იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული: ამ დროის მონაცემებით იმერეთში ჩაკეტილია 82 სოფელი, ყველა სოფლის წარმომადგენელთან გვაქვს კონტაქტი

„იმერეთის რეგიონში ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს. მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობისა, მთელი დღის მანძილზე აქტიურად იწმინდება, როგორც ქალაქის ასევე, სოფლამდე მისასვლელი გზები, რაშიც ჩართული არის 118 ერთეული ტექნიკა. ყველაზე რთული მდგომარეობა გვაქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც ჩაკეტილია 40 სოფელი. ასევე, რთული ვითარებაა სამტრედიასა და ვანში. გარდა ამისა, რიგ მუნიციპალიტეტებში დროებით შეჩერდა სასწავლო პროცესი ბაღებსა და სკოლებში“, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობისა, აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონში სამხედრო ძალების ჩართვის საჭიროება არ დგას.

„ვცდილობთ საკუთარი ძალებით გავუმკლავდეთ რეგიონში არსებულ მდგომარეობას. მაქსიმალურად დავეხმაროთ მოსახლეობას და ეს პრობლემები აღმოვფხვრათ. 12 მუნიციპალიტეტში მისასვლელი გზები აქტიურად იწმინდება. გარდა ამისა სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით. დღეს დილით 12 საათის მონაცემებით 29 000 აბონენტი იყო გათიშული. დღეის მდგომარეობით, ეს ციფრი მნიშვნელოვნად შემცირდა. 15 000-მდე აბონენტი რჩება შუქის გარეშე.

ამ დროის მონაცემებით იმერეთში ჩაკეტილია 82 სოფელი. ყველა სოფლის წარმომადგენელთან გვაქვს კონტაქტი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში ჩართული არის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლია თავიანთი საჭიროებების შესახებ მოგვაწოდონ ინფორმაცია. ჩვენი მიზანია დროულად აღდგეს სოფლებში მისასვლელი გზა თუმცა უამინდობა არის მთავარი ხელისშემშლელი, რის გამოც ფერხდება სამუშაოები.

როგორც წინა დღეებში, ასევე მომდევნო დღეებშიც, სანამ უხვი ნალექი იქნება ჩვენი მთავარი მიზანია მოსახლეობა იქნეს უზრუნველყოფილი გზით, ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება. არის გარკვეული გამოწვევები მაგრამ იმედია ბოლომდე გავუმკლავდებით და ეტაპობრივად ყველა პრობლემას დავძლევთ. ამ ეტაპზე სამხედრო ძალების ჩართულობა ჩვენთან საჭირო არ არის“, – განაცხადა ლევან ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები