დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: გლოვის დღეები რომ დასრულდება, გავაგრძელებთ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ?! თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს

“გლოვის დღეები რომ დასრულდება, ყველა სახლებში რომ წავალთ, გავაგრძელებთ მერე კვლავ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ, ქრისტეს გული გავუხსნათ?!, – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს ქართველი ერი, მაშინ შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს.

„საოცარი რაღაც ხდება. პატრიარქისადმი სიყვარული ერთიანობის სულში ვლინდება. მთელი ერი რომ გაერთიანებულია ხომ ფაქტია?! დაპირისპირება, რომელიც ბოლო წლები სამწუხაროდ პოლიტიკამ მოგვიტანა, გვანგრევს. ღმერთი არასდროს ძალადობს ჩვენზე. პატივს გვცემს. ადამიანი არ არის ცხოველი, ის არ იწვრთნება. ის უნდა მოატყუო, ან მასზე იძალადო, უნდა დაიმონო, მაგრამ მას რომ თავისუფლება და ღირსება შეუნარჩუნო, მასზე არც უნდა იძალადო და არც უნდა მოატყუო. ღმერთიც ზუსტად ასე გვექცევა. ღმერთი გვაძლევს შესაძლებლობას, გაერთიანების. ის, რაც ხდება, არის შესაძლებლობა ჩვენი ერის გაერთიანების და თუ ამას გამოვიყენებთ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მოხდება ბუმი, აღორძინება – სულიერების, ზნეობრიობის, სახელმწიფოებრიობის, ტერიტორიული აღდგენის, გამთლიანების.

გლოვის დღეები რომ დასრულდება, ყველა სახლებში რომ წავალთ, გავაგრძელებთ მერე კვლავ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ, ქრისტეს გული გავუხსნათ?! პატრიარქი სულ მოგვიწოდებდა ზიარებისკენ, მოუკლებელი ლოცვისკენ, სამშობლოს ქრისტესდარი სიყვარულისკენ. ამას თუ გავაკეთებთ, ინტუიციური ერთიანობა გადაიზრდება ჩვენს ნებელობით აქტში და ამას ვერაფერი ვეღარ მოერევა. მოვესწრებით, რომ ვიცხოვროთ აღორძინებულ საქართველოში. თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, მაშინ შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს. უფალმა ასე იცის. ჯერ სიკეთეს გაჩვენებს, თუ ვერ გაიგე, როგორც მამა – გაგვიწყრება. ეს გაწყრომა ადვილი არ არის. ასე გავაგრძელოთ, ერთმანეთის სიმშვიდით და სიყვარულით ცხოვრება და ნახეთ რა მოხდება“, – აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები