კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ და აღმოსავლური ეკლესიების დიკასტერიის გენერალური მდივნის მოადგილემ ფილიპო ჩამპანელომ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად რომში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს
წმინდა საყდრის აღმოსავლური ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტმა, კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ და აღმოსავლური ეკლესიების დიკასტერიის გენერალური მდივნის მოადგილემ, ფილიპო ჩამპანელომ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვატიკანში და მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან საქართველოს საელჩოში, რომში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს.
კარდინალ გუჯეროტი და მონსინიორ ჩამპანელო, საქართველოში წლების მანძილზე მსახურობდნენ და პატრიარქთან პირადი მეგობრობა აკავშირებდათ.
„თანამონაწილე ვარ და ვეხმიანები მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას.
მისი უწმინდესობა წარმოადგენდა იმ სულიერ და ეროვნულ საყრდენს, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ერთიანდებოდა ქართველი ერი. მისი მოღვაწეობა იქცა საქართველოს ისტორიული უწყვეტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის განმამტკიცებელ ძალად.
მისი სიბრძნე, სულიერი სიღრმე და მრავალმხრივი მოღვაწეობა – თეოლოგიიდან ხელოვნებამდე – განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში. იგი რჩება მშვიდობის, ერთიანობისა და ურთიერთგაგების სიმბოლოდ.
დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი სულიერი მემკვიდრეობა გააგრძელებს გზის გაკვალვას მომავალი თაობებისთვის და მისი სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიასა და ეკლესიაში.
გამოთქვამ გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, სასულიერო პირებისა და მთელი ქართველი ერის მიმართ.
მარადიული ხსოვნა“, – ნათქვამია კარდინალ გუჯეროტის ჩანაწერში.