ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციაზე: პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვალინდელ საპარლამენტო სესიაზე უფლებამოსილება, ეს ოპოზიციის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.

მისივე თქმით, ოპოზიციას გარკვეული პოზიციების გადასინჯვა უწევს.

“რაც შეეხება მანდატების შეწყვეტის საკითხს, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო კვირაში დაკორექტირდა ოპოზიციური ჯგუფების პოზიციები და ისინი საუბრობენ, რომ შესაძლებელია, გაგრძელდეს მოლაპარაკებები და ამას მხარს უჭერენ. საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებელია, უფლებამოსილების შეწყვეტამ გავლენა იქონიოს მოლაპარაკებებზე. პრაქტიკულად, ისინი ამბობენ და მოგვიწოდებენ, რომ იქნებ ჩვენ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებები ჩიხში არ შევიდეს. პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა. ეს ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც გარკვეული საკითხების გადაფასება. ისინი მზად არიან გარკვეული საკითხები ხვალამდე გადააფასონ, ვიდრე ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენც ვიტოვებთ უფლებას, ამ საკითხზე ვიმსჯელოთ გუნდში. ვიდრე საბოლოოდ არ გვეცოდინება მათი პოზიცია, წინმსწრებად არ გავაჟღერებ პოზიციას რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს დამოკიდებული იქნება მათ პოზიციაზე. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები