თენგიზ ფხალაძე: მართალია, საქართველო ტრამპის დღის წესრიგში პირველი არ არის, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა შესაძლოა განაპირობოს ჩვენი საკითხის წამოწევა
“მართალია, საქართველო ტრამპის დღის წესრიგში პირველი არ არის, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა შესაძლოა განაპირობოს ჩვენი საკითხის წამოწევა”, – ამის შესახებ ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ტრამპის ნაბიჯები იქნება უფრო მკვეთრი, ზოგ შემთხვევაში უფრო ხისტიც, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო.
“ტრამპი იმ ტიპის პოლიტიკოსია, რომელიც ძალიან პატარა სივრცეს ტოვებს ბუნდოვანებისთვის. შესაბამისად, მისი ნაბიჯები იქნება უფრო მკვეთრი, ზოგ შემთხვევაში უფრო ხისტიც, ვიდრე იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ცხადია, გაძლიერდება კონსერვატიზმი, რაც უპირველესად შეეხება როგორც სოციალურ, ისე მიგრაციულ პოლიტიკას. ჩვენთვის საინტერესოა, რომ მან უკვე წარმოაჩინა, რა დამოკიდებულება აქვს ჩინეთსა და რუსეთთან. მას სურს ისტორიაში შევიდეს პრეზიდენტად, რომელიც კიდევ უფრო ძლიერ ამერიკას დატოვებს. ტრამპი გეგმავს ომების დასრულებას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მზად არის დაასრულოს ნებისმიერი პირობით – მას სურს ომი დასრულდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და ამასთანავე, დაცული ამერიკის და საზოგადოდ, დასავლური სამყაროს ინტერესები.
მნიშვნელოვანი იყო მისი პირველი გზავნილები კრემლისა და პუტინისთვის, რაც ვფიქრობ ქართველი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად საინტერესოა. ის, რომ ტრამპს პირველი კომუნიკაცია არა რუსეთის, არამედ ჩინეთის ლიდერთან ჰქონდა, მიანიშნებს, თუ რა ადგილი უკავია მის იერარქიაში ჩინეთს და რა – რუსეთს. მან განაცხადა, რომ ომის დასრულებისთვის ჩინეთმა ზემოქმედება უნდა მოახდინოს რუსეთზე. ტრამპის პირდაპირი გზავნილი კი პუტინისთვის იყო, ბოლომდე არ დაანგრიო და მოსპო რუსეთის სახელმწიფოო. ტრამპი იქნება კიდევ უფრო მომთხოვნი უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის პარტნიორებთანაც. ცხადია, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხი უფრო წინ წამოიწევს. ამაზე პირველი პრეზიდენტობის დროსაც ლაპარაკობდა, მოუწოდებდა პარტნიორებს, რომ შეესრულებინათ ნატოს სტანდარტი და მშპ-ს 2% მიემართათ თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ. დღეს გაზრდილი საფრთხეების ფონზე, ცხადია, 2% საკმარისი არ იქნება და ის პარტნიორებისგან უფრო მეტს მოითხოვს. მას მიაჩნია, რომ ევროპამ უფრო მეტი კონტრიბუცია უნდა გაიღოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის.
მისთვის ასევე პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთი, ის უფრო გააძლიერებს ისრაელთან ურთიერთობას. ის ბრძოლა, რომელიც მან გამოუცხადა საერთაშორისო დანაშაულებრივ და ნარკოკარტელებს, მათი ტერორისტულ ორგანიზაციებთან გათანაბრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ასევე მოსალოდნელია ე.წ. არადემოკრატიულ-არამეგობრულ მეზობელ ქვეყნებზე წნეხის გაძლიერება. ყოველივე ეს სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება და ამ თვალსაზრისით ტრამპი ხისტი და შეუვალი იქნება. ტრამპი საჯაროდ ლაპარაკობს, თუ რა მოთხოვნები ექნება რუსეთთან. საინტერესოა რუსეთის რიტორიკის ტრანსფორმაციაც. თავიდან ჩვენ გვესმოდა პესკოვის, მედვედევის აგდებული განცხადებები, რომ ტრამპის აზრი არ აინტერესებდათ, თუმცა ინაუგურაციის პარალელურად პუტინმა დანიშნა უშიშროების საბჭო, რომელზეც თქვა, რომ მზად არის დიალოგისთვის, ანუ აშკარად შეიცვალა მათი ლაპარაკის ტონი. სი ძინპინთან ლაპარაკის შემდეგ პუტინის ტონი კიდევ უფრო შერბილდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ტრამპმა მოუწოდა, არ დაანგრიოს რუსული სახელმწიფო, ილაპარაკა ახალი სანქციების შესაძლებლობასა და ნავთობის ფასის მიზანმიმართულ შემცირებაზე, პასუხად კრემლისგან კვლავ მოვისმინეთ, რომ დიალოგისთვის მზად არიან.
მეტიც, პუტინმა ტრამპის ქებაც არ დაიშურა. ცხადია, ყოველივე ეს პოზიციების მოსინჯვაა, რაც არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი განცხადებების გაცვლა-გამოცვლით. ცხადია, პუტინი შეეცდება ზეწოლა გააძლიეროს უკრაინაზე, რათა მოლაპარაკებისას უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს. იმავდროულად, ტრამპიც ანალოგიურ ნაბიჯებს დგამს, რისი დამსახურებაც არის, მაგალითად, ის, რომ ორბანი, რომელიც აქამდე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის გამო რუსეთის სანქცირებას, დღეს იცვლის პოზიციას. ასე რომ, პუტინისთვის არ იქნება ადვილი ტრამპთან ლაპარაკი. კიდევ ერთი საინტერესო საკითხიც – ჩვენ, ძირითადად, ვლაპარაკობთ ტრამპის განცხადებებზე, მაგრამ ამერიკა არ არის ერთპიროვნული მმართველობის ქვეყანა. როცა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, სენატისა და კონგრესის განცხადებებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ასევე ძალიან საინტერესო იყო მარკო რუბიოს პოზიცია სენატში, როდესაც მას სახელმწიფო მდივნად ამტკიცებდნენ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. მან თქვა, ცეცხლის შეწყვეტა კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია იმგვარი მშვიდობის უზრუნველყოფა, რომ ახალი ომი აღარ დაიწყოსო. ეს დამაფიქრებელია და გვაძლევს იმედს, რომ ახალი ადმინისტრაციის ძალიან საინტერესო ნაბიჯებს ვნახავთ იმ პოლიტიკის გასატარებლად, რაზეც ლაპარაკობს ტრამპი და ქვეყნის პოლიტიკური ელიტა. ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა ძალიან საინტერესო იყო, როდესაც მან თქვა, ამერიკის ინტერესებს ყოველთვის უპირველეს ადგილას დავაყენებო. შავი ზღვის რეგიონი გეოგრაფიულად შეიძლება შორს არის შტატებიდან, მაგრამ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ცდილობს შავი ზღვა იყოს ერთგვარი წყალგამყოფი, რომელზეც ახალი რკინის ფარდა დაეშვება და კრემლი, ასე ვთქვათ, თავისი გავლენის სფეროებს მოიზომავს, რისი დაშვებაც პრინციპულად მიუღებელია ამერიკისთვის. დღეს შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გაძლიერება ნიშნავს მომავალში დიდ საფრთხეს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ამ ყველაფერმა შეიძლება უფრო უარესი შედეგები მოიტანოს, რადგან შავი ზღვის რეგიონს გავლენა აქვს ევროპაზეც, აზიაზეც და ახლო აღმოსავლეთზეც.
მართალია, საქართველო ტრამპის დღის წესრიგში პირველი არ არის, მაგრამ რამდენიმე ფაქტორმა შესაძლოა განაპირობოს ჩვენი საკითხის წამოწევა. ერთი არის რეგიონული კონტექსტი, უკვე ვილაპარაკეთ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, რომელსაც უკავშირდება უსაფრთხოების თემა, უკრაინის ომი, რომელიც ბევრ რამეზე ახდენს გავლენას და ა.შ.; მეორე არის ინტერესი იმ შუა დერეფნის მიმართ, რომელზეც საკუთარი გავლენის გაზრდას ცდილობენ რუსეთიც და ჩინეთიც. აქედან გამომდინარე, იმ ნაბიჯებმა, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ირანის, ჩინეთის თუ რუსეთისკენ, შესაძლოა განაპირობოს საქართველოს საკითხის აქტუალიზება ტრამპის ადმინისტრაციაში. კიდევ ერთი საკითხია საქართველოში მიმდინარე პროცესები. რაც არ უნდა ილაპარაკოს “ქართულმა ოცნებამ”, ამერიკისთვის დემოკრატია ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია…
ის პროცესი, რაც ახლა მიდის კონგრესსა და სენატში საქართველოს საკითხზე, თან პროცესი ძლიერი პოზიციების მქონე რესპუბლიკელებს მიჰყავთ, გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ქვეყნის თემა უკვე უახლოეს მომავალში წამოიწევს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში. იქ იმაზე კარგად იციან ქართული რეალობა, ვიდრე თბილისში ზოგიერთ პოლიტიკოსს წარმოუდგენია. ასეთია მარკო რუბიო, ასევე ტრამპის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ახალი ადმინისტრაციის რეაქცია იქნება უფრო მძიმე და ხისტი, ვიდრე ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციისას, ტრამპი გაცილებით მტკიცედ და მკაფიოდ მოქმედებს. შეხედეთ, როგორი განაცხადი გააკეთა რუსეთზე, თუ არ დამთანხმდებით ომის დასრულებაზე, მაშინ მე გადავდგამ ისეთ ნაბიჯებს, რაც კიდევ უფრო მძიმე იქნება თქვენთვისო. პირდაპირ ილაპარაკა ნავთობის ფასის დაწევაზე, უკრაინისთვის გაყინული აქტივების გადაცემაზე და ა.შ. თუ ის რუსეთთან არ ერიდება ასეთ განცხადებებს, რატომ მოერიდება ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”?! ნებისმიერი ქვეყნისთვის ხელისუფლებაში იმ ძალის ყოფნა, რომელთანაც პარტნიორებს ურთიერთობა არა აქვთ, უკვე პრობლემურია, მით უფრო, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლის რესურსებიც ძალიან შეზღუდულია, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოებისაც. როდესაც ვართ ამ უზარმაზარი გამოწვევებით სავსე რეგიონში, უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორიც ამერიკა და ევროკავშირია. გარდა ამისა, ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, იმავე ჩინეთისთვის, საქართველო საინტერესო იყო, რადგან მას ჰქონდა დასავლური ინსტიტუტების დიდი მხარდაჭერა როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად. თუკი აღმოჩნდება, რომ ეს მხარდაჭერა ჩანაცვლდება სანქციებით, მაშინ ჩვენ ვერც იმის იმედად ვიქნებით, რომ დასავლეთთან გაფუჭებულ ურთიერთობას რამენაირად დააბალანსებს “ოცნება” სხვასთან ურთიერთობით… ეს პირდაპირ დაგვაყენებს იმ საფრთხის წინაშე, რასაც ჰქვია რუსეთის პირისპირ დარჩენა. რა მოელის ასეთ შემთხვევაში საქართველოს, არა მგონია, არ გვესმოდეს. ამიტომაც არის ასეთი საშიში ეს კრიზისი და ის ნაბიჯები, რასაც “ოცნება” ჩვენი სახელმწიფოს დასუსტებისკენ დგამს”,- აცხადებს ფხალაძე.