპა.
აქედან გამომდინარე, ევროპას შეუძლია იყოს ბევრად წარმატებული ძალის ცენტრი, ვიდრე არის აშშ. გადარჩებიან, თუკი ევროკავშირში ექნებათ ერთობა და დაანებებენ თავს სისულელეების კეთებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ არიან დაქსაქსული, ჩამოუყალიბებელი, იხრჩობიან საკუთარ უაზრო რეგულაციებსა და ბიუროკრატიაში. რა გლობალური პრობლემების მოგვარებაზე ვლაპარაკობთ, კავკასიის რეგიონი თითქმის სრულად დაკარგეს. კარგად ვხედავ “ქართული ოცნების” მიერ საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეტრიალების ცდას, რაშიც საქართველოს ხელისუფლების გამართლება არ შეიძლება, მაგრამ მოდი, ვთქვათ ისიც, რომ ამ პროცესების ამგვარი დინამიკა გარკვეულწილად ევროკავშირმაც დაუშვა.
საქართველო არ არის პროაქტიური საერთაშორისო აქტორი, მას არა აქვს დამოუკიდებლად დღის წესრიგის შეთავაზების უნარი თუნდაც თავისი პარტნიორებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ ევროკავშირი ხედავს სამხრეთ კავკასიის აუცილებლობას, მაშინ მათ ცოტა განსხვავებული პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ თუნდაც გაფართოების პოლიტიკის თვალსაზრისით. იმ ნაბიჯებს, რაც მათ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადადგეს, “დაგვიანებული გამოღვიძება” შეიძლება დავარქვათ. ეს უფრო ადრე რომ გაეკეთებინათ, დღეს სრულიად განსხვავებული ვითარება გვექნებოდა. სამწუხაროდ, ევროპა არ აღმოჩნდა მზად ასეთი გამოწვევებისთვის. დროა, ახლა მაინც გაიღვიძონ და გადადგან ქმედითი ნაბიჯები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი უსაფრთხოებისთვის. დასავლეთის და პირველ რიგში, ევროპის პრობლემა ისაა, რომ მათ უჭირთ დაპირისპირება იმ ავტორიტარულ ღერძთან, რომელსაც წარმოადგენენ ჩინეთი და რუსეთი. ან გამოფხიზლდებიან ან დადგებიან გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე. შეგახსენებთ, უკრაინას დახმარება არ მიუღია პირველ დღეებში, ჯერ დაელოდნენ, რას იზამდნენ უკრაინელები, შეძლებდნენ თუ არა წინააღმდეგობას, შემდგომ დაიწყეს ჯერ ჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების გაგზავნა, შემდეგ მისცეს კიდევ რაღაც იარაღი, მერე კი შედარებით სერიოზული შეიარაღება, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის გარეშე. მოკლედ, უკრაინის დახმარება ისე გააჭიანურეს, რომ ამან ეფექტიანობა დაკარგა. ეს რესურსების უსაგნო ხარჯვა იყო, თანაც სასწაული არ არის? – დღეს უკრაინაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ ისე, რომ თურმე ამ მაგიდასთან უკრაინის ადგილი არ არის. უკაცრავად, მაგრამ მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა ამ ქვეყანამ და მას თუ არა, ვის აქვს უფლება ომის დასრულებაზე მოლაპარაკების წარმოების? მორიგი იდიოტიზმია უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. თურმე დემოკრატიის ეტალონი პუტინია, ზელენსკი კი დიქტატორი… მე არ მიმაჩნია ზელენსკი კარგ ლიდერად, მან იმდენი შეცდომა დაუშვა, თუნდაც ზალუჟნის მოხსნითა და ელჩად გაშვებით, მოუწევს ამაზე პასუხისგება, მაგრამ ზელენსკის არც ომი დაუწყია და არც დიქტატორია!
მეორე მსოფლიო ომის დროს ჩერჩილმაც გააუქმა არჩევნები. როგორ წარმოუდგენია ტრამპს, მაგალითად, ხარკოვში არჩევნების ჩატარება? სადაც დაინახავს რუსეთი მოსახლეობის შეკრებას, იმ ტერიტორიას ხომ აუცილებლად დაბომბავს?! ასევე იქნება აუცილებლად რუსული სპეცსამსახურების ჩარევა, პროვოკაციები, უკრაინის სახელმწიფოს სრული ჩამოშლის მცდელობა და რუსეთისადმი ლოიალური მარიონეტის მოთრევა ხელისუფლებაში. კაცი, რომლის ქვეყანაც საომარ მდგომარეობაშია, იმისთვის უნდა იცლიდეს, რომ საარჩევნო კამპანია ჩაატაროს? საომარი მდგომარეობა გულისხმობს გარკვეული უფლებების შეზღუდვას, მათ შორის არჩევნების უფლების შეზღუდვასაც. თუ იდიოტი არა ხარ, ეს როგორ უნდა თქვა?! ტრამპი იდიოტი არ არის, გამოდის, შეგნებულად ეწევა მავნებლობას, რადგან სურს აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ჩავარდნა და მარცხი როგორმე ზელენსკის შეაწმინდოს.
საქართველო იქნება იქ, როგორც გადაწყვეტს ქართველი საზოგადოება, მაგრამ გვაქვს ერთი ურთულესი პრობლემა – საქართველოს ჰყავს ყოვლად არაკომპეტენტური პოლიტიკური კლასი. დავიწყოთ ხელისუფლებით, რომლის პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. საქართველოს ხელისუფლებას დაკარგული აქვს რეალობის აღქმა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ… მე სულ ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ – ჩვენ უნდა შევიმუშაოთ უსაფრთხოების პოლიტიკა იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ არა ვართ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ გავწევრდებით, მერე შევცვლით. ჩვენთან საქართველოს ევროპული მომავლის რაღაცნაირად მისტიფიცირება მოხდა, ისე წარმოუდგენიათ, თითქოს ევროკავშირი ზეციური სასუფეველია, სადაც უნდა მოხვდეს ცხონებული ქვეყანა – ასე არ არის! სინამდვილეში გვაქვს რეალობა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკოსი არა გვყავს, დაწყებული ხელისუფლების მაღალი ეშელონებით და დასრულებული ყველაზე დაბალრეიტინგული პარტიის აქტივით. ამ პოლიტიკური კლასით შეიძლება აღმოვჩნდეთ მსოფლიო წესრიგის პერიფერიასა და სანაგვეზე. ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანა შეიძლება არ შედიოდეს ევროკავშირში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობა უნდა გაუუქმონ, ადამიანების უფლებები არ დაიცვან და ა.შ. მე სადმე შესვლა იმიტომ კი არ მჭირდება, რომ ვინმეს მოვაწონო თავი, არამედ იმიტომ, რომ ნორმალური სახელმწიფო მქონდეს… ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს წესრიგი და კანონის აღსრულება. არ შეიძლება შენზე მორგებულ კანონებს იღებდე და მხოლოდ შენ რაც გაწყობს, იმას ასრულებდე… მზია ამაღლობელის საქმე ავიღოთ. მაინტერესებს, რა ფიზიკური და სულიერი ტანჯვა მიიღო პოლიციის უფროსმა ისეთი, რომ ადამიანს 7-წლიანი მუხლით ასამართლებენ, მაშინ, როდესაც პირდაპირ ეთერში ვუყურეთ, რამდენმა ე.წ. სამართალდამცავმა იძალადა მოქალაქეებზე, გადაამეტა უფლებამოსილებას, ჩაიდინა დანაშაული და ერთიც კი არ დასჯილა. ორიოდე დღის წინ აქციის მონაწილეებს ორი შეიარაღებული კაცი დაესხა თავს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მაგრამ ჯანდაბას, რადგან დააკავეს უკვე კარგია და ისევ მომიტინგეებს არ დააბრალეს რამე… ძალიან სახიფათო რამეს ამბობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფოზე ხელის აღმართვააო. უკაცრავად, მაგრამ სახელმწიფოს წარმოადგენს ხალხი, ხალხია სწორედ ძალაუფლების წყარო, შესაბამისად, ხალხზე ხელის აღმართვაც სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა და ყველა უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად და არა შერჩევით”, – აცხადებს გიორგი გობრონიძე.