“ხორვატიის პრეზიდენტისგან საკმაოდ საინტერესო გზავნილები მოვისმინეთ – მან დაადასტურა ის არგუმენტები, რომელთაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის იარლიყების მიწებება, თითქოს, ეს არის რუსული ხელისუფლება, არის ყალბი”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მან საქართველოში ვიზიტით მყოფი, ხორვატიის პრეზიდენტის განცხადები შეაფასა.
კერძოდ, ზორან მილანოვიჩმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “საქართველოს ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია – ეს მორალური შანტაჟია”.
„ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში იქიდან გამომდინარე, რომ ხორვატია ევროკავშირის წევრია. ხორვატიის პრეზიდენტისგან საკმაოდ საინტერესო გზავნილები მოვისმინეთ. მან დაადასტურა ის არგუმენტები, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება და რუსულ ინტერესებს ატარებს – არის ყალბი და გაკეთებულია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებისთვის. მან ღიად თქვა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანია, სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს და ქართველ ხალხს, რადგან მისთვის წარმოუდგენელია ქვეყანა და ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და რომლის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, იყოს პრორუსული და ხალხი მათ ხმას აძლევდეს. ანუ, ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით რომ იარლიყების მიწებება არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ბატონმა მილანოვიჩმა დაადასტურა.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო მისი განცხადება, რომ აღშფოთდა იმ ფაქტით, როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის აქციაზე მათთვის წინასაარჩევნოდ მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. აღნიშნა, რომ მიუღებელი იყო ეს. მიაჩნია, რომ ევროკავშირი იმისთვის არ შექმნილა, რომ სხვის საქმეებსა და არჩევნებში ჩაერიოს.
ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ბევრ ქვეყანას საქართველოსთან მიმართებაში არანაირი პრეტენზია არ აქვს, უბრალოდ, მათ უჭირთ საკუთარი პოზიციების გამოხატვა ბრიუსელის ბიუროკრატიის გამო. ეს გზავნილები ჩვენთვის ახალი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თამამად თქვა ხორვატიის პრეზიდენტმა”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.