ინგლისის სტაციონარებში განთავსებული ათასობით პაციენტების სასტუმროებში გაწერა დროზე ადრე ხდება, რათა კოვიდ ინფიცირებულებისთვის საწოლები გამოთავისუფლდეს

უცხოური მედია წერს, რომ სტაციონარებში განთავსებული ათასობით პაციენტის გაწერა დროზე ადრე ხდება სასტუმროებში  ან საკუთარ სახლებში გადასაყვანად, რათა სიკვდილ-სიცოცხლის პირას მყოფი კოვიდ ინფიცირებულებისთვის საწოლები გამოთავისუფლდეს. ეს ინფორმაცია Guardian-ის რედაქციამ ახლახან მოიპოვა.

ინგლისში მოქმედი საავადმყოფოების დირექტორები პაციენტების დროზე ადრე გაწერას აპირებენ იმ მასშტაბით, რომელიც ისტორიას არც ახსოვს. ეს იმით არის განპირობებული, რომ საჭირო რესურსი გამოთავისუფლდეს ამ საგანგებო ვითარებაში და არ მოხდეს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის სრული ჩამოშლა, აცხადებს ჩვენი წყარო, რომელიც სისტემის ერთერთი მაღალჩინოსანია.

რედაქციის მიერ მოპოვებული დოკუმენტებითაც დასტურდება, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემას მოხუცებულთა სახლებისთვისაც მიუმართავს ტესტის უარყოფითი პასუხის მოთხოვნის გარეშე სტაციონარებიდან სახელდახელოდ გაწერილი კოვიდ ინფიცირებულების მიღების თხოვნით. ერთადერთი დათქმა იმაში მდგომარეობს, რომ მათთან გაგზავნილი პაციენტები იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში იქნებიან და სიმპტომები არ ექნებათ.

ინიციატივას „სახლში ან სასტუმროში“ დაერქვა და ამჟამად სტაციონარებში მყოფი პაციენტების გაწერა დროზე ადრე ხდება. მათ სასტუმროებში დახმარებას მოხალისეთა ორგანიზაციები გაუწევენ, მაგ, წმ. იოანეს სახელობის სასწრაფო-სამედიცინო სამსახური ან ბრიტანული წითელი ჯვრის ორგანიზაცია, შეიარაღებული ძალების საველე სამედიცინო პერსონალი და ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ეროვნული ჯანდაცვის სისტემიდან ამჟამად გამოთავისუფლებულია.

ლონდონის სასტუმროების გაერთიანებამ დაიწყო კოვიდ დადებითი უსახლკარო პაციენტების მიღება. მათთან პაციენტები სამეფო კოლეჯის საავადმყოფოდან გადაჰყავთ, რომელიც სამხრეთ ლონდონში მდებარეობს. მათი განთავსება ხდება Best Western ბრენდულ სასტუმროში კროიდონის მუნიციპალიტეტში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის 20 სხვა სატრასტო ორგანიზაციასთან და, სავარაუდოდ, 5000 საწოლის შეთავაზება მოხდება ამ სქემით.

მთავრობა ოჯახებისგან ელის მნიშვნელოვანი როლისა და ფუნქციის შესრულებას, რადგან მონიტორინგი და ახლობლებზე ზრუნვა საჭირო იქნება დღეებისა და კვირეების განმავლობაში, რაც სხვა დროსა და ვითარებაში სტაციონარებში მოხდებოდა. სახლში ყოფნისას დახმარება ჯანდაცვის პროფესიონალებისგან იქნება უზრუნველყოფილი გამოვლენილი შესაძლებლობის მიხედვით.

„სახლში ან სასტუმროში“ გეგმა ამოქმედდა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოებმა გადატვირთვის საფრთხე დაინახეს, თან მდგომარეობა პიკური არც არის ჯერ. 35000-ზე მეტი კოვიდ პაციენტი იმყოფება სტაციონარში მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაჩვენებელი მზარდია. მხოლოდ გასულ კვირას 6213 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ლიდერები შიშობენ, რომ ვირუსის ახალი შტამი, რომელმაც დრამატულად გაზარდა ინფიცირების ტემპი და მასშტაბი ლონდონში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, ბევრ საავადმყოფოს ამყოფებს შესაძლებლობათა ზღვარზე. მოსალოდნელია, რომ იგივე მოვლენები განვითარდეს  სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში.

ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის განაცდური საათების რეკორდული მაჩვენებელი და მთავრობის მიერ ინიცირებული მასიური ვაქცინაციის პროცესში მედიკოსების მიერ შესრულებული ცენტრალური როლი სისტემის ხელმძღვანელობას აფიქრებინებს, რომ სახლებსა და სასტუმროებში გაწერილ პაციენტებს დიდი ზრუნვის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ძალიან ცოტა მედიკოსი შეძლებს ამ ფუნქციის შესრულებას.

თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ პაციენტის გაწერა არ მოხდება თუ ის რისკის ქვეშ იმყოფება. ამდენად, მათ მხოლოდ მსუბუქი ყურადღება დასჭირდებათ სახლში ან სასტუმროში. „ეს სქემა იმ პაციენტებისთვის არის მოაზრებული, რომლებსაც სტაციონარში ყოფნა არ ესაჭიროებათ, მაგრამ პრინციპულია, რომ დაცულ გარემოში დარჩნენ“ აცხადებს სისტემის წარმომადგენელი ოფიციალური პირი.

ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, ისევე როგორც საავადმყოფოების დირექტორები განუზომელი წნეხის ქვეშ იმყოფებიან და ნიუანსებში იხილავენ „სახლში ან სასტუმროში“ გეგმის ყველა დეტალს. ჯანდასცვის სისტემიდან  ჩვენი წყარო ასევე იუწყება, რომ ეს ინიციატივა ათასობით პაციენტს შეეხება და მასიური ხასიათი ექნება. ეს გეგმა მოფიქრებული იქნა ამ საგანგებო ვითარებაში საჭირო რესურსის გამოსათავისუფლებლად და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოწურული იქნა ყველა სხვა რესურსი, მაგ. რეანიმაციული ადგილების გაორმაგება ან გასამმაგება ცნობილი მისიონერი ფლორანს ნაითინგეილის სახელობის საველე ჰოსპიტლების გამოყენებით.

ლონდონის სასტუმროების გაერთიანება აცხადებს, რომ მისი ობიექტები მინიმუმ 5000 საწოლს შესთავაზებს სტაციონარიდან დროზე ადრე გაწერილ პაციენტებს. აქედან 1500 საწოლი ლონდონშია კონცენტრირებული. გაერთიანების გენერალური დირექტორი მეიერ ნეუები აცხადებს, რომ შეეცდება მათი მართვის ქვეშ მყოფი ყველა ქსელის სასტუმროებში გამოათავისუფლოს საწოლები, რათა ამ კრიტიკულ დროს პოსტ-ჰოსპიტალური ჯაჭვი შეიკრას.

ლონდონის სასტუმროების გაერთიანების პრეს-სპიკერის ინფორმაციით
„სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტები ამ ეტაპზე უკვე გამოჯანმრთელებული ან გამოჯანმრთელების პროცესში არიან. სამედიცინო თვალსაზრისით, მათი გაწერა დასაშვებია და მათ რაიმე სპეციალური სამედიცინო ზედამხედველობა ან სპეციალისტის ყურადღება არ ესაჭიროებათ, თუმცა მათი სახლებში დაბრუნება ჯერ ადრეა. ამ სქემით სტაციონარებში არსებული საწოლების და სამკურნალო პროფილის საკადრო რესურსის გამოთავისუფლება მოხდება, თან სასტუმროებისთვის რთული არ უნდა იყოს მათი დაბინავება“.

თუმცა, ამ გეგმამ წინააღმდეგობები წამოქმნა, რადგან პაციენტების ჯგუფები მის სამომავლო ეფექტსა და გავლენას უფრთხიან. პაციენტების ასოციაციის თავმჯდომარე ლუსი ვატსონი აცხადებს, რომ „სიტუაცია საშიშია, რადგან ეროვნული ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია კარგი არჩევანის შემოთავაზების შესაძლებლობა. საავადმყოფოებიდან პაციენტების დროზე ადრე გაწერა სავარაუდოდ ერთერთია იმ მწირი შესაძლებლობებიდან, რომელიც ამ მასშტაბის დილემისას შეუძლია შემოგვთავაზოს.

პაციენტების დროზე ადრე გაწერამ შეიძლება პრობლემები წარმოქმნას, რაც ზიანის მომტანი   იქნება პაციენტებისთვის და მათი საავადმყოფოებში შემოტრიალება საჭირო გახადოს. მოხალისეების მიერ სასტუმროებში ინფიცირებულებზე ზრუნვა არ არის სტაციონალური მკურნალობის ადეკვატური ალტერნატივა. თუმცა, როდესაც საავადმყოფოები გადავსებულია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებით და მასიურად წარმოებს ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად, აშკარაა, რომ სისტემის წარმომადგენლებს სასოწარკვეთილი არჩევანის გაკეთება უწევთ.”

ჯანდაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციების ქოლგისებური ჯგუფის გენერალური დირექტორი და პროფესიით ექიმი შარლოტ ოგსტი აცხადებს, რომ „კითხვები არსებობს იმის თაობაზე, თუ საიდან მოხდება ამ გაწერილი პაციენტების დამხმარე და მკურნალი კადრების უზრუნველყოფა და როგორ მოხდება ხარვეზების აღმოფხვრა, როდესაც ცხელი ხაზი 111 ან 999 დიდი შეფერხებებით მუშაობს.

ჩვენი აზრით, ეს შემოთავაზება იმას ცხადყოფს, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ლიდერებს უწევთ შეუძლებელი გადაწყვეტილებების მიღება იმ უდიდესი წნეხის პირობებში, რომელიც სისტემაში არსებობს ამ ახალი ლოქდაუნის დროს. ახლა უკვე ძალიან გვიანია ეროვნული ჯანდაცვის სისტემის დაცვა და საყოველთაო ჯანდაცვის მიზნით მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა“.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯერემი ჰანტი, რომელიც ახლა თემთა პალატის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, სამშაბათს აცხადებდა, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემა „სამმაგი დილემის“ წინაშე იმყოფება და სახიფათო მდგომარეობა იქმნება წლევანდელ ზამთარს, რადგან თებერვლამდე გაიწელება და აზვირთდება დატვირთვა“.

ეროვნული ჯანდაცვის სისტემის პროვაიდერების გენერალური დირექტორი კრის ჰოპსონი აცხადებს, რომ სატრასტო ორგანიზაციები გააფართოებენ შესაძლებლობებს, თუმცა „სათემო ორგანიზაციებთან და სოციალური ზრუნვის სფეროში მოქმედ პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობა იქნება საჭირო გაწერილი პაციენტების საჭიროებათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისთვის“.

ამასობაში, ეროვნული ჯანდაცვის სისტემა მოხუცებულთა სახლებს სთხოვს კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიღების დაწყებას უშუალოდ საავადმყოფოებიდან, თან ტესტის პასუხის მოთხოვნის გარეშე. ეს ინფორმაცია Guardian-ის რედაქციამ ახლახანს მოიპოვა.

პოლიტიკა შემდეგში მდგომარეობს: კოვიდ ინფიცირებული პაციენტების გაწერა მოხდეს საგანგებოდ მონიშნულ მოხუცებულთა სახლებში, სადაც ინფიცირების შესაძლებლობა შეზღუდულია და ამგვარად აღიკვეთოს გასული წლის გაზაფხულზე მოხუცებულთა სახლებში განვითარებული მოვლენები, რაც ნაწილობრივ სწორედ სტაციონარებიდან პაციენტების გაწერით იყო გამოწვეული. თავიდან გეგმა გულისხმობდა 500 ამგვარი ობიექტის მოძიებას, თუმცა, ამჟამად მხოლოდ 2533 საწოლია ხელმისაწვდომი.

ეროვნული ჯანდაცვის სისტემის დოკუმენტი, რომელიც ზოგიერთ ამგვარ დაწესებულებას დაეგზავნა, იუწყება, რომ „ჩვენი ამჟამინდელი მოწოდებაა ჯგუფის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ობიექტმა უშუალოდ სტაციონარებიდან მიიღოს დროზე ადრე გაწერილი პაციენტები… რადგან ამჯერად დანამდვილებით ვიცით, რომ ისინი ინფიცირების რისკის მატარებლები არ არიან და თქვენი მოხუცებულთა სახლების ამჟამინდელი ბინადრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ“.

თუ კლინიცისტები პაციენტს ახალ სიმპტომებს არ დაუდგენენ და იზოლაციის პერიოდი ამეწურებათ, სტაციონარებიდან მათი დროზე ადრე გაწერა შესაძლებელი იქნება პირდაპირ მოხუცებულთა სახლებში და ამისთვის ბოლო 48 საათში ტესტის ჩატარება ან უარყოფითი პასუხი არ იქნება საჭირო.

ამ გეგმამ შეშფოთება გამოიწვია ხსენებული ობიექტების ადმინისტრაციებში, რომლებსაც გარანტიები სჭირდებათ მასზედ, რომ სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტები არ იქნებიან გადამდები თავდაპირველი ტესტის დადებითი პასუხიდან 14 დღის თავზე.

„უკვე განვაცხადეთ და განვმეორდებით, რომ მყარი კლინიკური მტკიცებულება გვჭირდება“ აცხადებს ეროვნული ზრუნვის ასოციაციის აღმასრულებელი თავმჯდომარე ნადრა ამედი. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი ობიექტების ოპერატორების მოსაზრებებსა და ინტერესებს. „ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენთან სტაციონარიდან შემოსული კოვიდ ინფიცირებული პაციენტი აღარ არის გადამდები“.

ორგანიზაცია Care England-ის გენერალური დირექტორი, პროფ. მარტინ გრინი, რომელიც კერძო სერვისების პროვაიდერების მოსაზრებებსა და ინტერესებს წარმოადგენს, აცხადებს: „მთავარი ის არის, რომ მოხუცებულთა სახლებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და საავადმყოფოებმა მათზე წნეხი არ უნდა იქონიონ.”

კომენტარებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის სამინისტროსაც მივმართეთ, თუმცა, ამაოდ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები