შვეიცარიას სურს, რომ მოსახლეობა 10 მილიონზე ნაკლები იყოს

შვეიცარია ქვეყნის მოსახლეობის ათ მილიონამდე შეზღუდვის რადიკალურ წინადადებაზე რეფერენდუმს ჩაატარებს.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ინიციატივაზე კენჭისყრა, რომელსაც გავლენიანი მემარჯვენე შვეიცარიის სახალხო პარტია (SVP) უჭერს მხარს, ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება.

“ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირთან არსებულ ძირითად შეთანხმებებს და შეზღუდოს კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების შვეიცარიაში შემოდინება”, – წერს Financial Times-ი.

ინიციატივა ითვალისწინებს შვეიცარიის მუდმივი მოსახლეობის 2050 წლისთვის 10 მილიონამდე შეზღუდვას, ხოლო თუ მანამდე მათი რიცხვი 9,5 მილიონს გადააჭარბებს, ავტომატურად დაწესდება შემზღუდავი ზომები. ეს ზომები მოიცავს თავშესაფრის კვოტების შემცირებას და ოჯახის გაერთიანებას.

შვეიცარიის მოსახლეობა ამჟამად 9.1 მილიონს შეადგენს, რაც 2000 წლიდან 25%-ით გაიზარდა. შვეიცარიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 27%-ს შეადგენს.

FT აღნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის შეზღუდვის ინიციატივის მხარდაჭერა საკმაოდ მაღალია, რადგან “მოსახლეობის ბუმი ინფრასტრუქტურას ზედმეტად ამძიმებს, გარემოს აზიანებს და საცხოვრებლის ქირის ფასებს ზრდის”.

როგორც მედია აღნიშნავს, ინიციატივა ითვალისწინებს, რომ თუ მოსახლეობა 10 მილიონს გადააჭარბებს, მთავრობა ვალდებული იქნება გამოიყენოს ყველა არსებული საჯარო პოლიტიკის ინსტრუმენტი მის შესამცირებლად, მათ შორის საერთაშორისო შეთანხმებების გადახედვა ან შეწყვეტა, როგორიცაა მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება შვეიცარიასა და ევროკავშირს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები