ყაზბეგის გამზირზე, 2 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის განახლება მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N27-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია ხორციელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე მონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. ეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელებიც.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.
„ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია წესრიგდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა. ასევე დამონტაჟდება განათების ქსელი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. რამდენიმე წლის აქვე არსებული სივრცე – ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი მოვაწესრიგეთ, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ერთი დიდი რეკრეაციული სივრცე გამოდის, რაც ძალიან სასიამოვნოა. პარკი დატვირთულია და უამრავი ადამიანი სტუმრობს. ბევრჯერ გვიასუბრია, რომ გვინდა, უბნების დონეზე შევიდეთ და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მოწესრიგდეს, რათა, პირველ რიგში, იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ გარემო, სადაც დაისვენებენ, ივარჯიშებენ, განიტვირთებიან და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს, რომლის ღირებულება 600 000 ლარია, საბურთალოს რაიონის გამგეობა ახორციელებს.
სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე და პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.