ოთარ ჭილაძის დაბადების დღე და ლექსი: „შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც“
ოთარ ივანეს ძე ჭილაძე დაიბადა 1933 წლის 20 მარტს სიღნაღში. მას წელს 93 წელი შეუსრულდებოდა. 1956 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით დაამთავრა.
პირველი ლექსი გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი” (1952), ლექსების პირველი კრებული „მატარებლები და მგზავრები“ გამოვიდა 1959 წელს. გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების კრებულები: „თიხის ფირფიტები”, „რკინის საწოლი”, „სინათლის წელიწადი”, „ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით”, „ცხრა პოემა”, „გულის მეორე მხარე”, „გახსოვდეს სიცოცხლე”, „ლექსები, პოემები”. ჭილაძის რომანებია: „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”, „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”, „რკინის თეატრი”, „მარტის მამალი”, „აველუმი”. იგი ავტორია ორი პიესისა – „წათეს წითელი წაღები”, „ლაბირინთი”…
1999 წელს მწერალი დასახელებული იყო ნობელის პრემიის ნომინანტთა სიაში. მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის და ალექსანდრე ყაზბეგის პრემიები. 1983 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია .
ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა 2009 წელს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც…
….
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი.
ოთარ ჭილაძე