ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება იწყება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება იწყება. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერ იზორიას ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილების დათვალიერებას და ობიექტებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნობა.

“ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიასთან, მერის პირველ მოადგილე ლაშა ჟვანიასთან, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებთან ერთად, გარახას უბანში ისტორიული მნიშვნელობის ნაჯაგუს ჯიხა დაათვალიერეს. ნაჯაგუს ჯიხები, როგორც თავდაცვითი საგუშაგო კოშკები მტრის შემოსევის დროს ერთ-ერთ თავდაცვის საშუალებად გამოიყენებოდა. ჯიხები XVI-XVII საუკუნეებითაა დათარიღებული.

მერმა კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა ასევე გარახაში, IV საუკუნის არქეოლოგიური ობიექტი ,,ხომაკირდე”. მერმა კომისიის წევრებს დაავალა აღნიშნული ობიექტების მდგომარეობის შეფასება, მათი განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას.
პირველ ეტაპზე იგეგმება ნაჯაგუს ჯიხებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აღნიშნულ ობიექტებთან მისასვლელ პირობებს და გაზრდის მათ ხელმისაწვდომობას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები