სიონის ტაძრის დეკანოზი აცხადებს, რომ პატრიარქს ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს, კანკელთან დაკრძალავენ

უწმინდესის სურვილის საფუძველზე მზადდება სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში მისთვის განკუთვნილი ადგილი, ეს გახლავთ სიონის ტაძრის შესასვლელთან, ჩრდილოეთ მხარე, კანკელთან, – ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, მამა გიორგი სამინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ავტოკეფალიის აღდგენიდან დღემდე სიონის საპატრიარქო ტაძარში რვა პატრიარქი არის დაკრძალული.

„როგორც მოგეხსენებათ, უწმინდესის სურვილის საფუძველზე მზადდება სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში მისთვის განკუთვნილი ადგილი. ეს გახლავთ სიონის ტაძრის შესასვლელთან, ჩრდილოეთ მხარე, კანკელთან. ეს არის ჩრდილოეთ კართან განთავსებული ადგილი, სადაც მისი უწმინდესობის საფლავი მომზადდება. მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ტაძრით დაიწყო მოღვაწეობა, როგორც პატრიარქმა, 1977 წლიდან. მის მოღვაწეობას მისმა უწმინდესობამ უწოდა მზიანი ღამე. რვა პატრიარქი არის დაკრძალული ავტოკეფალიის აღდგენიდან დღემდე სიონის საპატრიარქო ტაძარში.

საოცარი ამბავი ის არის, რომ მისი უწმინდესობის გარდაცვალებამ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა გააერთიანა. მქონდა საუბარი ადამიანებთან, რომლებიც არიან, სამწუხაროდ, კრიტიკული აზრის მოტრფიალეები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინიც განიცდიან ამ უდიდესი პიროვნების გარდაცვალებას, ძალიან წუხან ამის შესახებ. ერთიანია მთელი ერი და ქვეყანა, რაც მისი უწმინდესობის ძალიან დიდი სურვილი იყო. მისმა უწმინდესობამ სწორედ თავი მიუძღვნა ხალხის ერთსულოვნებას. მის საყვარელ ტელევიზიასაც ერთსულოვნება დაარქვა თავის დროზე, როდესაც ის დაფუძნდა. ვუსამძიმრებ მთელს ერს“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი სამინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში 6-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები