მირიან მირიანაშვილი: ოპოზიციონერი ლიდერების პრაქტიკა ყოველთვის იყო ხელისუფლებასთან ფარული გარიგება და მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ახლაც გრძელდება

“ოპოზიციონერი ლიდერების პრაქტიკა ყოველთვის იყო ხელისუფლებასთან ფარული გარიგება და მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ახლაც გრძელდება”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენის საფრთხის წინაშე დგანან.

“ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებებში შემჩნეული, დისკრედიტირებული ოპოზიცია მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო მმართველი გუნდის ხელში ოპოზიციური ელექტორატის მორჯულებისთვის. მიტინგები თავისთავადია, ოპოზიციური პარტიების საშუალებით აღარ იმართება. შესაბამისად, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა ტაქტიკა შეეცვალა და რეპრესიები წამოეწყო. მიიჩნევენ, რომ ძალის ჩვენებით გავლენას მოახდენენ არა მხოლოდ აქციის მონაწილეებზე, დასავლელ პარტნიორებზეც. შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარი მესიჯია ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ე.ი. ივანიშვილი ტრამპს უთვლის, რომ არაფრით არ დაიხევს უკან და ძალაუფლებას კბილებით დაიცავს.

ოპოზიციონერი ლიდერების პრაქტიკა ყოველთვის იყო ხელისუფლებასთან ფარული გარიგება და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ახლაც გრძელდება. ოპოზიციას ოპოზიციური ელექტორატიც აღარ ემორჩილება და ოპოზიციონერი ლიდერები თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენის საფრთხის წინაშე დგანან. საზოგადოების განწყობა ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბების შანსს იძლევა, ახალი რეალობა კი არც ოპოზიციას აწყობს. ახალი რეალობა უნდა ჩამოყალიბდეს გარე ფაქტორების დახმარებით. ილუზიაა, რომ ტრამპი საქართველოს რუსეთს დაუთმობს, დასავლეთი თავს დაგვანებებს და ასე მივიღებთ სტაბილურობას “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელში. არავითარი “იალტა-2” არ იქნება. ეს თავიდანვე ცხადი იყო, უბრალოდ, ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი რუსულ ნარატივს იყო აყოლილი. ტრამპს, სი ძინპინსა და პუტინს შორის მსოფლიოს გადანაწილებას ტყუილად ელოდებიან. ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტირი, თავი დააღწიოს დასავლეთს საქართველოს რუსეთისთვის გადაცემით, ჩანასახშივე განწირულია მარცხისთვის.

ვფიქრობ, აქტივისტები ახალი რეალობის ჩამოყალიბებამდე გაძლიერებულ რეპრესიებს გაუძლებენ. მტკიცე ადამიანების პოზიცია ყოველთვის ამაგრებს მასის საპროტესტო ენერგიას. ჩვენ აქტივისტების ძალიან ხისტ და მტკიცე პოზიციას ვხედავთ. შეხედეთ მზია ამაღლობელს, როგორი ძლიერი ქალია. საქართველოში ბოლო პერიოდში შიმშილობა, როგორც პოლიტიკური პროტესტის აქტი, ძალიან გამასხარავებული იყო. ზოგიერთი პირის ვითომ შიმშილობამ ძალიან სასაცილო ელფერი შესძინა არა მარტო თავად ამ აქტს, არამედ პოლიტიკურ პროცესს. ქალბატონმა მზიამ ეს მოცემულობა მთლიანად შეცვალა. ბევრი ჩვენი უცხოელი პარტნიორისთვისაც ძალიან რთული იყო სააკაშვილის ცრუ შიმშილობის მოთმენა და ატანა. ძალიან გაუჭირდათ ამის მონელება. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, თანაც ქალის გამოჩენა, რომელიც­ ასე შეუპოვრად იცავს საკუთარ პოზიციას. მზია ამაღლობელი არა მხოლოდ პირად ბრძოლას იგებს, არამედ მთლიანად საპროტესტო პროცესს აძლიერებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს პროტესტი ხელისუფლებისთვის მიუღებელ შედეგს დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს. არ დაიჯეროთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროტესტის სიმწვავის გამო დაიხიოს უკან. მმართველი გუნდის ლიდერების მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, ქუჩაში მიტინგები გაგრძელდება თუ არა, ქალბატონი მზია გააგრძელებს თუ არა შიმშილობას და ა.შ. ხალხის პროტესტმა თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა – დასავლეთს მისცა ლეგიტიმაცია, რომ “ოცნებასთან” პოლიტიკურ დავაში შევიდეს. ახლა ივანიშვილისთვის აქტივისტები კი არა, დასავლეთია მთავარი პრობლემა. პროტესტი მაინც გაგრძელდება, მაგრამ რომც არ იყოს, ხელისუფლებისთვის მაინც აღარაფერი აღარ შეიცვლება. დაზუსტებით ვიცი, რომ ამერიკის პოლიტიკური კურსი საქართველოს საკითხში არ იცვლება, დანამდვილებით ვიცი, რომ ამერიკა საქართველოში ელჩს არ შეცვლის. ეს ნიშნავს, რეალობა თვისებრივად განსხვავებულია იმისგან, რასაც “ოცნება” ელოდა.

ტრამპი საუბრობს იმ წიაღისეულზე, რომელიც მათ შორის დონბასში, ლუგანსკში, მარიუპოლსა და ყირიმშია. სხვათა შორის, ამ თემაზე სენატში კამათიც იყო, დაისვა ლოგიკური კითხვა, როგორ უნდა ამოვიღოთ წიაღისეული, თუ ამ ტერიტორიებზე რუსები არიანო. პასუხი ძალიან საინტერესო იყო – უკრაინასთან შეთანხმების შემდეგ ეს წიაღისეული ჩვენი საკუთრება იქნება და თუ რუსები ჩვენი საკუთრების ექსპლუატაციის საშუალებას არ მოგვცემენ, ვუჩივლებთ და მსოფლიოში მათ ქონებას დავაყადაღებთ ჩვენი საკუთრების ამოღების მიზნითო. მხოლოდ აქტივებზე არ არის საუბარი, ამერიკა ცდილობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაეპატრონოს. ამ საკითხს დიდი გეოპოლიტიკური და სამხედრო კონტექსტი აქვს. რა თქმა უნდა, ეს მისაღები იქნება უკრაინელებისთვის ისევე, როგორც საქართველოსთვის: ძალიან კარგი იქნება, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეული ამერიკელებს მივყიდოთ. აი, მერე ნახონ რუსებმა და აფხაზებმა… ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ამ კუთხით იმუშაოს ტრამპის ადმინისტრაციასთან.

ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავაკეთებ აქცენტს – სირიაში პრორუსული რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩვენთვის საინტერესო სიტუაციაა. რუსებსა და სირიელებს შორის ძალიან დაძაბული ვითარებაა. სირიელები ითხოვენ ასადის გადაცემას და კომპენსაციას 7-10 მილიარდ დოლარამდე. რა თქმა უნდა, რუსები გადამხდელები არ არიან. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა წამოიწყოს დისკუსია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან დაპირისპირებულ სირიის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც დასავლეთთან ცდილობს ურთიერთობის მოგვარებას, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დავახურინოთ. ახლა არის მომენტი, მომავალში შეიძლება რუსებთან ურთიერთობა რაღაც ფორმით დალაგდეს და ჩვენთვის ამ საკითხის მოგვარება დამატებით ძალისხმევას მოითხოვს”,- აცხადებს მირიანაშვილი/

რაც შეეხება კითხვას – “ალბათ, ამისთვის ჩვენი ხელისუფლება კოორდინაციაში უნდა იყოს დასავლეთთან”, – პასუხობს:

“დიახ, განსაკუთრებით, ევროპელებთან – სირიელები ევროპისგან­ ელოდებიან კომპენსაციასა და ინვესტიციებს. ხელისუფლებამ ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ძალიან გაფუჭდა რუსეთისა და ვენესუელის ურთიერთობა იმ მიზეზით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო პუტინმა ვენესუელასთან ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ჩვენ შეგვიძლია ვენესუელასთანაც ვიმუშაოთ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წავაღებინოთ. თუ “ოცნება” უახლოეს მომავალში ამ საკითხების მოსაგვარებლად არაფერს არ გააკეთებს, ვეღარასოდეს ვერ გაფანტავს იმ ეჭვებს, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის­ რუსეთთან ფარულ ურთიერთობას უკავშირდება…”,- აცხადებს მირიანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები