საქართველოსა და ხორვატიის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და ხორვატიის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე იმსჯელეს, ყურადღება პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე გამახვილდა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას ორივე მიმართულებით, ისე დაკავშირებადობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი კავშირის განმტკიცებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია. ამას კი მოწმობს საქართველოს ტრადიციული სამშვიდობო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის მიღწევასა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველო ყველაფერს აკეთებს მისი განვითარების, უსაფრთხოებისა და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის პარტნიორობას, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის საკითხებზე გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

შეხვედრას სტუმართა მხრიდან ესწრებოდნენ: ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვალი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ხორვატიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან მახაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხორვატიის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები