თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას აგრძელებს

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი იმ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას განაგრძობს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ.

ამჯერად, წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრები საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ 500 ოჯახს გადასცემენ. ოჯახებისთვის ნობათის შეძენა თბილისის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის 200 ათასი ლარით შემცირების შედეგად გახდა შესაძლებელი, რაც მერის სარეზერვო ფონდში აისახა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, პანდემიის პირობებში, თბილისის საკრებულოს კამპანია გრძელდება და ნობათი ყველა სოციალურად დაუცველ იმ ოჯახს გადაეცემა, რომლებსაც ოთხი ან მეტი შვილი ჰყავთ.

„პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, სოციალურად დაუცველი ოჯახების გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულო აგრძელებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს ვეხმარებით, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. ამჯერად, დახმარებას 500 ასეთი ოჯახი მიიღებს. იმისათვის, რომ ჩვენს მიერ დაწყებული კამპანია გაგრძელებულიყო, ჩვენი ბიუჯეტი 200 ათასი ლარით შევამცირეთ. კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და უყურადღებოდ არ დარჩება არცერთი ოჯახი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს საკრებულოს უმრავლესობის წევრები თავად დაარიგებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები