მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ გვჯერა, რომ კონსტრუქციული და აქტიური დიალოგით შესაძლებელია საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციებს შორის არსებული განსხვავებების გადალახვა და ურთიერთობების ნორმალიზება

ამჟამად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კარგად მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი გამოწვევების წინაშეა. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ კონსტრუქციული და აქტიური დიალოგით შესაძლებელია საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციებს შორის არსებული განსხვავებების გადალახვა და [ურთიერთობების} ნორმალიზება შეიძლება მოხდეს და ამისთვის ალბათ მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მანიპულაციის ინსტრუმენტი, რისი მეშვეობითაც ევრობიუროკრატები საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებას შეეცდებიან.

„აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მანიპულაციის ინსტრუმენტი, რასაც ხშირად მიმართავენ ევროპელი ბიუროკრატები და ჩვენ ვეცდებით, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ვიყოთ გულწრფელი, ჩვენს საზოგადოებას ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ყოველთვის მზად ვართ გავაგრძელოთ ურთიერთობები, ნებისმიერ დონეზე, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულებითაც არ უნდა იყვნენ ევროპელი ბიუროკრატები.

საქართველომ ბოლო წლების მანძილზე სამაგალითო მდგრადობა და პრინციპულობა აჩვენა, დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და მშვიდობა, რისი დამსახურებაცაა ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

საბედნიეროდ ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც უსამართლო მიდგომებზე თვალს არ ხუჭავენ, ხედავენ და ობიექტურად აფასებენ საქართველოს პროგრესს და ევრობიუროკრატების აგრესიული რიტორიკის ნაცვლად, დიალოგსა და დიპლომატიას ირჩევენ. მხოლოდ ამ გზითაა ნამდვილი ევროპული ფასეულობების გადარჩენა შესაძლებელი. ვსარგებლობ შემთხვევით, მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ ფასეულობების ერთგულია და იმედს ვიტოვებ, რომ რიცხვი, როგორც პოლიტიკოსების ასევე ქვეყნების ნამდვილად გაიზრდება, ბევრი ქვეყანა დააფასებს ჩვენს არსებულ რეალობას და ძალისხმევას”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები