მირიან მირიანაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაცია უალტერნატივოა

“საქართველოს ევროინტეგრაცია უალტერნატივოა”, – ამის შესახებ ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, სტრატეგიული დაპირისპირების ფრონტის ხაზი დასავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის საქართველოზეც გადის და უკან არავინ არ დაიხევს.

“დღეს დასავლურმა პროპაგანდამ ისე დაამუშავა დასავლელი ობივატელი, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ძნელად თუ გაბედავს იმის თქმას, რომ საქართველო ევროპა არ არის და მისი ევროინტეგრაცია დაუშვებელია, რადგან ასე საკუთარ პოლიტიკურ კარიერას შეუქმნის საფრთხეს. საქართველოს ევროინტეგრაცია უალტერნატივოა. ეს ერთსულოვნება არ ჩამოყალიბებულა ერთ დღეში, ის დიდი შრომისა და ინვესტიციების შედეგია და გამორიცხულია რამე შეიცვალოს. ეს საზოგადოებრივი აზრი დასავლელ პოლიტელიტას საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური პაუზის გაკეთების საშუალებას არ მისცემს. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი – დასავლელი საზოგადოების ინტერესი, მათი ელიტები და ქართველი ხალხის ენერგეტიკა, რისი განულების საფრთხეც არც ერთი მხრიდან არ ჩანს. იმის იმედი, რომ ტრამპი ევროპელების აზრს ფეხებზე დაიკიდებს და პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთს აჩუქებს, სრულიად საფუძველმოკლებული და განუხორციელებელი რამ არის. თუ ამერიკა ევროპას რუსეთთან კონფლიქტში ჩაეხსნება, მაშინ ევროპა ჩაეხსნება ამერიკას ჩინეთთან დაპირისპირებაში. ამიტომ ტრამპის მიმართ ივანიშვილის იმედი სრულიად ილუზიურია. სტრატეგიული დაპირისპირების ფრონტის ხაზი დასავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის საქართველოზეც გადის და უკან არავინ არ დაიხევს.

ამის ნათელი ილუსტრაციაა ევროპის ახალი მმართველობითი ინსტიტუტების რუსოფობებით დაკომპლექტება. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა კალასსა და კუბილიუსს ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე. ევროპელებმა რადიკალური რუსოფობები წინა პლანზე რომ წამოწიეს, ეს მნიშვნელოვანწილად საქართველოს ფაქტორის გათვალისწინებითაც მოხდა. მოკლედ, დიდი კვანძი უნდა გაიხსნას ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე. ივანიშვილისთვის ეს იქნება ზღვარი დასავლეთთან აღმავალი დაპირისპირების კურსში. ჩემი აზრით, ამის ზევით ის თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ვეღარ წავა. ველი, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებას ვეღარ გაბედავს. ბაიდენის რბილი ძალის პოლიტიკის ნაცვლად, ტრამპი, ფაქტობრივად, ძალიან ხისტი პოლიტიკისთვის არის მოსული. დიახ, მისი ხელისუფლებაში მოყვანა არის პოლიტიკური ელიტის შეგნებული ნაბიჯი საგარეო ასპარეზზე ხისტი პოლიტიკის გასატარებლად. ტრამპის ადმინისტრაციასთან დაპირისპირება იმდენად ირაციონალური მგონია, ივანიშვილისგან ამ ნაბიჯს აღარ ველი. ასეთ შემთხვევაში რისკები კვადრატსა და კუბში ავა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ პირადად მისთვისაც”,- აცხადებს მირიან მირიანაშვილი.

რაც შეეხება კითხვას, “ორიოდე სიტყვით შევეხოთ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც აპირებს ტრამპის ინაუგურაციაზე წასვლას…” – პასუხობს:

“პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის და რუსეთთან ურთიერთობის ჩამოყალიბების რა გზასაც აირჩევს ტრამპის ადმინისტრაცია, სალომე ზურაბიშვილის როლიც იმ დისკურსის შესაბამისი იქნება. სალომე ზურაბიშვილი ავანტიურისტი არ არის, ის არასდროს ყოფილა შემჩნეული ისეთ ნაბიჯებში, რაც დასავლეთსა და სერიოზულ მოთამაშეებთან არ იყო ხოლმე შეთანხმებული. ის სწორად მოიქცა, როდესაც პრეზიდენტის სასახლე დატოვა. კარგად გათვალა, რომ მისი იქ დარჩენა ამ ეტაპზე შედეგის მისაღებად საკმარისი არ იქნებოდა. ამიტომ მომავალშიც, ვფიქრობ, შეეცდება ფრთხილად იმოქმედოს და ზედმეტი პასუხისმგებლობა თავზე არ აიღოს, რაც დამოკიდებული იქნება ტრამპის პოზიციაზე რუსეთთან. არ გამოვრიცხავ, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების თემა ძალიან გააქტიურდეს. არჩევნები რომც არ დაინიშნოს, ვფიქრობ, “ქართული ოცნებისთვის” საბედისწერო შეიძლება გახდეს თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მართლაც ქვეყნის მომავლის გადამწყვეტ რეფერენდუმად იქცევა”,- აცხადებს მირიანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები