დაიბადა თბილისში. პირველად 4 წლისამ იმღერა. შემდეგ იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალური სასწავლებელი, რასაც მოჰყვა კონსერვატორიის ულამაზესი წლები.
1988 წლიდან იყო ძველებური ორკესტრის „იბერია კონსორტის“ სოლისტი. პარალელურად ვოკალის პედაგოგად მუშაობდა დ. ანდღულაძის სახელობის მე-14 ხელოვნების სკოლაში, ასევე – ალოიზ მიზანდარის სახელობის პირველი ხელოვნების სკოლაში, იტალიურ კლასიკური აკადემიაში.
შეასრულა საოპერო პარტიები – ჩაიკოვსკის „იოლანტაში“ – ბრიგიტას პარტია; მოცარტის „ჯადოსნურ ფლეიტაში – „პირველი დამა“, ვანო გოკიელის ოპერა წითელქუდაში – „წითელქუდას“ პარტია, დონიცეტის ოპერაში „სიყვარულის ნექტარი“ – ადინას პარტია.
აქტიურად მოღვაწეობს და მღერის ღონისძიებებში, კონცერტებზე. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, მისი მოსწავლეები მონაწილეობენ კონკურსებში. – პედაგოგის და საოპერო მომღერლის ბაია გრიგოლიას პერსონა.
– ბავშვობა… გაიხსენეთ პირველი შეხება მუსიკასთან…
– ბავშვობიდან ვმღეროდი. დედა იამზე ნაცვლიშვილის მუსიკოსი იყო და სწორედ მან მომცა მიმართულება, პირველად ტელევიზიით 4 წლის ასაკში ვიმღერე. ძალიან თამამი ვიყავი, სცენა მიყვარდა. დედა ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლაში, მუსიკა-სიმღერის მასწავლებელი იყო, სკოლის ღონისძიებებზე მეც ვმღეროდი და საოცრად თამამი ვიყავი. თუ დარბაზი სავსე იყო, სიხარულით ვმღეროდი.
ეს კონცერტის შემდეგ გადაღებული სურათია. გენერალმა (გვარი არ მახსოვს) ყვავილები მომართვა.
– კონსერვატორიის წლები…
– კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდებზე კომისიის თავმჯდომარე იყო ცნობილი ქართველი ტენორი ზურაბ სოტკილავა. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე.
კონსერვატორიის წლები ულამაზესი იყო, მყავდა საუკეთესო მაესტრო, პროფესორი გულიკო ქართველიშვილი, რომელმაც მრავალი მომღერალი აღზარდა: ცისანა ტატიშვილი, მაია თომაძე, ნაირა გლუნჩაძე, მარიცა მაღლაფერიძე, ლილი ჩარაშვილი, იზა ბოჭოიძე, დიანა როსტომაშვილი, რუსუდან მექვაბიშვილი. მაია ჩიხრაძე, მეცო სოპრანო მანანა ეგაძე, თამარ გონდრატუკი-გუგულაშვილი, ქუთაისის ოპერის სოლისტი ალისა ცინცაძე.

კამერულს მასწავლიდნენ: თენგიზ ჩაჩავა და დარეჯან მახაშვილი.
ჩემი პირველი კონცერტმაისტერები იყვნენ – მარინა დარჯანია და ეკა გოგია. ჩემი მაესტრო ქალბატონი გულიკო ჩემი მეგობარიც იყო. ეს წლები დაუვიწყარია.

ამ პერიოდში ვოკალური კათედრის გამგემ, ბატონმა ნოდარ ანდღულაძემ გამგზავნა თელავის ფესტივალზე „ქება ვაზისა“. ფესტივალის ორგანიზატორი იყო უდიდესი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
ღია გაკვეთილი ჩაატარა იაპონელმა მომღერალმა ნელი ლიმ. საინტერესო იყო კოლორიტული სოპრანოს გაკვეთილი. სადაც ეპატიჟებოდნენ, მეც თან დავყავდი. დავმეგობრდით. ამ ფესტივალზე ჩამოდიოდნენ საუკეთესო მუსიკოსები. იყო მუსიკის ზეიმი.
– რატომ საოპერო მომღერლობა?
– როგორც აღვნიშნე, დედამ დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში, რომ მუსიკა მყვარებოდა. მქონდა წკრიალა მაღალი ხმა.
ვინაიდან 18 წლიდან იყო მიღება მუსიკალურ სასწავლებელში, თეატრალური ინსტიტუტის დრამის სპეციალობაზე შევიტანე საბუთები. გამოცდაზე წავიკითხე ლექსი, შემდეგ – იგავ-არაკი, პროზა. ჯერი რომ მიდგა სიმღერაზე, შევასრულე სულხან ცინცაძის „ჭრიჭინა“.

თურმე გამოცდას ესწრებოდა სახელოვანი მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე და მითხრა, ხვალ დილით მოიყვანე მშობლები, მინდა გავესაუბროო.
მე და დედა მეორე დღეს მივედით თეატრალურ ინსტიტუტში. ბატონმა ზურაბმა დედას ურჩია, ეს გოგონა, კონსერვატორიის კადრია და ჯერ გაგიშვებთ ზაქარია ფალიაშვილის სახ. მეორე მუსიკალურ სასწავლებელში, ვოკალის პედაგოგთან – სოფიო სონია აბაშიძესთანო.
ასე გადაწყდა ჩემი ბედი. წარმატებით დავამთავრე სასწავლებელი და შემდეგ ჩავაბარე ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში პროფესორ გულნარა პეტროვნა – ქართველიშვილის კლასში.
კონსერვატორის წარჩინებით დავამთავრე და იმავე წელს საკონცერტმაისტერო კათედრაზე დავიწყე მუშაობა მომღერლად (ილუსტრატორად).
– იყავით ძველებური ორკესტრის „იბერია კონსორტის“ სოლისტი. ..
– ანსამბლ „იბერია კონსორტში“ მოღვაწეობა ჩემი ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო. რუსეთიდან ჩამოსული იყო კარგი მუსიკოსი იგორ ტიუვაევი. ჩატარდა კონკურსი, ეძებდა სოლისტს და მოეწონა საუკეთესო ბარიტონი ვალოდია გრიშინი. სოპრანო მე ამირჩია.საუკეთესო და ძალიან საინტერესო შემოქმედებითი მოღვაწეობის წლები იყო. ორკესტრი 16 მუსიკოსს აერთიანებდა, ძველებური ინსტრუმენტებით: ხის ჩასაბერი ფლეიტა, ჰობოი, კლავესინი, ასევე ვიოლინო, კლასიკური გიტარა. ამ ორკესტრში სრულდებოდა ბაროკოს და რენესანსის პერიოდის ნაწარმოებები, კომპოზიტორების – ბახის, კაჩინის, ასევე – მადრიგალები.
ხშირად დავდიოდით გასტროლებზე რუსეთის ქალაქებში და ვმართავდით კონცერტებს. ბოლოს ბირობიჯანშიც გავფრინდით. მოსკოვიდან 8 საათი ვიფრინეთ ჩინეთის საზღვართან. ეს იყო ზღაპრული სამყარო.
ძალიან მეგობრული კოლექტივი ვიყავით. ორკესტრი შემდეგ კოსტიუმირებული გახდა. რეჟისორი იყო ტანია ბუხბინდერი – უდიდესი მსახიობის – გურამ საღარაძის მეუღლე.
– საოპერო პარტიებიდან რომელს გამოარჩევდით?
– ჯერ მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ჩაიკოვსკის „იოლანტაში“ ბრიგიტას პარტია შევასრულე. სპექტაკლი მოვამზადე დირიჟორ რეზო ტაკიძესთან ერთად. ბედნიერება მხვდა წილად, ჩამოსული იყო ოდისეი დიმიტრიადი და მან იდირიჟორა. რეჟისორი კი ბატონი გივი გაჩეჩილაძე გახლდათ.
შემდეგ შევასრულე პირველი ქალბატონის როლი მოცარტის ოპერიდან „ჯადოსნური ფლეიტა“ . დირიჟორი – მამუკა დოლიძე, რეჟისორი – გივი გაჩეჩილაძე. ვანო გოკიელის „წითელქუდაში“ ვიყავი წითელქუდა. ჩემთვის გამორჩეული როლი იყო და ყველას დავამახსოვრდი. რეჟისორი – გივი გაჩეჩილაძე, დირიჟორები – ზაზა აზმაიფარაშვილი, მამუკა დოლიძე.

ორ დადგმაში მომიწია მონაწილეობამ. მეორე დადგმა მუსიკალურ თეატრში გაიმართა, სადაც რეჟისორი იყო ნოდარ ჯაფარიძე, დირიჟორი – ავთო მამაცაშვილი.
და ბოლოს, კონსერვატორია დავამთავრე დონიცეტის ოპერით „სიყვარულის ნექტარი“, სადაც ვასრულებდი ადინას პარტიას. დირიჟორი – ვილი გურევიჩი, რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე. სპექტაკლში ჩემი პარტნიორები იყვნენ ბარიტონები: ლადო ათანელი, ვალოდია გრიშინი; ტენორი რაჩიკა მურადიანი. ულამაზესი ტემბრით მღეროდა, ასევე, ბანი ლერი ჯაფარიძე.

– პარალელურად ვოკალის პედაგოგად მუშაობთ დ. ანდღულაძის სახელობის ხელოვნების მე-14 სკოლაში, ასევე – ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების პირველ სკოლასა და იტალიურ კლასიკურ აკადემიაში. მომღერლობა და პედაგოგობა ერთად დიდ დროს მოითხოვს…
– უფლის წყალობით და ჩემი დიდი სიყვარულით, პროფესიისადმი თავდადებით, დაუღალავი შრომით ვასწრებ ყველაფერს. ამ ყველაფერს მოწაფეების სიყვარულიც ემატება. მუსიკა ხომ სხვა სამყაროა…
როგორც მომღერალი, პარალელურად ვმუშაობ ჩემს თავზე კონცერტმაისტერ ნინა ხოშტარიასთან ერთად. ჩემი და ნინას ურთიერთობა დაიწყო სპექტაკლიდან „წითელქუდა“. მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. მან შემასწავლა წითელქუდას პარტია. ამის შემდეგ ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ქალბატონი ნინა ალოის მიზანდარის ხელოვნების სკოლაში და კლასიკურ აკადემიაშიც არის ჩემი კონცერტმაისტერი.
ქართველმა კომპოზიტორმა თამარ ვაშაკიძემ დაწერა ჩემი ხმისთვის სამი სიმღერა. ერთი დედაზეა – „მუზა“, მეორე სიმღერაა „იავნანა“ და მესამე „წიგნი“. ასევე ნინო ბოჟაძემაც დაწერა დედას ლექსზე ულამაზესი სიმღერა „ყოჩივარდები მათბობს“.
შემოქმედებითად ვთანამშრომლობ კომპოზიტორ მაყვალა ხორბალაძესთან. მისი მრავალი რომანსი შევასრულე. გამორჩეულად მიყვარს მისი „იავნანები“. ამის გარდა, მინდა ვთქვა, რომ მაყვალა ხორბალაძე ხელოვნების მე-14 სკოლაში ჩემთან მუშაობს კონცერტმაისტერად.
დღესდღეობით ვმუშაობ უნიჭიერეს კომპოზიტორთან – მარიკა კვალიაშვილთან. ვემზადებით სპექტაკლისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ვასრულებ ალოიზ მიზანდარის რომანსს – „ჩვენ დავშორდით“.

მინდა ასევე აღვნიშნო ორ შემეცნებით ფილმში მონაწილეობა. ფილმი გადაიღო პუბლიცისტმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგმა ნინო რეხვიაშვილმა.
ფილმი „მოვლენა ღვთისა“ დიდი ვაჟას ცხოვრებასა და შემოქმედებაზეა. აქ მე შევასრულე პროფესორ რამაზ გახოკიძის სიმღერა ვაჟას ლექსზე „ია“. მეორე შემეცნებით-დოკუმენტურ ფილმი კი „იისფერი თოვლი“ გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზეა. აქ შევასრულე ო. თაქთაქიშვილის სიმღერა გალაკტიონის ლექსზე „მზეო თიბათვისა“.

ვემზადები მესამე ფილმისთვის ილია ჭავჭავაძეზე. სადაც შევასრულებ ზ. ფალიაშვილს რომანსს ილიას ლექსზე – „რისთვის მიყვარხარ“.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს.
– უწმინდესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატივდების სიგელით დაგაჯილდოვათ…
– მინდა აღვნიშნო, რომ ბარბარობა დღეს პატრიარქთან ვიმღერე, სადაც პირველად შევასრულე პიანისტ და კომპოზიტორ ნანა მიქაბერიძის სიმღერა. მეორედ ვიყავი ძველით ახალ წელს. ვიმღერე „წმინდაო ღმერთო“. მაქვს უწმინდესის პატივდების სიგელი.
მადლიერი ვარ ქალბატონი მაყვალა ხორბალაძის. მან დაწერა პატრიარქისადმი მიძღვნილი 20 სიმღერა. წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი სიმღერა მე შევასრულე. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მან დაგვლოცა. ბრძენი და თბილია საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე… უფლის დიდი მადლია.
– მეგობრობთ ლეგენდარულ კომპოზიტორთან, მარიკა კვალიაშვილთან …

– ქალბატონ მარიკა კვალიაშვილთან ყოველი შეხვედრა ზეიმია, ბევრ საინტერესოს მოისმენ და გაიგებ. დარბაისელი ქალბატონია, ისეთი, საამაყო წინაპრების დარი. დაუზარელია, საოცრებებს აკეთებს. დღე და ღამე შრომობს, ქმნის ულამაზეს სიმღერებს. ბედნიერებაა მასთან ურთიერთობა.
– უამრავი მადლიერი მოსწავლე გყავთ, რომლებიც კონკურსებში წარმატებით მონაწილეობენ…

– ყოველ წელს მაქვს კლასის კონცერტები. ბედნიერებაა ბავშვებთან ურთიერთობა. მათ შორის არის ჩემი შვილიშვილი – ლევან რურუა, რაც ჩემი დიდი ბედნიერებაა. ჯერ 12 წლისაა და პატარაობიდანვე ვამეცადინებ. გონიერი ბიჭია, მიხარებს გულს. აქტიურად მონაწილეობს კონკურსებში. კონკურსში „იპოვე ვარსკვლავი“, ასევე „რონდო – კლასიკაში“ პირველ ადგილზე გავიდა; კონკურს – ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავებში“ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. ბათუმში დიდი პატივი იყო ნოდარ ანდღულაძის სახ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა, სადაც მეორე ადგილი აიღო.
სკოლაშიც კარგი მოსწავლეა. ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს, დრო გვიჩვენებს… რაც შეეხება ჩემს შვილს – სალომე იურისტია. ფორტეპიანოს სპეციალობით კარგად სწავლობდა, თუმცა არ მოისურვა გაგრძელება..
– ჰობი…
– მოგზაურობა…
– რა არის თქვენთვის საოპერო სცენა?
– ჩემთვის სცენა ყველაფერია; განუყოფელი ნაწილია – 4 წლიდან დღემდე. ჩემი ფავორიტები არიან: მარია კალასი, ელიზაბედ შვარცკოფი, ფიშერ დისკაუ, რენატა სკოტი, კაბალიე…
თამარ შაიშმელაშვილი